Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი მაისში გაყიდვების 48.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საინვესტიციო ბანკის განმარტებით, 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული.
მაისში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა – მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში 671 ერთეულს უტოლდება. შემდეგ მოდის სამგორი, სად გაყიდული ბინების რაოდენობაც 440-ს გაუტოლდა. მას კი, მაისში გაყიდული 304 ბინით, გლდანი მოჰყვება.
ბინების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდასა და ვაკეშია, შესაბამისად, კვადრატული მეტრის ღირებულება $2,844-სა და $2,467-ს შეადგენს. მათ მოსდევს ჩუღურეთი, სადაც საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე $1,746-ს უტოლდება.
რაც შეეხება ქირას, მისი საშუალო ღირებულება ყველაზე მაღალი ვაკეშია და კვადრატულ მეტრზე $14.3-ს შეადგენს. შემდეგ მოდის მთაწმინდა $11.9-ით, მას კი მოსდევს საბურთალო $10.6-ით. თბილისის დანარჩენი უბნების შემთხვევაში ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე $10-ზე ნაკლებია.
უძრავი ქონების გაყიდვების მახასიათებლები 2025 წლის მაისის მდგომარეობით

ფასები მოცემულია პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებისთვის.