რა ღირს „ოქროს ბარათით“ აშშ-ის „კანონიერი მუდმივი რეზიდენტობის“ უფლების მიღება?

რა ღირს „ოქროს ბარათით“ აშშ-ის „კანონიერი მუდმივი რეზიდენტობის“ უფლების მიღება?

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივან ჰოვარდ ლუტნიკის მიერ ინიციირებული კანონმდებლობით, ახლა უკვე აშშ-ის მოქალაქეობის მსურველები ქვეყანაში „კანონიერი მუდმივი რეზიდენტობის“ უფლებას $1 მილიონად მიიღებენ. $5 მილიონის გადახდის სანაცვლოდ კი, აშშ-ში 270 დღემდე ცხოვრებას, არაამერიკული შემოსავლის გადასახადების გარეშე შეძლებენ.

ლუტნიკის კანონმდებლობა ხაზინისთვის, სულ მცირე $100 მილიარდის მოზიდვას ისახავს მიზნად. ე.წ. „ოქროს ბარათებით“, განმცხადებლები, კანონიერი მუდმივი რეზიდენტის სტატუსს EB-1 ან EB-2 სავიზო კატეგორიების მეშვეობით მიიღებენ. EB ვიზები, რომლებიც ასევე „აინშტაინის ვიზების“ სახელითაა ცნობილი, „განსაკუთრებული შესაძლებლობების“ ან მაღალი პროფესიული ხარისხის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი.

„ოქროს ბარათების“ აღების პროცესი მარტივია: ვიზაზე განაცხადის მსურველებმა რეგისტრაცია ონლაინ, TrumpCard.Gov-ზე უნდა გაიარონ და კითხვარი შეავსონ. რეგისტრაციის შემდეგ,  განმცხადებლებს, მათი ისტორიის შესამოწმებლად, შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური დაუკავშირდება.

ფიზიკური პირებისთვის „ოქროს ბარათების“ ღირებულება $1 მილიონია, ხოლო კომპანიებისთვის – $2 მილიონი. ასევე, ამ ბარათების თანამშრომლებისთვის გადაცემა, კომპანიებს შემდგომში, დამატებით საფასურის გარეშე შეეძლებათ.

უახლოეს მომავალში გამოვა „პლატინიუმ ბარათიც“, იგივე Trump Platinum Card-ი, რომლის ფასიც $5 მილიონია. „პლატინიუმ ბარათი“ მფლობელებისთვის აშშ-ის მუდმივი რეზიდენტობის უფლების გარდა, 270 დღემდე არა-ამერიკული შემოსავლის გადასახადების გარეშე ცხოვრებას უზრუნველყოფს. Platinum Card-ი მდიდარი უცხოელი რეზიდენტების მოსაზიდად და ამავდროულად გლობალური შემოსავლის შიდა დაბეგვრისგან დასაცავადაა შექმნილი.

მიუხედავად ბართებზე რეგისტრაციის დაწყებისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი იმიგრაციის კანონმდებლობა ვიზების გაყიდვას კრძალავს. გამომდინარე აქედან, დიდი შანსია, რომ აშშ-ის რეზიდენტობის უფლების გაყიდვაზე ტრამპის „ცალმხრივი“ გადაწყეტილება სასამართლო დავის საგანი გახდეს.