Apple-ის, Google-ისა და Amazon-ის მსგავსი ჭკვიანი საათები დროთა განმავლობაში დაბალტექნოლოგიური მოწყობილობებიდან ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ხელსაწყოებად იქცევიან. თუკი ასეთ საათებს წარსულში მხოლოდ ნაბიჯების დათვლა შეეძლოთ, ახლა მათი შესაძლებლობები ბევრად დიდია.
მართალია, ფიტნესისა და სხვა ვარჯიშის მონაცემებისათვის თვალყურის დევნება პირადი გამოყენებისათვის სასარგებლო და სახალისო პროცესია, მაგრამ კოვიდ-19-მა საზოგადოებას სხვა საჭიროებებიც დაანახა. ციფრული ჯანდაცვის ეკოსისტემაში სულ უფრო იზრდება ინტერესი სამედიცინო მონაცემების უფრო ფართო სპექტრში ჩართვასთან დაკავშირებით. მაგალითად, პანდემიამ და კოვიდით დაავადებული პაციენტების თვალყურის დევნების აუცილებლობამ დისტანციური ტელეჯანმრთელობის სერვისების დრამატული ზრდა გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ ექიმებისა და კლინიკებისათვის ინდივიდუალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ელექტრონული სამედიცინო ისტორიის ტოლფასი გახდა.
სმარტსაათების მსგავსი პროდუქტების ბაზარმა ზრდა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. დღეს კი უკვე გვაქვს მოცემულობა, სადაც ამერიკელთა 30%-ს უკეთია ისეთი ხელსაწყო ან სმარტსაათი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს არა მხოლოდ გავლილ კილომეტრებს, არამედ აკონტროლოს და გადასცეს გულისცემის რიტმის მონაცემები, არტერიული წნევა, სხეულის ტემპერატურა, სისხლში შაქრის დონე, ძილის ხარისხი და ყველაზე მნიშვნელოვანი – კოვიდ-19-ის ადრეული სიმპტომებიც კი.
შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია FitBit-ი გახლდათ. მან პირველმა დაიწყო კალორიების კონტროლი თუ გავლილი კილომეტრების დათვლა. დროთა განმავლობაში ტექნოლოგიაც დახვეწეს და ბიოსენსორების დამატებით განვითარდნენ კიდეც. იანვარში კი აღნიშნული კომპანია Alphabet-მა 2.1 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა.
Apple-მა ამ ბაზარზე შედარებით გვიან, 2015 წელს შეაბიჯა, როდესაც პირველი საკუთარი სმარტსაათი, Apple Watch-ი წარადგინა. მოგვიანებით კი, სერვისის გასაუმჯობესებლად, Nike-თან, Strava-სა და Adidas-თან თანამშრომლობაც გადაწყვიტა. 2020 წელს Apple Watch-ების გაყიდვით კომპანიამ 13 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.