რა ჯდება ოლიმპიადის მასპინძლობა?

რა ჯდება ოლიმპიადის მასპინძლობა?

Visual Capitalist-მა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების მიერ გაღებული დანახარჯები ერთმანეთს შეადარა, რისთვისაც სხვადასხვა წყაროს მონაცემებზე წვდომა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) მეშვეობით მიიღო. მონაცემები, ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის აშშ დოლარშია დაანგარიშებული და 1996 წელს, ატლანტაში გამართული ოლიმპიადიდან მოყოლებულია დათვლილი.

პარიზს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ცნობისთვის, გასული ღონისძიების ხარჯმა, რომელიც 2020 წლის ნაცვლად კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში 2021 წელს ჩატარდა, 35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

1996 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი თანხა, 59.7 მილიარდი აშშ დოლარი, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გასამართად დაიხარჯა. ღონისძიება 2014 წელს ჩატარდა. ყველაზე ნაკლები თანხა კი, 2.9 მილიარდი აშშ დოლარი, 2002 წელს გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაიხარჯა, რომელსაც აშშ-ის ქალაქმა სოლტ-ლეიკ-სიტიმ უმასპინძლა.

ოლიმპიადის მასპინძლობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი ინფრასტრუქტურაა. ეს მოიცავს სპორტულ ობიექტებს, როგორიცაა არენები და ზოგად ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საცხოვრებლები და ტრანსპორტი. ჩვეულებრივ, ხარჯები გაცილებით მეტია ზაფხულის ოლიმპიადების შემთხვევაში, რომლებიც ასობით ათას ტურისტს იზიდავს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მასპინძელ ქალაქებს სთხოვს, ჰქონდეთ მინიმუმ 40 000 სასტუმრო ოთახი მაყურებლისთვის და ოლიმპიური სოფელი, რომელშიც 15 000 სპორტსმენი და ოფიციალური პირი განთავსდება. შედეგად, მილიარდობით დოლარის შემოსავლის მიუხედავად, ოლიმპიურმა თამაშებმა შესაძლოა უარყოფითი კვალი დატოვოს მასპინძელ ქალაქზე, თუ პროექტები ყურადღებით არ არის დაგეგმილი ან განხორციელებული.

ამის ნათელი მაგალითი სოჭის ოლიმპიადაა. ბირმინგემის უნივერსიტეტის მოხსენებით დადგინდა, რომ ყველაზე ძვირად ღირებულმა ოლიმპიადამ – სოჭი 2014-მა, კურორტზე მოთხოვნისა და განვითარების დონისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა დატოვა. ანგარიშის შეფასებით, მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებაა საჭირო, უფუნქციოდ დარჩენილი ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად, მათ შორისაა სატრანსპორტო ქსელები, სპორტული სივრცეები და სასტუმროები.

წელიქვეყანაქალაქიზაფხული/ზამთარიღირებულება (2021 წლის აშშ დოლარი)
1996🇺🇸 ა.შ.შ.ატლანტაზაფხული4.2 მილიარდი
1998🇯🇵 იაპონიანაგანოზამთარი17.9 მილიარდი
2000🇦🇺 ავსტრალიასიდნეიზაფხული8.1 მილიარდი
2002🇺🇸 ა.შ.შ.სოლტ-ლეიკ-სიტიზამთარი2.9 მილიარდი
2004🇬🇷 საბერძნეთიათენიზაფხული18.7 მილიარდი
2006🇮🇹 იტალიატურინიზამთარი5.3 მილიარდი
2008🇨🇳 ჩინეთიპეკინიზაფხული52.7 მილიარდი
2010🇨🇦 კანადავანკუვერიზამთარი8.9 მილიარდი
2012🇬🇧 გაერთიანებული სამეფოლონდონიზაფხული13.3 მილიარდი
2014🇷🇺 რუსეთისოჭიზამთარი59.7 მილიარდი
2016🇧🇷 ბრაზილიარიოზაფხული13.0 მილიარდი
2018🇰🇷 სამხრეთ კორეაფიონგჩანგიზამთარი15.4 მილიარდი
2020🇯🇵 იაპონიატოკიოზაფხული35.0 მილიარდი