რა ხდება ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და GEORGIA CAPITAL-ს შორის — დავის სრული ისტორია

რა ხდება ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და GEORGIA CAPITAL-ს შორის — დავის სრული ისტორია

2019 წელს საქართველოს კაპიტალმა  ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლისაგან ორი სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის (BGA-სა) და თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის (BIST-ის) 70% შეისყიდა. ხელშეკრულების დადებიდან 6 წლის თავზე პარტნიორებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია: საქართველოს კაპიტალს დამფუძნებლისა და 30%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, ნათია ჯანაშიას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ახალი დირექტორის დანიშვნა სურს, თავად ნათია ჯანაშიას კი — ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გასვლა და 70%-ის დაბრუნება. საქმიანი ურთიერთობების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლა, დავა განსაკუთრებით მძაფრი ბოლო დღეებში გახდა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ბრიტანულ-ქართული აკადემია

2019 წელს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70% Georgia Capital-ში შემავალმა საქართველოს განათლების ჯგუფმა $10 მილიონად შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდაც იქნება გაცხადებული ლონდონის საფონდო ბირჟაზე. მაშინ პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ საგანმანათლებლო სფეროში ერთად განახორციელებდნენ ახალ პროექტებს.

საქართველოს განათლების ჯგუფი განათლების სექტორში ინვესტიციებს 2019 წლიდან ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, მასში შემავალ 8 სკოლაში 6,000-მდე მოსწავლე სწავლობს. ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარდა, საქართველოს განათლების ჯგუფი ფლობს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის 80%-იან წილს და მწვანე სკოლის 80%-90%-იან წილს — კამპუსების მიხედვით.

ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი 2019 წელს ამბობდა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა საქართველოს კაპიტალის სამომავლო გეგმების განხორციელებაში საგანმანათლებლო მიმართულებით: “გვჯერა, რომ სკოლის მენეჯმენტთან თანამშრომლობით, წარმატებით შევძლებთ საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებას და საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას.“

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი ნათია ჯანაშია აცხადებდა, რომ პარტნიორობის შესახებ შეთანხმება დაეხმარებოდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, სკოლის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განევითარებინა და კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის შეეთავაზებინა მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები.

საქართველოს კაპიტალის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა, წერია, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემია და საქართველოს კაპიტალი არსებული სკოლის გაფართოებას და დამატებით ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავენ და მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა 3,350 მოსწავლის მიღებას შეძლებს”.

სადავო საკითხები: ახალი კამპუს(ებ)ი და დირექტორის პოზიცია

2019 წლის 6 მაისს მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ საქართველოს კაპიტალი, მეორეს მხრივ —  ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე (ნათია ჯანაშიას მეუღლე).

რას ამბობენ აკადემიის დამფუძნებლები

ნათია ჯანაშია აცხადებს, რომ მემორანდუმის თანახმად, საქართველოს კაპიტალს ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მისი თქმით, საქართველოს კაპიტალს არ გაუკეთებია არანაირი ფულადი ინვესტიცია და არცერთი კამპუსი არ აშენებულა.

ნათია ჯანაშია

“საქართველოს კაპიტალი დაახლოებით 5-6 წლის წინ ჩვენთან მოვიდა შეთავაზებით, რომ უნდოდათ ინვესტიცია განეხორციელებინათ ორი ახალი კამპუსის მშენებლობისთვის, რომელიც ლისისა და ოქროყანის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, წილის ნასყიდობის სანაცვლოდ. ჩვენ აქტიურად ინვესტორს არ ვეძებდით, შესაბამისად რამდენჯერმე უარით გავისტუმრეთ. შემდეგ, დაგვაინტერესა სწრაფი ზრდის შესაძლებლობამ და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ”, — ამბობს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი.

აკადემიის წარმომადგენლის სიტყვებით, დავის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ასევე ორი გარემოება:

  • სკოლამ ოქროყანის მიწაზე წინასამშენებლო სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი ხარჯი ისე გასწია, რომ მიწა საწესდებო კაპიტალში დღემდე არაა შეტანილი. 
  • ნათია ჯანაშიას 19 წლის მანძილზე სკოლიდან ერთხელაც არ გაუტანია დივიდენდი და ფინანსურ მოგებას რეინვესტირების გზით სრულად ახმარდა სასკოლო საზოგადოების განვითარებას.

რას ამბობს საქართველოს კაპიტალი

საქართველოს კაპიტალი აცხადებს, რომ შეთანხმებაში ოქროყანის პროექტი ნახსენები არაა. ნახსენებია ახალი კამპუსის გახსნა, ხოლო მემორანდუმში მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კაპიტალი და ნათია ჯანაშია ერთობლივად, წილების პროპორციულად განახორციელებდნენ ინვესტიციას – მშენებლობის ეტაპების მიხედვით. ასევე, მათი თქმით, მცდარია იმაზე აპელირება, თითქოს საქართველოს კაპიტალი წილის სანაცვლოდ დაჰპირდა პარტნიორს ორი ახალი კამპუსის აშენებას: “წილის სანაცვლოდ საქართველოს კაპიტალმა გადაიხადა 29 მილიონი ლარი (10 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ორი ახალი კამპუსის პროექტი ყველა მეწილეს ერთად, წილების პროპორციული თანაინვესტირებით უნდა განეხორციელებინათ”

ნათია ჯანაშია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სკოლამ ამ პერიოდის განმავლობაში 38 მლნ ლარი ჩადო სასწავლო სივრცის გასავითარებლად და ამ ინვესტიციებს “მაინც განახორციელებდნენ,  საქართველოს კაპიტალი  წილში რომც არ შემოსულიყო”. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ აკადემიის 30%-ის მფლობელი პარტნიორები რამდენჯერმე შეეცადნენ არსებული ვითარების მოლაპარაკების გზით დარეგულირებას: “შევთავაზეთ, ეს წილი შეფასებულიყო დიდი ოთხეულის წევრი რომელიმე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ და განსაზღვრულიყო წილის სამართლიანი, რეალური საბაზრო ღირებულება. თუმცა ამ შეთავაზებაზე ირაკლი გილაურმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა”, — აცხადებს აკადემიის წარმომადგენელი.  

ნათია ჯანაშიამ ირაკლი გილაურსა და საქართველოს განათლების ჯგუფის დირექტორს, გიორგი კეთილაძეს გენერალურ პროკურატურაშიც უჩივლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მოტყუებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების დაუფლება)  ჩადენის მოტივით. საჩივარში ნათქვამია, რომ ირაკლი გილაურისა და მისი წარმომადგენლის, გიორგი კეთილაძის მიერ არაერთხელ ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ახალი სკოლები უნდა აშენებულიყო იმ მომენტში საქართველოს კაპიტალის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ოქროყანაში და ოქროყანის მიწა ნულოვანი საინვესტიციო ღირებულებით გადაეცემოდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას. ნათია ჯანაშიას ადვოკატის მტკიცებით,  საქართველოს კაპიტალს მიწის გადაცემის გეგმა დეტალურ საინვესტიციო მოდელშიც აქვს დაფიქსირებული. ნათია ჯანაშიას განცხადებაზე დაყრდნობით პროკურატურამ საქმის წარმოების დაწყებაზე უარი თქვა.

“დღეს საქართველოს კაპიტალი უარს ამბობს ოქროყანის მიწის წინასწარ შეთანხმებული პირობით გადაცემაზე. ნათია ჯანაშიას მხრიდან არაერთი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ საქართველოს კაპიტალმა გადაწყვიტა ოქროყანის მიწით მანიპულირება და იძულების წესით შეეცადა მიწის სკოლის კაპიტალში შეტანას, თანაც ისეთი პირობით, რომელიც ნათია ჯანაშიას კუთვნილი 30%-ის მითვისებასაც გამოიწვევდა”, — აცხადებს ნათია ჯანაშიას ადვოკატი.

განათლების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ჯგუფმა 27 მილიონი ლარის რეინვესტირება მოახდინა აკადემიაში და ეს თანხა მის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ხოლო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება “ნათია ჯანაშიას არაეფექტური მართვის გამო შეფერხდა”.

მხარეებს შორის კიდევ ერთი სადავო საკითხი ორგანიზაციის დირექტორის პოზიციაა. ნათია ჯანაშია აღნიშნავს, რომ პარტნიორთა შეთანხმებაში ან ხელშეკრულებაში ეს საკითხი შეტანილი საერთოდ არ ყოფილა და მან ამის შესახებ მხოლოდ 2024 წლის მარტში შეიტყო. საქართველოს კაპიტალის განცხადებით კი, შეთანხმება იმის შესახებ, რომ ნათია ჯანაშია 2024 წლის პირველ ივნისამდე იქნებოდა დირექტორის პოზიციაზე ახალი პროექტებზე მოლაპარაკებების პარალელურად შედგა. მათი თქმით, შეთანხმება გაწერილი იყო მთავარ წილის ნასყიდობის და პარტნიორობის ხელშეკრულებაში და როგორც ნათია ჯანაშიამ, ასევე დავით ცეცხლაძემ იცოდნენ, რომ 5 წლის ვადით დარჩებოდნენ შესაბამის პოზიციებზე.

“ნათია ჯანაშიას შევთავაზეთ, მისი დანიშვნის ვადის ამოწურვის შემდგომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის მართვა გადასცემოდა გარე კომპეტენტურ პირს, რომელიც ფლობს ძალიან ფართო საერთაშორისო გამოცდილებას ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში. ვწუხვართ, რომ პასუხად მივიღეთ სკოლისთვის საზიანო და შეცდომაში შემყვანი საჯარო განცხადებები, რომელთა გავრცელებაც დირექტორის თანამდებობის შენარჩუნებისკენ მიმართული მცდელობაა”, — აცხადებდა 2024 წლის მაისში საქართველოს განათლების ჯგუფი. აქვე აღნიშნულია, რომ “განათლების სფეროში მათი სხვა პარტნიორებისგან განსხვავებით, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი, ნათია ჯანაშია მნიშვნელოვნად ჩამორჩა ინვესტიციების შეთანხმებული განხორციელების ტემპს”.

ვინ განიხილება ახალი დირექტორის პოზიციაზე?

იოჰან ვან ლილი
იოჰან ვან ლილი

ზემოთმოყვანილ განცხადებაში დაფიქსირებული იყო, რომ საქართველოს განათლების ჯგუფს საკუთარ კანდიდატს განიხილავდა მმართველ პოზიციაზე. საუბარია იოჰან ვან ლილიზე, რომელიც სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტი და კომუნიკაციის სპეციალისტია. არის საკონსულტაციო კომპანია Van Lill and Jovner Consulting-ის დამფუძნებელი.

ნათია ჯანაშია აცხადებდა, რომ ახალი დირექტორის დანიშვნას შეიძლება სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის (COBIS) საფრთხე შეექმნა. COBIS-ის წევრის სტატუსის შესანარჩუნებლად, სკოლებმა უნდა დაიცვან ორგანიზაციის მიერ დადგენილი გარკვეული სტანდარტები. ეს სტანდარტები მოიცავს ლიდერობის, მენეჯმენტისა და განათლების სხვადასხვა ასპექტს. სკოლებმა ასევე უნდა აჩვენონ გამჭვირვალობა ორგანიზაციის მართვისა და დასაქმების პრაქტიკაში. “თუ მოქმედი დირექტორის გადაყენება და ახალი დირექტორის იძულების წესით დანიშვნა  დასაქმების სათანადო პროცედურების, მათ შორის კანდიდატების მონაცემების სათანადო შემოწმების გარეშე განხორციელდება, ეს  ვერ დააკმაყოფილებს COBIS-ის სტანდარტებს გამჭვირვალობისა და უსაფრთხო რეკრუტირების თვალსაზრისით”, – ამბობდა BIST-ის აკადემიური დირექტორი, სტივენ პრისტი.

აკრედიტაციის დაკარგვასთან დაკავშირებული შეშფოთების საპასუხოდ, საქართველოს განათლების ჯგუფმა COBIS-ს მიმართა, შემდეგ კი მათგან მიღებული ოფიციალური წერილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთვის მისაღებია ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატურა და მისი დანიშვნის შემთხვევაში სკოლას COBIS-ის აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხე არ დაემუქრება. საქართველოს კაპიტალი დამატებით აღნიშნავს, რომ შერჩევის ეტაპი ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტებით: “გარდა COBIS-თან კომუნიკაციისა, შერჩევის ეტაპზე მოვიპოვეთ არაერთი მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო წერილი ამ სფეროში მაღალი კვალიფიციური რეკომენდანტების მიერ”.

დირექტორის შეცვლის მცდელობა პირველ ჯერზე სასამართლომ შეაფერხა. მიმდინარე დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებს გადაწყვეტილება  ურთიერთშეთანხმებით უნდა მიეღოთ. სასამართლოს განჩინების გამო პარტნიორთა კრებაზე საქართველოს კაპიტალმა მის მიერ ინიციირებულ ამ და სხვა საკითხებზე გადაწყვეტილება ვეღარ მიიღო. საქართველოს კაპიტალმა სასამართლოს მიერ გამოყენებულ დროებით ზომას “სამწუხარო ფაქტი” და “საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა” უწოდა. შემდგომ ამავე სასამართლომ ზემდგომი სასამართლოს – სააპელაციო სასამართლოს მითითებებით, გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება. უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ კი ნათია ჯანაშიამ სარჩელი გაიხმო და ამ დავაზე სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

რა ხდება ახლა 

12 თებერვალს ჩანიშნული იყო პარტნიორთა კრება, რომელზეც კიდევ ერთხელ უნდა განხილულიყო ნათია ჯანაშიას გადაყენებისა და დირექტორად იოჰან ვან ლილის დანიშვნის საკითხი. ნათია ჯანაშიამ კრების გადადების თხოვნით მიმართა პარტნიორებს, მიზეზად კი ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა. კრების გამართვა  პარტნიორებს შორის კიდევ ერთ სადავო საკითხად იქცა. საქართველოს კაპიტალი აღნიშნავს, რომ “სკოლის შენობასთან მისულ ნოტარიუსს, რომელიც კრებაზე იყო მოწვეული საქართველოს განათლების ჯგუფის – როგორც მაჟორიტარი პარტნიორის მიერ, ნათია ჯანაშიას დავალებით უარი უთხრეს სკოლის ტერიტორიაზე შესვლაზე. ამიტომ, პარტნიორთა კრება ჩატარდა ნოტარიუსის მონაწილეობის გარეშე, თუმცა, კომპანიის წესდების და კანონის შესაბამისად – ყველა წესის დაცვით”.

საქართველოს განათლების ჯგუფმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კრების ოქმით მიმართა, რომლის მიხედვითაც დირექტორად  იოჰან ვან ლილი დაინიშნა. 

ნათია ჯანაშია აცხადებს, რომ ეს კანონიერ მოქმედებად ან კრებად ვერ ჩაითვლება. ბრიტანულ-ქართული აკადემიის სამართლებრივი წარმომადგენლის, იმედა დვალიძის სიტყვებით, “პარტნიორთა კრება არ შედგა. შესაბამისად, არანაირი გადაწყვეტილება, რომელსაც რამე ლეგალური შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა არ მიღებულა. “საქართველოს კაპიტალს“ ჰქონდა მცდელობა, მათთვის ჩვეული ქცევით, კანონისა და პროცედურების სრული უგულებელყოფით, ისე შეეფუთა ეს ამბავი, რომ თითქოს კრება ჩატარდა და საჯარო რეესტრს მოსთხოვეს კიდეც დირექტორის ცვლილება, თუმცა არშემდგარ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ვერ დააკმაყოფილდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ ახალი დირექტორის რეგისტრაციაზე რეესტრისგან მიიღეს დასაბუთებული უარი” 

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ-ქართული აკადემიის Facebook გვერდზე გავრცელდა ნათია ჯანაშიას მხარდასაჭერი განცხადებები ქართული აკადემიის თანამშრომლებისა და მშობლების სახელით. ასეთივე განცხადებები გავრცელდა თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრების მიერ.

“ის, რაც მშობლებს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გვიზიდავს, რასაც ვაფასებთ და რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს – შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა”, — ნათქვამია მშობლების განცხადებაში. თანამშრომლების განცხადებაში კი წერია, რომ “უაღრესად იმედგაცრუებულნი არიან მოსალოდნელი ცვლილებების გამო და ხმამაღლა გამოხატავენ სურვილს, ქალბატონი ნათია დარჩეს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე.”

საქართველოს კაპიტალის შეფასებით, აკადემიის მფლობელებს შორის დავამ, სამწუხაროდ,  სრულიად მიუღებელი ფორმები მიიღო. კომპანია აღნიშნავს, რომ “სახეზეა სკოლის, მისი პერსონალის, მოსწავლეების, მათი მშობლების დავაში მხარედ ჩართვის და მათზე ზეწოლის მოხდენის კიდევ ერთი მცდელობა, რაც სრულიად დაუშვებელია. დავა არის სამართლებრივი პროცესი და ისე უნდა დასრულდეს, რომ სკოლის, პირველ რიგში კი, მისი მოსწავლეების ინტერესი იყოს ხელშეუხებელი. დავის ყველა ეტაპზე სკოლის მაჟორიტარი წილის მფლობელი კომპანია მუდმივად ცდილობდა, რომ დავა არ შეხებოდა სკოლას. ამიტომ, ყოველთვის თავს იკავებდა უსაფუძვლო ბრალდებებზე საჯაროდ პასუხის გაცემისგან”.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  საქართველოს განათლების ჯგუფი აცხადებს, რომ აქვს  გეგმები სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ღიად განიხილავს: “ვგეგმავთ არსებულ პერსონალთან სამომავლო წარმატებულ თანამშრომლობას, სკოლისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, იგეგმება დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაც”.

“მე, როგორც დირექტორი და როგორც დამფუძნებელი პარტნიორი, არ შევწყვეტ ბრძოლას იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც სკოლას აქვს დასახული” — ნათქვამია ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აკადემიის წარმომადგენლის განცხადებით, სკოლა ბოლომდე გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. იმედა დვალიძე აცხადებს, რომ “შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები დაწყებულია დიდ ბრიტანეთშიც საქართველოს კაპიტალის დედა კომპანიის წინააღმდეგ” 

როგორც ჩანს, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და საქართველოს განათების ჯგუფს შორის არსებული უთანხმოება ამოწურვისაგან საკმაოდ შორსაა. Forbes ამ ამბის განვითარებას დროდადრო შეგატყობინებთ.