რა ხდება ლოს-ანჯელესში? | ტრამპმა ეროვნული გვარდიის სამხედროების მობილიზაციის ბრძანება გასცა

რა ხდება ლოს-ანჯელესში? | ტრამპმა ეროვნული გვარდიის სამხედროების მობილიზაციის ბრძანება გასცა

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში იმიგრაციისა და საბაჟო დაწესებულების მიერ ჩატარებულ დაკავებების ოპერაციებს ათასობით იმიგრანტი აპროტესტებს. საპროტესტო ტალღა ლოს-ანჯელესში მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრთან დაიწყო, როდესაც რამდენიმე ასეული იმიგრანტი დემონსტრაციისთვის შეიკრიბა.

დროთა განმავლობაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო და ვითარება უკონტროლო გახდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მდგომარეობის გამწვავებასთან ერთად დონალდ ტრამპმა წესრიგის დასამყარებლად ეროვნული გვარდიის 2,000-მდე სამხედროს მობილიზაციის ბრძანება გასცა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ბრძანება ათწლეულების განმავლობაში პირველია, როდესაც ეროვნული გვარდიის ჩართვა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენაში შტატის გუბერნატორის თანხმობის გარეშე განხორციელდა. კალიფორნიის შტატის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი ტრამპის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ადმინისტრაციას მოუწოდებს, ვითარებაზე კონტროლის მექანიზმი კვლავ შტატს დაუბრუნოს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საიმიგრაციო სამსახურის შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო დადგენილების საფუძველზე, პარასკევს, ერთ-ერთ უბანში რამდენიმე ჩხრეკა ჩაატარა. ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისა და აშშ-ის პროკურორის ოფისის განმარტებით, არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე დამსაქმებელი საკუთარი დასაქმებულებისთვის ყალბ დოკუმენტაციას იყენებდა.

ადგილზე შეკრებილმა ჯგუფმა სამართალმდაცველებს ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცა, რასაც ესკალაცია მოჰყვა. ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ კვირას ჩატარებული ოპერაციების შედეგად ჯამში 118 იმიგრანტი დააკავეს, მათ შორის 44 – პარასკევს ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ფედერალური სამთავრობო შენობების წინ შეკრებილი მომიტინგეები დაკავებული იმიგრანტების გათავისუფლებას მოითხოვენ.