ფოტო: Wild Hornets
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, უკრაინული წარმოების გზაგადამჭრელ დრონებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გზაგადამჭრელი კამიკაძე დრონების შექმნა, წარმოება და განვითარებაა.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაგადამჭრელი დრონები კომპანია Wild Hornets-ს ეკუთვნის. აღნიშნული სამხედრო-სამრეწველო კომპანიის შექმნილ დრონებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები რუსული კამიკაძე დრონების გასანეიტრალებლად იყენებენ.
გზაგადამჭრელი დრონების ტექნოლოგია სამხედრო საქმეში საიხლეს წარმოადგენს და მისი ეფექტიანობა უკრაინაში მიმდინარე ომში უკვე რამდენიმე წელია, იტესტება. ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების გასანეიტრალებლად რამდენიმემილიონიანი რაკეტების გამოყენების სიხშირემ, რეგიონის სახელმწიფოებს უფრო დაბალბიუჯეტიანი ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგა. მაღალტექნოლოგიური გზაგადამჭრელი დასავლური რაკეტების გამოყენება ამოწურვადი რესურსია და ფინანსური ხელმისაწვდომობის მიუხედავად, შესაძლოა დეფიციტური აღმოჩნდეს. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოები აღნიშნული პრობლემის წინაშე უკვე დგანან.
გზაგადამჭრელი უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გამოყენების ინტერესი არაერთმა არაბულმა სახელმწიფომ გამოთქვა და შესაბამისი უკრაინული ჯგუფები ცოდნის გასაზიარებლად უკვე ადგილზეც იმყოფებიან.
სამხედრო-სამრეწველო კომპანია Wild Hornets-ის განცხადებით, დრონების შესყიდვასთან დაკავშირებით ინტერესი მრავალმა პოტენციურმა მომხმარებელმა გამოთქვა, მათ შორის – კერძო და სამთავრობო სუბიექტებმა. თუმცა უკრაინის მთავრობის მიერ ტექნოლოგიის ექსპორტზე მწვანე შუქის მიცემამდე, კომპანია გარიგებებს ვერ აწარმოებს.
უკრაინული Wild Hornets-ის გზაგადამჭრელი კამიკაძე დრონი STING-ი Patriot-ებისა და Himars-ების ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მრავალმილიონიანი გზაგადამჭრელი რაკეტების იაფი ალტერნატივაა.
STING-ის ფრენის სიჩქარე საათში 280 კილომეტრია, ფრენის მანძილი კი – 37 კილომეტრი. დრონი აღჭურვილია 360-გრადუსიანი გადამცემი ანტენით, რომლითაც მოწყობილობა დისტანციურად იმართება. დრონის დანიშნულება მოძრავ საჰაერო სამიზნესთან დაჯახება და ასაფეთქებელი მასალით დატვირთული თავაკის დეტონაციაა.
2025 წლის ივნისში დრონების წარმოების დაწყებიდან დღემდე, STING-მა 3,000-ზე მეტი რუსული Shahed-ების განეიტრალება შეძლო. დრონების წარმოების ყოველთვიური სიმძლავრე 10,000 ერთეულია.
ერთი ერთეული STING-ის ღირებულება $2000-ია, რაც არათუ მრავალმილიონიან გზაგადამჭრელ რაკეტასთან შედარებით, არამედ $20,000-$50,000-იან Shahed-თან შედარებითაც დაბალბიუჯეტური ალტერნატივაა.
ირანის მიერ 28 თებერვლის შემდეგ გასროლილი რაკეტებისა და დრონების რაოდენობამ 2,000-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სახელმწიფოებმა მათი უმეტესობის გადაჭერა შეძლო, ნაწილმა სამიზნეებს მიაღწია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ფინანსებისა და დასავლური სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემას ითხოვს. მისი განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში უკრაინული საჰაერო თავდაცვის სამი ჯგუფია მივლენილი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის კომპანიებიც გააკრიტიკა, რომლებიც გზაგადამჭრელი დრონების არაბული ქვეყნებისთვის მიყიდვის შესაძლებლობას ამ ქვეყნებთან უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე განიხილავენ.













