ბრიტანულ-ქართული აკადემიის გუნდი ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და აკადემიის მიზნებზე საუბრობს. მთავარი მიზანია მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა, სადაც ბავშვები შეძლებენ განვითარებას და მათი პოტენციალის რეალიზებას. ყოველწლიურად, აკადემიის კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებიან.
“როგორ ვაღწევთ ამას? პირველ რიგში იმით, რომ გვყავს ძალიან მაღალკვალიფიციური გუნდი. ჩვენ თითოეულ მოსწავლეზე ვართ ორიენტირებული და ვცდილობთ, მივცეთ მას ის ცოდნა, განვავითაროთ მასში ის უნარები, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს პასუხობს. ამიტომ ჩვენს სასწავლო გეგმაში IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა) მიდგომები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ვუვითარებთ უნარებს და ვაძლევთ შესაძლებლობას, დასვან კითხვები, იფიქრონ კრიტიკულად და შემოქმედებითად, იყვნენ აქტიურები, ემპათიურები, მზად იყვნენ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რათა ჩამოყალიბდნენ ძლიერ, დამოუკიდებელ, თანამგრძნობ და აქტიურ გლობალურ მოქალაქეებად”, – აცხადებს სკოლის აკადემიური დირექტორი სალომე დანელია.
დღეისათვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სამი საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამა (ბაღიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით), IB ანუ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა და ქართული პროგრამა (დამამთავრებელი კლასებისთვის).
ბრიტანულ-ქართული აკადემია ბავშვებს ბაღის ასაკიდან იღებს – აკადემიის სკოლამდელი განათლების ცენტრი და შემდეგ უკვე დაწყებითი საფეხური ერთ სივრცეში თანაარსებობს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ჰარმონიული ტრანზიციის პროცესს.
ბაღის ასაკობრივი კატეგორიიდან მე-5 კლასის ჩათვლით საფეხურს თემო ვაშაკიძე ხელმძღვანელობს.
“ბრიტანულ–ქართული აკადემია ბავშვების ჰარმონიული და სწორი განვითარებისთვის კომფორტული და საუკეთესო გარემოა. სკოლამდელი განათლების ცენტრშიც და დაწყებით საფეხურზეც მოქმედებს მოსწავლეთა ქცევის წახალისების სისტემა, რაც შესაძლებლობას აძლევს ადრეულ ასაკში, ბავშვებმა საკუთარი შრომის, მონდომების ხარჯზე წვლილი შეიტანონ კლასის წარმატებაში, გამოიმუშაონ ურთიერთთანამშროლობის, პატივისცემისა და ემპათიის უნარები. პერიოდულად ტარდება ასამბლეები, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას და ცოდნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვან ღონისძიებად მიმაჩნია პერიოდულად მშობლების ჩართულობა მოსწავლეების როლში – ეს აჩენს საოცარ შესაძლებლობას, მეტად ჩაერთონ მოსწავლეების აკადემიურ ცხოვრებაში და ეფექტურად ითანამშრომლონ მასწავლებლებთან. დამატებით, ჩვენ ვზრუნავთ მშობლების ინფორმირებაზე მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ქცევის მართვა, აკადემიურ პროცესში მხარდაჭერა, კიბერუსაფრთხოება, ჯანსაღი კვება და სხვა. ხშირად ამ ინფორმაციას სპეციალურად მოწვეული სპეციალისტები უზიარებენ მშობლებს” – თემო ვაშაკიძე.
მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ აკადემიაში მიღების ეტაპზეც მთავარ პრინციპს წარმოადგენს. თითოეულ დაინტერესებულ პირს აკადემია უკავშირდება და უგეგმავს ინდივიდუალურ შეხვედრას მოსწავლეთა მიღების დირექტორთან.
“ჩვენი მიღების პროცესი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ ოჯახსა და მოსწავლესთან. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მისაღები ტესტების შედეგებს – თითოეულ დაინტერესებულ კანდიდატთან იგეგმება ინდივიდუალური გასაუბრება, რათა უკეთ გავიცნოთ ისინი, შევაფასოთ მათი ინტერესები და განვსაზღვროთ მათი საჭიროებები და პოტენციალი. „ბრიტანულ–ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს ქართულ კონტექსტზე მორგებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ გლობალური სტანდარტების შესაბამისად და, ამავე დროს, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა”, – ამბობს მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დადუნა დოლიძე.
აკადემიის მფლობელი კომპანია, საქართველოს განათლების ჯგუფი დამატებით საინვესტიციო გეგმებზე საუბრობს. ინვესტირება განხორციელდება 2 მიმართულებით: საუკეთესო მასწავლებლების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად, ასევე, ზოგადი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი ბევრ ისეთ ცვლილებას გეგმავენ, რომელიც მოსწავლეების და პედაგოგების ყოველდღიურობას მეტად კომფორტულს გახდის.