ე.წ. AI-„აგენტები“ ონლაინასისტენტების როლს ასრულებენ და მომხმარებლებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მინიმალური ადამიანური ჩარევით, რთული ამოცანების დაგეგმვაში ეხმარებიან. საკუთარი ციფრული აგენტები მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის Amazon-მა, Google-მა, Microsoft-მა და OpenAI-მა, მიმდინარე წელს წარადგინეს, ან უკვე არსებული განავითარეს.
მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა OpenAI-მა საკუთარი ChatGPT Agent-ი მიმდინარე წლის ივლისში გაუშვა. ახალ AI-„აგენტს“ სხვადასხვა ტიპის, მომხმარებლებისთვის ბევრად პრაქტიკული დავალებების შესრულება შეუძლია – მათ შორის, სლაიდების შექმნა, კერძებისთვის ინგრედიენტების შერჩევა ან ხარჯების შედგენა. OpenAI-ის ინფორმაციით, AI-აგენტის საშუალებით მომხმარებლებს ამოცანების შესრულების ავტომატურად დაგეგმვაც შეეძლებათ, მაგალითად, ახალი მონაცემებით, ყოველი კვირის დასაწყისში, არსებული ცხრილების განახლება.
AI-„აგენტების“ პოპულარობის ზრდის ფონზე, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, Perplexity AI-მა, მათ გამოყენებაზე პირველი კვლევა წარადგინა. როგორც Perplexity-ის კვლევა მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით წერს, AI-„აგენტებს“ მილიონობით ადამიანი იყენებს, თუმცა მათი მომხმარებელთა უმეტესობა მაღალკვალიფიციურია, მდიდარი ქვეყნებიდან და ტექნოლოგიებისა ან განათლების მიმართულებითაა დასაქმებული.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომხმარებლები AI-„აგენტებს“ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით უფრო მეტ კითხვას უსვამდნენ, ვიდრე პროფესიულზე: კითხვების 55% მათ სამუშაო საათების შემდეგ ცხოვრებას უკავშირდებოდა, ხოლო 30% – სამსახურს.
Perplexity AI-მა სტარტაპის ხელოვნური ინტელექტის ბრაუზერისა და ციფრული ასისტენტის, Comet-ის მონაცემების შესასწავლად, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართან ითანამშრომლა. ცნობისთვის, Comet-იც 2025 წლის ივლისში გაეშვა. მკვლევრებმა ასობით მილიონი მოთხოვნა გააანაწილეს, რათა მომხმარებლების მხრიდან, AI-„აგენტების“ გამოყენების მთავარი დანიშნულება გაერკვიათ.
მათი შეფასებით, ის ადამიანები, რომელთაც AI-„აგენტების“ სერვისით სარგებლობა ადრეულ ასაკშივე დაიწყეს, ასევე მომხმარებლები უფრო მდიდარი და მაღალკვალიფიციური ქვეყნებიდან, ბევრად მეტად იყვნენ მიდრეკილნი ამ პროდუქტის აქტიური გამოყენებისკენ. კვლევის თანახმად, მათგან 70%-ზე მეტი ციფრულ ან განათლების სფეროში იყო დასაქმებული, ასევე ფინანსებში, მარკეტინგში ან მეწარმეობის მიმართულებით.
კვლევის შედეგებითვე, AI-„აგენტებით“ სარგებლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისეთ სფეროებში დაფიქსირდა, რომლებიც „ფიზიკურ გარემოსთან ურთიერთქმედებას მოითხოვენ“. ასეთია თუნდაც ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა.
AI-„აგენტებისთვის“ მიცემული დავალებების 36%-ს „პროდუქტიულობისა და სამუშაო პროცესის შემადგენელი“ ამოცანები წარმოადგენდა, როგორებიცაა დოკუმენტების შექმნა ან რედაქტირება, ელფოსტის ფილტრაცია, საინვესტიციო ინფორმაციის შეჯამება ან კალენდარული ცხრილის შედგენა.
მეორე ყველაზე გავრცელებული მოთხოვნა კი, „სწავლებასა და კვლევებს“ უკავშირდებოდა. მათ შორის მომხმარებელთა 21%, ხელოვნური ინტელექტის „აგენტებს“ კურსის მასალების ან კვლევითი ინფორმაციის შეჯამებისთვის მიმართავდა. სხვა ხშირად მოთხოვნად ამოცანებს შორის იყო დახმარება შოპინგში, მოგზაურობასა და სამუშაოსთან დაკავშირებულ ძიებაში.
Perplexity-ის შეფასებით, რეალურად კვლევამ აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში, მომხმარებელთა მოთხოვნები AI-„აგენტების“ მიმართ შეიცვალა. თუ სერვისს ისინი საწყის ეტაპზე ძირითადად არაპროფესიული კითხვებისთვის იყენებდნენ, შემდგომში ისინი უკვე AI-„აგენტებს“ პროფესიასთან, სწავლასა და კარიერასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართავდნენ. საერთო ჯამში, შეკითხვების 16% უშუალოდ განათლებას უკავშირდებოდა.













