რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს, რის გამოც კიევის მთავრობის მთავარ პრიორიტეტად კვლავ თავდაცვა რჩება. შედეგად, 2024 წლის ხარჯებიდან, ნახევარზე მეტი – €82 მილიარდი – სწორედ თავდაცვის სექტორისთვისაა განკუთვნილი, რაც, თავის მხრივ, სხვა მიმართულებებისთვის დაფინანსებების შემცირებაში გამოიხატება.
შექმნილმა მდგომარეობამ უკრაინა უცხოელი დონორების ფინანსურ დახმარებაზე გახადა დამოკიდებული, დაფინანსების ძირითად წყაროს კი ომში მყოფი ქვეყნისთვის ევროკავშირი, შეერთებული შტატები და G7-ის სხვა პარტნიორები წარმოადგენენ. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2024 წლის განმავლობაში ქვეყანას ეკონომიკის შესანარჩუნებლად €34.45 მილიარდი დასჭირდება – მცირედით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს მიიღო. €34.45 მილიარდმა არსებული €39-მილიარდიანი დეფიციტის დიდი ნაწილი უნდა დაფაროს.
თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ვეტოს მოხსნისთანავე, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის €50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცეს. სპეციალური ფონდი, რომელიც „უკრაინის მექანიზმის“ სახელითაა ცნობილი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიცემა. დამატებით, უკრაინას €10.9 მილიარდის ფინანსურ დახმარებას ვაშინგტონიც დაჰპირდა.
ამასთან ერთად კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) €5 მილიარდის სესხის დამტკიცებასაც ელის. €34.45-მილიარდიანი საჭიროების დარჩენილ ნაწილს კი, სავარაუდოდ, სხვა პარტნიორები დაფარავენ, მათ შორის: გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, კანადა და იაპონია. უცხოელი პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება აუცილებელია ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების შესანარჩუნებლად, როგორიცაა: განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, პენსიები, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება.
უკრაინა შემოსავლების უმეტეს ნაწილს უშუალოდ ომის წარმოებისთვის იყენებს, ხოლო სხვა სექტორებისთვის დასავლელი პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში დასავლელი პარტნიორებისგან დაფინანსების მიღების პრობლემები შეიქმნა. მიუხედავად ომში მყოფი ქვეყნის არაერთგზის თხოვნისა, ხუთშაბათ დილამდე, კიევისთვის ახალი დაფინანსების გადაცემას ცალმხრივად ბლოკავდა უნგრეთის პრემიერი ორბანი.
ამას კი აშშ-ში რესპუბლიკელების წინააღმდეგობაც დაერთო თან, რამაც ქვეყნისთვის დახმარების გადაცემა შეაფერხა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინადადება კონგრესში იდეოლოგიური დაპირისპირების საკითხად იქცა. რესპუბლიკელები, უკრაინისთვის დაფინანსების დამტკიცების სანაცვლოდ, ქვეყანაში საიმიგრაციო და სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას ითხოვენ.
დაფინანსების მიღების პროცესში წარმოქმნილმა შეფერხებებმა აიძულა კიევი, სერვისების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი ზომები მიეღო. თუმცა ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილებით, ამ ყველაფერს მხოლოდ დროებითი სახე ექნება და იმედოვნებენ, რომ ქვეყანა 2023 წელს მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას წელსაც მოახერხებს.