რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები — Bloomberg-ის რეიტინგი

რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები — Bloomberg-ის რეიტინგი

ავტორიტეტულმა გამოცემა Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2021 წლის მონაცემებით, სიის სათავეში Walmart-ის 48%-იანი წილის მფლობელი უოლტონების ოჯახია, რომელიც უკვე მესამე თაობას მოიცავს და $238.2-მილიარდიან ქონებას ფლობს. აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის სიაში არ მოხვდნენ გარკვეული ოჯახები – მათ შორის ისინი, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თაობით არიან წარმოდგენილნი და როკფელერები, მათ მიერ დაგროვებული ქონების დიფუზიურობიდან გამომდინარე.

Bloomberg-ის რეიტინგი განსხვავებული ინდუსტრიისა და რეგიონების ოჯახებს აერთიანებს. კორონავირუსის პანდემიამ, მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა თუ მთავრობის ხელშეწყობის პოლიტიკამ სხვადასხვა დარგის კომპანიებზე განსხვავებულად იმოქმედა. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ვირუსის გავრცელების პერიოდში ელექტრონული ვაჭრობის სწრაფი განვითარებაა. გარდა ამისა, უფრო მეტად გამდიდრდა მოდის სამყარო, Hermes-ის მფლობელი ოჯახის ქონება გაიზარდა 75%-ით და $112 მილიარდს მიაღწია, ასევე Bloomberg-ის მიმდინარე წლის რეიტინგს შეემატა კოსმეტიკის ხაზი, Estee Lauder-ი. საერთო ჯამში, მსოფლიოს უმდიდრესმა ოჯახებმა საკუთარ კოლექტიურ ქონებას $312 მილიარდი შესძინეს, რაც გასული აგვისტოდან 22%-იან ზრდას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სამიზნე სწორედ მდიდარი ოჯახები და მათი შემოსავალი გახდა. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა მოიცავს როგორც კაპიტალის საბაზრო საფასურისა და საშემოსავლო გადასახადების ზრდას, ასევე ახალ წესებს, რომლებიც მემკვიდრეებისთვის დაუბეგრავი აქტივების გადაცემას გაართულებს. მემკვიდრეობის გადასახადის დაწესებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს რეიტინგში  წარმოდგენილი ოჯახების ქონება. იგივე მოხდა Samsung-ის ოჯახის შემთხვევაში, როდესაც ლიების კლანმა გასულ წელს ლი კუნ-ჰის გარდაცვალების შემდეგ $11 მილიარდი მემკვიდრეობის გადასახადში გადაიხადა და წლევანდელ რეიტინგშიც დაქვეითდა. მაგრამ ლიების ოჯახი გამონაკლისია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით მემკვიდრეობის გადასახადი ყველაზე მაღალი კორეაშია, გადასახადებისთვის თავის არიდების ბევრი გზა არსებობს. აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, საფრანგეთში მემკვიდრეობა 45%-ით იბეგრება, თუმცა სიაში ოთხი უმდიდრესი ოჯახი, ყველაზე მეტი აშშ-ის შემდეგ, სწორედ საფრანგეთიდანაა წარმოდგენილი.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახებს, როგორც აღვნიშნეთ, Bloomberg-ის რეიტინგში სემ უოლტონის მესამე თაობა ლიდერობს $238.2-მილიარდიანი ქონებით. უოლტონები Walmart-ის 48%-იან წილს ფლობენ, რომელსაც გლობალური გაყიდვებიდან, 10,500-ზე მეტი მაღაზიიდან, $559-მილიარდიანი შემოსავალი აქვს. აღსანიშნავია, რომ უოლტონების ოჯახის ქონება აქციების ზრდასთან ერთად გასულ წელს $23 მილიარდით გაიზარდა და თითქმის $100 მილიარდით ჩამოიტოვებს გამოცემის მიხედვით სიის მეორე ნომერს – მარსების ოჯახს. Mars-ის მფლობელი ოჯახი $141.9 მილიარდს ფლობს, მათი ბიზნესი კი 1902 წელს, ფრანკ მარსის მიერ ტკბილეულის გაყიდვით დაიწყო. ოჯახი ხუთ თაობას და ისეთ წარმატებულ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა: M&Ms-ი, Milky Way და Snickers-ი.

მარსების ოჯახს კი მესამე ადგილზე მოსდევს კოხების ოჯახი და Koch Industries-ი, ყოველწლიურად დაახლოებით $115-მილიარდიანი შემოსავლით. კოხების ქონება ძირითადად გაზსადენებსა და ქიმიურ ნივთიერებებს უკავშირდება და საერთო ჯამში სამ თაობასა და 124.5 მილიარდს აერთიანებს. მეოთხე ადგილზე ვხვდებით ფრანგულ მოდის სახლს, Hermes-ს, ექვსი თაობითა და $111.6-მილიარდიანი შემოსავლით. რეიტინგის მეხუთე ადგილს კი $100 მილიარდით, საუდის არაბეთის ინდუსტრიული კომპანია N/A-ის მფლობელი ოჯახი იკავებს.

წარმოგიდგენთ Bloomberg-ის რეიტინგით მსოფლიოს 10 უმდიდრეს ოჯახს და მათ შემოსავლებს:

  1. უოლტონების ოჯახი – $238.2 მილიარდი – საცალო ქსელი Walmart-ი.
  2. მარსების ოჯახი – $141.9 მილიარდი – საკონდიტრო კომპანია Mars-ი.
  3. კოხების ოჯახი – $124.4 მილიარდი – Koch Industries-ი.
  4. ერმესების ოჯახი – $111.6 მილიარდი – ფრანგული მოდის სახლი Hermes-ი.
  5. ალ საუდის ოჯახი – $100 მილიარდი – ინდუსტრიული კომპანია N/A.
  6. ამბანების ოჯახი – $93.7 მილიარდი – ინდური ენერგოკომპანია Reliance Industries-ი.
  7. ვერტჰაიმერების ოჯახი – $61.8 მილიარდი – ფრანგული მოდის სახლი Chanel-ი.
  8. ჯონსონების ოჯახი – $61.2 მილიარდი – Fidelity Investments-ი.
  9. ტომსონების ოჯახი – $61.1 მილიარდი – მედიაკომპანიაThomson Reuters-ი.
  10. ბაუმბახებისა და ბოირინგერების ოჯახი – $59.2 მილიარდი – ფარმაცევტული კომპანია Boehringer Ingelheim-ი.