რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონ ტრამპი?

რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონ ტრამპი?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი, ბარონ ტრამპი, განსაკუთრებით პოპულარული ფიგურა წინასაარჩევნო პერიოდისა და მამის წლევანდელი ინაუგურაციის შემდგომ გახდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ბარონი, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, $150 მილიონზე მეტი ღირებულების ქონებას ფლობს, რომლის უმეტესი ნაწილიც კრიპტოვალუტაში ინვესტირებას უკავშირდება.

ბარონ ტრამპმა, მამასთან და უფროს ძმებთან ერთად, 2024 წელს კრიპტოვალუტის კომპანია World Liberty Financial-ი დააარსა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, World Liberty Financial-ში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. Forbes-ის შეფასებით, კრიპტოკომპანიის ზრდამ ტრამპის ოჯახის ქონება $1.5 მილიარდით გაზარდა. ამ თანხის დაახლოებით 10% კი, შესაბამისად, $150 მილიონი, ბარონ ტრამპის საკუთრებაა.

World Liberty-ში ტრამპის ოჯახის წილს კომპანია DT Marks Defi LLC განკარგავს, რომელსაც 2024 წლის სექტემბერში 22.5 მილიარდი $WLFI ტოკენი გადაეცა. რეკლამირებისა და პროექტებისთვის ტრამპის სახელის გამოყენებისთვის კი კომპანიამ World Liberty-ის პირველი, $15-მილიონიანი შემოსავლიდან დამატებით 75%-იც მიიღო. პრეზიდენტის ფინანსური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისისთვის, ტრამპს DT Marks Defi LLC-ის 70% ეკუთვნოდა, ხოლო დარჩენილი 30% მის სამ ვაჟს შორის თანაბრად ნაწილდებოდა. ანგარიშში პრეზიდენტის სამივე ვაჟი კომპანიის თანადამფუძნებლადაა მოხსენიებული.

თუმცა ამერიკულმა Forbes-მა ბარონ ტრამპის მიერ მიღებული World Liberty-ის 2.25 მილიარდი ტოკენი, თავდაპირველად ნული ღირებულებით შეაფასა, რადგან მათი გაყიდვა ან გადაცემა შეუძლებელი იყო. აგვისტოში, ტოკენების მფლობელებმა $WLFI-ის მონეტების 20%-ის განბლოკვასაც მხარი დაუჭირეს, თუმცა ეს გამონაკლისი დამფუძნებლებს, მათ შორის ტრამპის ოჯახის წევრებს, არ შეხებიათ.

ამჟამად მიმოქცევაში არსებული შეზღუდული რაოდენობის ტოკენები დაახლოებით $0.20-ად ივაჭრება. თუმცა იმის გამო, რომ ტოკენების ნაწილი დაბლოკილია, ამერიკული Forbes-ი მათ ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ შეზღუდვის გათვალისწინებით, Forbes-ის გათვლებით, ბარონის სავარაუდო 10%-იანი წილი ახლა დაახლოებით $45 მილიონის ღირებულებისაა.

უშუალოდ ტოკენების გარდა, ბარონის ქონებას Forbes-ი კომპანიის პარტნიორობებიდან მიღებულ თანხასაც ამატებს. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კრიპტოინვესტორმა ჯასტინ სანმა პროექტში $75 მილიონი დააბანდა. ინვესტიციას კი ტოკენების გაყიდვების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. 2025 წლის აგვისტოსთვის World Liberty-მ დაახლოებით 675 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენები გაყიდა, ხოლო ამ პარტნიორობაში ბარონის წილი, გადასახადების გამოკლებით, $38 მილიონად შეფასდა.

ამასთან ერთად კი მარტში, World Liberty-მ კიდევ ერთი პროდუქტი გაუშვა. სტეიბლკოინი, სახელწოდებით USD1, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული. ვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $2.6 მილიარდს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მის უკან მდგომი ბიზნესი დაახლოებით $880 მილიონის ღირებულებისაა. არსებული ცნობებით, ტრამპების ოჯახის ერთ-ერთი სუბიექტი, ამ საწარმოს 38%-ს ფლობს, ხოლო Forbes-ის გამოთვლით, ბარონის წილი შესაძლოა $34 მილიონს აღწევდეს.

დამატებით კი, World Liberty-ისა და ჯანდაცვის კომპანია Alt5 Sigma-ს პარტნიორობამ ბარონს $41 მილიონი მოუტანა. გარიგების პირობებით, Alt5-მა დაახლოებით 717 მილიონი აშშ დოლარი World Liberty Financial-ის ტოკენების პირდაპირ შესაძენად გამოიყენა. ამ თანხიდან $500 მილიონზე მეტი ტრამპების ოჯახის კომპანიას, ხოლო პირადად ბარონს $41 მილიონი გადაეცა.