ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟა უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში 15%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, ზრდას რიგითი ამერიკელისთვის სიმდიდრის შეგრძნება არ მოუტანია, რაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორის, მათ შორის, ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და უცვლელი ანაზღაურების შედეგია.
თუმცა რიგით ამერიკელებთან ერთად, ამ პერიოდში არ გაზრდილა არც თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქონებაც – ბაიდენს კი ხშირად სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ხელშეწყობაშიც ადანაშაულებენ. შედეგად, Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ერთი წლის შემდეგაც, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვლავ $10 მილიონს ფლობს.
ბაიდენის სიმდიდრის ორი მესამედი კერძო საკუთრებაზე მოდის, უმეტესად კი ორ სახლზე, რომელთაგან ერთი ვილმინგტონშია, მეორე საზაფხულო სახლი კი ასევე დელავერის შტატში. პრეზიდენტის ყველაზე ძვირად ღირებული ქონება სწორედ დელავერის საზაფხულო სახლია, რომელიც ამჟამად $4.5 მილიონი ღირს – $1.8 მილიონით მეტი, ვიდრე 2017 წელს მისი შესყიდვისას. მიუხედავად ამისა, ბოლო 12 თვეში საპროცენტო განაკვეთების ზრდამ საცხოვრებლების ფასების კლება გამოიწვია, რისი გავლენითაც ბაიდენის ორივე სახლის ღირებულება შემცირდა.
უცვლელია პრეზიდენტ ბაიდენის ყოველწლიური ხელფასი და ის $400 ათასს უტოლდება. ამ შემთხვევაში უფრო მეტად საინტერესო ის ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ანაზღაურება არ შეცვლილა ჯორჯ ბუშის შემდეგ, თუმცა, ინფლაციის გავლენით, შემცირებულია ანაზღაურების მსყიდველუნარიანობა. გამოდის, რომ 2001 წლის $400,000, რომელსაც ბუში იღებდა, წლევანდელი მონაცემებით დაახლოებით $717,000-ის ეკვივალენტურია.
Forbes-ის ანგარიშით, 2022 წელს ბაიდენმა $250 ათასის საკრედიტო ლიმიტიც დაიმტკიცა, საიდანაც 2023 წლის მდგომარეობით $100 ათასი დახარჯა. მიუხედავად ამისა, თავად პრეზიდენტი ფინანსურად თავს „კარგად გრძნობს“ და ამაზე ხშირად საკუთარ გამოსვლებშიც ლაპარაკობს, სადაც ხაზს მის თავმდაბალ წარსულსა და ოჯახურ მდგომარეობას უსვამს: „როგორც საშუალო კლასის ოჯახების შემთხვევაში, ჩვენ კარგად ვიყავით, ვგულისხმობ, რომ ფული არ გვქონდა, თუმცა კარგად ვიყავით“.
რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახის ქონებას, მამამისი, ჯო უფროსი, ავტომობილების დილერობამდე, რამდენიმე ბიზნესს ფლობდა. 1967 წელს, პირველ ცოლზე ქორწინებისას, შვილს 1967 წლის Corvette Stingray აჩუქა, რომელშიც იმ დროს $5,600 გადაიხადა (დღევანდელი კურსით $51,000). მანქანა დღესაც პრეზიდენტის ავტოფარეხში რჩება და მისი ღირებულება დაახლოებით $100,000-ია.
1975 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა $100 ათასად 929 კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე შეიძინა, რომელიც ერთ დროს დელავერების ოჯახს ეკუთვნოდა. აღნიშნული ქონების გამო, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ბაიდენი კორუფციაშიც კი დაადანაშაულეს. თუმცა, სინამდვილეში, ბაიდენმა სასახლე კრედიტით იყიდა. გარდა ამისა, იმ დროს სენატორის რანგში დაახლოებით $43,000-იც გამოიმუშავა, $160,000 კი ისესხა და ეს ადგილი $185,000-ად შეიძინა. წლების განმავლობაში ბაიდენი უფრო მეტ ვალს იღებდა, ხოლო მაშინ, როდესაც ნაღდი ფული სჭირდებოდა, ქონების რეფინანსირებას ახდენდა.
1996 წელს სასახლე ბაიდენმა $1.2 მილიონად გაყიდა და $350,000-ად სწორედ ის მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც შემდგომ სახლი და კოტეჯი ააშენა – რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, ქონების რეფინანსირებაც გააგრძელა. როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, საიდუმლო სამსახური ბაიდენს კოტეჯების დასაქირავებლად წლიურად $26,400-ს უხდიდა.
მიუხედავად ამისა, ბაიდენის ფინანსური პრობლემები კვლავ გრძელდებოდა, რაც თეთრი სახლის დატოვების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 2017 წელს, წიგნებითა და გამოსვლებით, $11.1 მილიონი, 2018 წელს – $4.6 მილიონი, 2019 წელს – $1 მილიონი, ხოლო 2020 წელს, $630,000 გამოიმუშავა. საერთო ჯამში, ვიცეპრეზიდენტობიდან პრეზიდენტად არჩევის პერიოდამდე, ბაიდენის ქონება $2.5 მილიონიდან $8 მილიონამდე გაიზარდა.
2021 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ჯო ბაიდენის ქონება მხოლოდ 25%-ით, შესაბამისად $2 მილიონით გაიზარდა და $10 მილიონი შეადგინა. ზემოთ ჩამოვლილი ქონების გარდა, ბაიდენების პორტფელის დანარჩენი ნაწილი უკავშირდება ისეთი სახის აქტივებს, როგორიცაა $1-მილიონიანი საპენსიო ანაზღაურება ბაიდენისთვის და $250 ათასის პენსიაც მისი მეუღლე ჯილ ბაიდენისთვის.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში ბაიდენების შემოსავლები გაასაჯაროვა თავად თეთრმა სახლმაც. როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს ჯო და ჯილ ბაიდენებმა $620 ათასი (გადასახადების გარეშე) გამოიმუშავეს. მათი შემოსავალი 7%-ით მეტია 2022 წელთან – $580 ათასი – შედარებით, თუმცა წლიური ზრდა ძირითადად საპროცენტო შემოსავლების მატებითაა გამოწვეული.
თეთრი სახლის ანგარიშით, ქვეყნის პირველი პირისა და პირველი ლედის შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება: $400 ათასს ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისგან იღებს, $86 ათასის შემოსავალი კი მის მეუღლეს, ჯილ ბაიდენს Northern Virginia Community College-ის პროფესორობისგან აქვს. $55 ათასი ბაიდენებმა სოციალური უზრუნველყოფის შეღავათებიდან მიიღეს, $35 ათასი – პენსიებიდან, $39 ათასიც – საპროცენტო განაკვეთებიდან. დამატებით $4 ათასის შემოსავალი ჯილ ბაიდენმა წიგნის ჰონორარიდან გამოიმუშავა.
მიღებული შემოსავლებიდან დაახლოებით $20 ათასი ცოლ-ქმარმა გასულ წელს ქველმოქმედებაზე დახარჯა და ჯამში 17 სხვადასხვა ორგანიზაციას დაეხმარა.