აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის დროს ხელი მილიარდობით დოლარის ღირებულების შეთანხმებებს მოეწერა. ამერიკულმა კომპანიებმა რეგიონის სახელმწიფოებთან კონტრაქტები ისეთ სფეროებში გააფორმეს, როგორებიცაა: თავდაცვა, ავიაცია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
წარმოგიდგენთ ახლო აღმოსავლეთში გაფორმებული შეთანხმებების სიას:
- თეთრი სახლის განმარტებით, კატარში ვიზიტისას დონალდ ტრამპმა გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ორ ქვეყანას შორის $1.2 ტრილიონის მოცულობის ეკონომიკურ აქტივობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ხელშეკრულება კატარსა და აშშ-ს შორის $243.5 მილიარდის მოცულობის ინვესტიციების განხორციელებასაც მოიცავს.
- მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა კატარულ ავიაკომპანია Qatar Airways-სა და Boeing-ს შორისაც. კატარული ავიაკომპანია თვითმფრინავების მწარმოებლისაგან $96 მილიარდის ღირებულების 210 ერთეულ საჰაერო ხომალდს შეიძენს.
- კატარში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია Al Rabban Capital-ი Quantinuum-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ში კვანტური ტექნოლოგიის განვითარებაში $1-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.
- კატართან ხელშეკრულებები გაფორმდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებითაც. კატარი Raytheon RTX-ისგან $1-მილიარდიანი შეთანხმებით, დრონების წარმოების ტექნოლოგიას, General Atomics-ისგან კი $2-მილიარდიანი შეთანხმებით, დისტანციურად მართვად საფრენ აპარატებს შეიძენს.
- თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში ტრამპის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა უმსხვილესი არაბული სახელმწიფოს აშშ-ში $600-მილიარდიანი ინვესტიციაც. თუმცა გარდა ამისა, აშშ-ის უმსხვილესმა კომპანიებმა ვიზიტის ფარგლებში დამატებით $300 მილიარდის ღირებულების 145-მდე სხვადასხვა შეთანხმება გააფორმეს.
- თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მოხერხდა საუდის არაბეთთანაც. თეთრი სახლის განმარტებით, საუდის არაბეთის სამეფო სხვადასხვა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპანიისაგან $142 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას და მომსახურებას შეიძენს.
- საუდის არაბული კომპანია DataVolt-ი AI-ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად აშშ-ში $20-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკული კომპანიები: Google-ი, Oracle-ი, Salesforce-ი, AMD-ი და Uber-ი კი ორივე ქვეყანაში $80-მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ.
- ამერიკულ კომპანიებთან გაფორმებული შეთანხმებების გარდა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან შეთანხმებით, სამეფო საავიაციო და საზღვაო გადაზიდვებისთვის Starlink-ის ინტერნეტსერვისს გამოიყენებს.
- ორშაბათს დაფუძნებული საუდის არაბეთის კომპანია Humain-ი, რომლის თავმჯდომარეც საუდის პრინცი მუჰამად ბინ სალმანია, Nvidia-სგან 18,000 მიკროჩიპს შეიძენს. აღნიშნული კომპანია Nvidia-ს გარდა საუდის არაბეთში „ხელოვნური ინტელექტის ზონის“ ასაშენებლად Global AI-სთან, Cisco-სა და Amazon-თან ითანამშრომლებს.
- ამერიკული AMD-ი საუდის არაბეთში AI-ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $10-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.
დონალდ ტრამპი ახლოაღმოსავლურ ტურნეს დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით დაასრულებს. როგორც ნავარაუდები იყო, დონალდ ტრამპის რეგიონში ვიზიტი ძირითადად ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო. ვიზიტამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი კატარსა და საუდის არაბეთში უძრავ ქონებაში პირად ინვესტიციებსაც განიხილავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო.