ამერიკულმა კომპანია Apple-მა ინვესტორებისათვის გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეები წარადგინა. კონფერენციის მთავარი საკითხი Apple-ის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების ინტეგრაცია გახლდათ.
iPhone-ის, Mac-ისა და iPad-ების ახალი თაობების ოპერაციული სისტემები ხელოვნური ინტელექტის მიერ მხარდაჭერილი ფუნქციონალებით იქნება აღჭურვილი. განახლებები იქნება Apple-ის ასისტენტის, Siri-ს შესაძლებლობებშიც. ასისტენტს შეტყობინებებიდან, მეილებიდან, კალენდრებიდან და ფოტოებიდან ინფორმაციის დამუშავება შეეძლება და, შესაბამისად, თავს უფრო კომპლექსურ დავალებებს გაართმევს.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ Apple-ს საკუთარ ოპერაციულ სისტემებში ChatGPT-ის ინტეგრაცია სურს, რათა პროგრამულმა უზრუნველყოფამ სურათები და დოკუმენტები უკეთ აღიქვას, მომხმარებლებმა კი ტექსტების შემუშავება და რედაქტირება მარტივად შეძლონ. აღნიშნულ სიახლეს გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და აღნიშნა, რომ თუკი Apple-ის პროდუქტებში ChatGPT-ის ინტეგრირება მოხდება, ის საკუთარ ბიზნესში Apple-ის პროდუქციის გამოყენებას აკრძალავს.
ხელოვნური ინტელექტის აღნიშნული სერვისი, სახელად Apple Intelligence-ი, ხელმისაწვდომი შემდეგი მოდელებისათვის იქნება: iPhone 15 Pro, iPhone 15 Pro Max და M1 ჩიპის მქონე iPad და Mac-ები.
აღსანიშნავია, რომ Mac-ის მომხმარებლებს საკუთარი iPhone-ის ეკრანის დანახვა ლეპტოპის ეკრანზე შეეძლებათ.
iPadOS 18-ისა და ზედა ვერსიების მფლობელთათვის ხელნაწერის აღქმის ფუნქციებიც გამარტივდა. მათემატიკური განტოლების ამოხსნა კალკულატორის განახლებული ფუნქციების დახმარებით უფრო მარტივი გახდება.
განახლება შეეხება Apple Watches-საც. მოწყობილობა ახალი აპლიკაციის დახმარებით ვარჯიშისას სასიცოცხლო პარამეტრების ჩვენებისთვის უფრო ეფექტიანი გახდება.
გარდა ამისა, ახალ ვერსიებში შეტყობინებების გაგზავნა Apple-ის პროდუქტებს შორის მობილური ინტერნეტისა და ვაი-ფაის გარეშე, სატელიტური კავშირის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ iPhone-ის მომხმარებლებს ზარების ჩაწერა და ტრანსკრიფცია შეეძლებათ.