შთაბეჭდილება იქმნება, რომ გერმანია – მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკა და ევროპის ყველაზე მძლავრი წევრი – გადის თავისი მჭიდრო ალიანსიდან აშშ-სთან – პარტნიორობიდან, რომელსაც ერთ დროს შემაშინებლად ძლევამოსილი საბჭოთა კავშირისთვის ცივი ომის მოგებაში კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
ეს კარგი სიახლეა ჩინეთისა და ვლადიმირ პუტინის რუსეთისთვის.
თავისი სტაჟიანი კანცლერის, ანგელა მერკელის პირობებში, გერმანია ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ Nord Stream 2-ის სამუშაოები სისრულეში მოვიდეს, ეს გაზსადენი კი განუზომლად გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ ბუნებრივ აირზე, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს წარბშეუხრელად გამოუყენებია ეს საწვავი პოლიტიკურ იარაღად.
გაცილებით საიმედო, გაცილებით გონივრული ალტერნატივა ბერლინისთვის მეტი ამერიკული ბუნებრივი აირის იმპორტი იქნებოდა, რომელიც ჩვენ უხვად გვაქვს.
ამასთან, მოსკოვის ამბიციების გასანეიტრალებლად, გერმანიამ თავისი მოუვლელი სამხედრო უწყება უნდა გააძლიეროს, ეს ამბიციები კი ევროპის ვაშინგტონიდან გამოტყუებას გულისხმობს. შვედეთისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთის აგრესიული სვლების გამო თავისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს დრამატულად ზრდის, გერმანია უფრო მერყევი გამოდგა. ინტენსიურმა წნეხმა ტრამპის ადმინისტრაციისგან ბერლინი იძულებული გახადა, სამხედრო ხარჯები გაეზარდა, მაგრამ ენთუზიაზმის ნაკლებობა გერმანიის მხრიდან კვლავაც საგრძნობია და ეს მცდელობები, შესაძლოა, უარესად შესუსტდეს, პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპის მსგავსად გამაღიზიანებელ შეგულიანებას თუ არ განაგრძობს.
კიდევ ერთი ბოლოდროინდელი ნაბიჯი, რომელიც ავისმომასწავებლად გამოიყურება, გერმანიის მხრიდან ჩინეთსა და ევროკავშირს შორის საინვესტიციო გარიგების აქტიურ ლობირებაში მდგომარეობს – გარიგებისა, რომელსაც ჩინეთი ამერიკულ-ევროპული ურთიერთობების შესუსტების გზად ხედავს.
გერმანია, ჯერჯერობით, უარს ამბობს ვაშინგტონთან მჭიდროდ ითანამშრომლოს იმაზე, რომ სტრატეგიული ტექნოლოგიები პეკინს არ ჩაუვარდეს ხელში. ეს უდავოდ კონტრასტში მოდის გერმანიის ცივი ომისდროინდელ მიდგომასთან საბჭოთა კავშირის მიმართ. მაგრამ გერმანია ამ გზას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებშია ჩართული და თავის უაღრესად აგრესიულ საგარეო პოლიტიკას განაგრძობს: მაგალითად, ცდილობს, იბატონოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე – კრიტიკულ საერთაშორისო საზღვაო გზაზე. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კანცლერი მერკელი მოწადინებულია, ვაშინგტონსა და პეკინს შორის გერმანიას გარკვეული დისტანციური პოზიცია შეუნარჩუნოს.
ცივი ომის დროს, რიგი განსხვავებების მიუხედავად, NATO-ს ალიანსი – რომლის წამყვანი წევრები გერმანია და აშშ იყვნენ – მტკიცედ და უდრეკად მოქმედებდა. ამის კრიტიკულ მაგალითს ამ ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს მოსკოვის მცდელობათა წინააღმდეგ, გერმანია შანტაჟის გზით ტრანსატლანტიკური კავშირების დასუსტებამდე მიეყვანა: 1970-იანების ბოლოს რუსეთი მას საშუალო დიაპაზონის ბირთვული რაკეტებით ემუქრებოდა. მოსკოვიდან მძვინვარე წნეხის (მათ შორის, ადგილობრივი ოპოზიციის წაქეზების) მიუხედავად, გერმანია, ძლევამოსილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის თაოსნობით, დათანხმდა აშშ-ს, საკუთარ მიწაზე რაკეტები განელაგებინა. რუსეთის სვლა ჩაფლავდა, ეს კი გადამწყვეტი ფაქტორი იყო დასავლეთის მიერ ცივი ომის მოგებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე სამუშაო აქვს: მან გერმანიას უნდა გააცნობიერებინოს, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ჩინეთისა და რუსეთის მზარდი წნეხების პირობებში დემოკრატია და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოება შენარჩუნდეს.