რა ტენდენციებია საქართველოს საბანკო სექტორში?

რა ტენდენციებია საქართველოს საბანკო სექტორში?

ბოლო 10 წელიწადში საქართველოს საბანკო სისტემამ რამდენიმე გამოწვევა გამოიარა: 2014-2016 წლებში ლარის კურსის მნიშვნელოვნად ვარდნა, 2017-2019 წლებში საბანკო რეგულაციების გამკაცრება, 2020-2021 წლებში პანდემია და 2022-2024 წლებში უკრაინა-რუსეთის ომი. თუმცა საქართველოს საბანკო სექტორი დღეს გაცილებით დიდი და მყარია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. 

აქტივები

2025 წლის მარტის ბოლოს საქართველოში 17 ბანკი იყო, აქედან 2 მიკრობანკია. თუმცა სექტორის ჯამური აქტივების 77% ორ ბანკზე – „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის.

ბოლო 10 წელიწადში ბანკების აქტივები თითქმის 5-ჯერ გაიზარდა და 2025 წლის თებერვლის ბოლოს 97 მლრდ ლარი იყო. აქტივებში სესხების წილი 65%-ია. მიუხედავად იმისა, რომ აქტივებში სესხების წილი მაქსიმუმს – 68%-ს 2021 წელს აღწევდა, ტენდენცია მზარდია, რაც საბანკო სექტორისთვის კარგი მაჩვენებელია. ვალდებულებებში დეპოზიტების წილი 71%-ია და აქაც მზარდი ტენდენციაა.

დეპოზიტები

საბანკო სექტორის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ჯამური დეპოზიტები და სესხები. დეპოზიტების მოცულობა ბოლო 10 წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა და 2024 წლის ბოლოს 60 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან 28 მლრდ ლარში იყო განთავსებული, ხოლო 32 მლრდ – სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში. ლარის დეპოზიტები 5.6-ჯერ გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის – 4.3-ჯერ. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, რაც მთლიან დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილს აჩვენებს, 54%-ია. 2014 წელს 60%-იყო. 2016 წელს 72%-მდეც გაიზარდა და მას შემდეგ კლების ტენდენცია აქვს. დოლარიზაციის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი გამკაცრებულმა რეგულაციებმა და უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტზე სარგებლის განაკვეთის კლებამ შეიტანა. თუმცა დოლარიზაციის კლების ტემპი მაინც დაბალია და დეპოზიტების ნახევარზე მეტი უცხოურ ვალუტაში რჩება.

სესხები

დეპოზიტების ზრდის ლოგიკური შედეგია სესხების ზრდა. ბოლო 10 წელიწადში ბანკების მიერ გაცემული სესხებიც 5-ჯერ გაიზარდა და 2024 წლის ბოლოს 63 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, 36 მლრდ ლარში არის გაცემული, ხოლო 27 მლრდ – უცხოურ ვალუტაში. ლარის სესხები 7-ჯერ გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის – 4-ჯერ. სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი, რაც მთლიან სესხებში უცხოური ვალუტის წილს აჩვენებს, 43%-ია. 2014 წელს 61%-იყო. 2016 წელს 65%-მდეც გაიზარდა და მას შემდეგ კლების ტენდენცია აქვს. დოლარიზაციის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი გამკაცრებულმა რეგულაციებმა შეიტანა. სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე 11 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, რაც იმის შედეგია, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა მეტად არის დარეგულირებული, ვიდრე უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მიღება. მაგალითად, აკრძალულია 500 ათას ლარამდე სიდიდის სამომხმარებლო სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა, თუ მსესხებელს შემოსავალი ლარში აქვს.

სესხების ნომინალურ გამოსახულებაში ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სესხების ფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ), რაც ეკონომიკის დაკრედიტების უფრო ზუსტი მაჩვენებელია. 2014 წელს საბანკო სესხები მშპ-ის მიმართ 39% იყო, ხოლო 2024 წლის ბოლოს – 68%. ყველაზე მაღალი – 78% – 2020 წელს იყო. ეკონომიკის სესხებზე დამოკიდებულების ზრდა მოსახლეობის შემოსავლის მატებამ და ბოლო 10 წელიწადში საპროცენტო განაკვეთის კლებამ განაპირობა. ამასთან ერთად, არ განვითარდა ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც ეკონომიკისთვის საბანკო სესხის ალტერნატივა იქნებოდა.

საპროცენტო განაკვეთები

2024 წლის ბოლოს ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 10.4% იყო, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე.  ბოლო 10 წელიწადში ლარში გაცემული სესხების საშუალო წლიური განაკვეთი 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ბოლოს 15.2% იყო. ლარში დეპოზიტებზე განაკვეთის ზრდამ და სესხებზე პირიქით, შემცირებამ, საპროცენტო მარჟა, ანუ სესხისა და დეპოზიტის პროცენტს შორის სხვაობა შეამცირა. 2014 წელს საპროცენტო მარჟა 10.5% იყო, ხოლო 2024 წლის ბოლოს – 4.8%. 

ლოგიკურად, ლარში გაზრდილი დეპოზიტების ზრდას დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ზრდა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, 2019 წლიდან ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზრდილია, რამაც ლარის დეპოზიტებზე პროცენტის ზრდა განაპირობა. თუმცა ლარის დეპოზიტების ზრდამ სესხების საპროცენტო განაკვეთზე ლოგიკური გავლენა იქონია და მნიშვნელოვნად შეამცირა. 2015-2020 წლებში სესხის საპროცენტო განაკვეთის კლების აშკარა ტენდენცია იყო, თუმცა 2021 წლიდან ინფლაციის დონის მატებამ სესხის პროცენტიც გაზარდა და ჯერ არ დაბრუნებულა 2020 წლის დონეზე.

განსხვავებული სურათია უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებში. ბოლო 10 წელიწადში  დეპოზიტზე განაკვეთი 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ბოლოს 2.6% იყო. სესხის განაკვეთი 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ბოლოს 9.3% იყო. რაც შეეხება მარჟას, ის კლების ნაცვლად 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.7%-ს გაუტოლდა. 

2015-2021 წლებში უცხოური ვალუტის დეპოზიტისა და სესხის პროცენტებს კლების ტენდენცია ჰქონდა, მარჟაც მცირდებოდა. თუმცა ბოლო 3 წელიწადში  ტენდენცია შებრუნდა, საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. მათ შორის, სესხის 3-ჯერ მეტად, ვიდრე დეპოზიტის. უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ძირითადად მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების მატებამ განაპირობა. ბოლო 3 წელიწადში   საპროცენტო მარჟის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ეროვნული ბანკის რეგულაციების გამკაცრებამ (მაგალითად, უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმის ზრდა და სესხის გაცემის მეტად შეზღუდვა) ითამაშა, უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების ხარჯი გაიზარდა, რაც სესხის პროცენტის ზრდას იწვევს.  

ბანკების მოგება

ბოლო 10 წელიწადში    საბანკო სექტორში დაფიქსირებული აქტივების, დეპოზიტებისა და სესხების ზრდა ბანკების მოგების ზრდაზე აისახა. 2024 წელს საქართველოში კომერციულმა ბანკებმა ჯამურად 3.1 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2014 წლის მოგებაზე 6.5-ჯერ მეტია. ჩავარდნა მხოლოდ პანდემიის დროს, 2020 წელს იყო, როცა ბანკების მოგება 99 მლნ ლარი იყო. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ ₾900-მილიონიანი ბუფერის მოთხოვნა იყო, რაც დროებით კომპანიების ხარჯში აისახა. თუ აღნიშნულ დროებით ღონისძიებას გამოვრიცხავთ, 2020 წელს ბანკების მოგება 1 მლრდ ლარი იყო.

ერთი საკითხია ბანკების მოგების ჯამური რიცხვი და მეორე საკითხია ბანკების მოგებიანობა, რაც სექტორის ეფექტიანობის მუშაობის უკეთესი მაჩვენებელია. 2024 წელს საბანკო სექტორში მოგება კაპიტალზე 21.8% იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 2014 წლის შემდეგ 8.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ყველაზე მაღალი, 26.9%, 2021 წელს იყო, თუმცა ამის მიზეზი  წინა წელს ხელოვნურად შექმნილი უსაფრთხოების ბუფერის შემცირება გახლდათ.

საბოლოო ჯამში, საქართველოში საბანკო სექტორი მზარდი, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნესია. პოლიტიკური არასტაბილურობის გამო 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის თებერვლამდე ლარში განთავსებული საბანკო დეპოზიტები 2.3 მლრდ ლარით შემცირდა. მეანაბრეებს დეპოზიტები ან გამოჰქონდათ ან უცხოურ ვალუტის დეპოზიტებზე გადაჰქონდათ. თუმცა მარტში 413 მლნ-ით ზრდა დაფიქსირდა, რაც მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ პროცესებს მეანაბრეების განწყობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აღარ აქვს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ლარის დოლარის მიმართ გაცვლითი კურსია, რომელიც იანვრის ბოლოს 2.88-მდე იყო გაზრდილი და მარტში 2.76-მდე შემცირდა.