აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ დაწესებული ტარიფებიდან ქვეყანას „ტრილიონობით დოლარი“ ერიცხება. თუმცა ტრამპის მონაცემები რეალურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ანალიტიკოსების შეფასებისგან, რომლებიც ამ თანხის მიღებას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში პროგნოზირებენ, რაც, აშშ-ის ხაზინდარის, სკოტ ბესენტის თანახმად, ყოველწლიურად $300 მილიარდს მიაღწევს.
„ტარიფებიდან ტრილიონობით დოლარი ირიცხება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე და ის ფაქტიც აღნიშნა, რომ სატარიფო გადასახადებს „ამერიკისთვის ინფლაცია ან რამე სხვა პრობლემა არ გამოუწვევია“, გარდა აშშ-ის ხაზინაში დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის შემოდინებისა. ამ განცხადების საპასუხოდ, ამერიკული Forbes-ი დაინტერესდა, თუ რეალურად რა თანხა მიიღო აშშ-მა ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებიდან.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ფისკალურ წელს, რომელიც სექტემბერში სრულდება, ქვეყანამ ტარიფებიდან $142 მილიარდის შემოსავალი მიიღო. მხოლოდ აპრილიდან, ტრამპის გაზრდილი ტარიფების ამოქმედების შემდეგ, შემოსავალმა $96 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება საბაჟო გადასახადებს: ტრამპის მიერ დაწესებული მაღალი სატარიფო განაკვეთების გავლენით, ივლისში წმინდა საბაჟო შემოსავლები დაახლოებით $27.7 მილიარდამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ $7.1 მილიარდს უტოლდებოდა.
ეს მნიშვნელოვანი ზრდაა მიმდინარე წლის სხვა პერიოდებთან შედარებითაც. მაგალითისთვის, თუ წმინდა საბაჟო შემოსავალმა ივნისში 27 მილიარდი დოლარი, მაისში 22 მილიარდი დოლარი, ხოლო აპრილში 16 მილიარდი დოლარი შეადგინა, ტრამპის ტარიფებამდე, მარტში, თებერვალსა და იანვარში, შესაბამისად, $8 მილიარდსა და $7-$7 მილიარდს უტოლდებოდა.
საბაჟო გადასახადები არის ტარიფები ან გადასახადები, რომლებსაც იმპორტიორები იხდიან საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში კომპანიები, ბიზნესები ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, დაფარონ გადასახადები ქვეყანაში საქონლის შემოტანისას. თუმცა რეალურად, აღნიშნული, როგორც წესი, გავლენას მომხმარებლებზეც ახდენს, რადგან კომპანიები, ტარიფების ეფექტიანი კომპენსაციისთვის, საქონელზე ფასების ცვლილებებს მიმართავენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივან სკოტ ბესენტის პროგნოზით, ტარიფები ყოველწლიურად $300 მილიარდს მოიტანს. მისივე შეფასებით, არსებობს შანსი, რომ ეს მაჩვენებელი 2026 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ხოლო საგადასახადო ფონდის დაშვებით, ტრამპის ტარიფები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით $2.5 ტრილიონს მოიტანს. არაკომერციული ორგანიზაცია Committee for a Responsible Federal Budget-ის შეფასებით, არსებული ტარიფები ფისკალური 2034 წლის დასრულების დროისთვის, აშშ-ის მშპ-ს $2.8 ტრილიონს შესძენს.
თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტარიფები, სავარაუდოდ, ოჯახისთვის საშუალოდ საქონელსა და გადასახადებზე დახარჯულ თანხას თითქმის $1,300-ით, 2026 წელს კი $1,700-ით გაზრდის.
პარალელურად, ტარიფები გავლენას აშშ-ში ინფლაციაზეც ახდენს. ამჟამად სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია) 2.7%-ია, ან 2.9%, თუ 2025 წლის ივნისამდე 12 თვეში საკვებისა და ენერგოპროდუქტების ფასებს გამოვრიცხავთ. ფასების ზრდა ნაწილობრივ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელ ტარიფებს უკავშირდება. იზრდება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტიც. ივლისში დეფიციტი თითქმის 20%-ით გაიზარდა და $291 მილიარდს მიაღწია.