უფასო ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia ყოველწლიურად პლატფორმაზე ყველაზე ხშირად მოძიებული თემების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. Wikimedia Foundation-ის მონაცემების მიხედვით, წელს ადამიანებმა Wikipedia-ს თემების კითხვაში ჯამურად დაახლოებით 2.4 მილიარდი საათი დახარჯეს.
2025 წელს, ყველაზე პოპულარული თემა, 44.9 მილიონი ნახვით, 10 სექტემბერს, სტუდენტებთან შეხვედრისას მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იყო. მხოლოდ მკვლელობიდან მეორე დღეს, კირკის Wikipedia-ს გვერდი 15 მილიონჯერ ნახეს – საშუალოდ, წამში 170-ზე მეტჯერ. ნახვების 40% კი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ფიქსირდებოდა.

Wikipedia-ს ყოველწლიურ სიაში, მეორე ყველაზე კითხვადი თემა 2025 წლის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია იყო – 42.5 მილიონი ნახვით. მესამე ადგილზე კი სერიული მკვლელის, ედ გეინის შესახებ ინფორმაცია, რომლის პოპულარობაც განსაკუთრებით, Netflix-ის სერიალ Monster-ის მესამე სეზონის გამოსვლის შემდეგ გაიზარდა. ეს სეზონი სწორედ გეინის ცხოვრებაზეა.
წარმოდგენილ თემებთან ერთად, Wikipedia-ს ყველაზე პოპულარულ გვერდების ხუთეულში მოხვდა აშშ-ის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პაპი ლეო XIV, რომელიც ამერიკაში დაბადებული პირველი რომის პაპია.

ათეულში გვხვდებიან Tesla-ს დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი და ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი, ზოჰრან მამდანი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წელს მთავარ თემას აშშ-ის პოლიტიკა წარმოადგენდა.
10 ყველაზე პოპულარული თემა ინგლისურენოვან Wikipedia-ზე 2025 წელს, გვერდის ნახვების მიხედვით:
- ჩარლი კირკი – 44.9 მილიონი
- 2025 წლის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია – 42.5 მილიონი
- ედ გეინი – 31.2 მილიონი
- დონალდ ტრამპი – 25.1 მილიონი
- პაპი ლეო XIV – 22.1 მილიონი
- ილონ მასკი – 20.2 მილიონი
- ზოჰრან მამდანი – 20.1 მილიონი
- ცოდვილები (2025 წლის ფილმი) – 18.2 მილიონი
- ოზი ოსბორნი – 17.8 მილიონი
- სუპერმენი (2025 წლის ფილმი) – 17 მილიონი














