ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მიმართვისას ტრამპი უკრაინასა და ღაზაში არსებულ ვითარებას, კლიმატის ცვლილებასა და „უკონტროლო მიგრაციის“ საკითხებს შეეხო და არც უცხოელი მოკავშირეების „გაკიცხვას“ მორიდებია. ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.
გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ტრამპმა თავისი დროის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკას დაუთმო და გაერო, მიგრაციის არასათანადო კონტროლის გამო, „დასავლეთის ქვეყნებზე თავდასხმის დაფინანსებაში“ დაადანაშაულა. „თუ არ შეაჩერებთ ადამიანებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ, ვისთანაც არაფერი გაქვთ საერთო, თქვენი ქვეყანა დაიშლება“, – განაცხადა ტრამპმა და ევროპა გააფრთხილა, რომ „დასავლეთის სტრუქტურა ინგრევა“.
გამოცემებმა ტრამპის მიგრაციაზე გამოსვლა ერთგვარ ლექციად და გაფრთხილებად შეაფასეს ევროპისთვის, რომელსაც ბოლო წლებში აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ტალღასთან უწევთ გამკლავება. რეალურად, ამჟამად უკვე გაეროში, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მიგრაციის პოლიტიკა – რომელიც აშშ-ში შესვლას მკაცრი ზომებით ზღუდავს – „ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა“.
ტრამპის თქმით, როგორც კი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ბრალდებული ყველა ადამიანი დააკავეს და დეპორტაციები დაიწყეს, „მათ უბრალოდ [ქვეყანაში] შესვლა შეწყვიტეს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპის ლიდერებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მემკვიდრეობა განადგურდება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ტრამპის ქარცეცხლში მოექცა, კლიმატის ცვლილების პოლიტიკა იყო, რომელსაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი საჯაროდ მანამდეც ხშირად აკრიტიკებდა. ტრამპის თქმით, კლიმატის ცვლილება „ყველაზე დიდი თაღლითობაა, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს“ და ქვეყნებს მწვანე ენერგიის ინიციატივებზე უარის თქმისკენაც მოუწოდა. მისივე შეფასებით, გაეროს ყველა პროგნოზი, მათ შორის გლობალური კატასტროფის შესახებ, მცდარი აღმოჩნდა.
ტრამპმა გაეროში გაჟღერებული „ორი სახელმწიფოს პრინციპის” წინადადებაც დაგმო და ეს „ჰამასისთვის” „ჯილდოდ” შეაფასა. ხოლო უკრაინაზე განაცხადა, რომ ამ ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი კარგი ურთიერთობა შედეგიან სამშვიდობო მოლაპარაკებებში არ გადაიზარდა.
თუმცა მოსკოვზე საუბრის ნაცვლად, მან კიდევ ერთხელ, ევროპული ქვეყნები რუსული ენერგეტიკული პროდუქტების შესყიდვის გამო გააკრიტიკა. ტრამპმა ჩინეთსა და ინდოეთს მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები უწოდა, თუმცა ევროპელები მონაწილეობაში დაადანაშაულა.
რუსეთის ქმედებებზე ტრამპმა უკვე უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. შეხვედრის შემდეგ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტი Truth Social-ზეც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ უკრაინამ ბრძოლა უნდა განაგრძოს და ქვეყანა „თავდაპირველი სახით დაიბრუნოს”. „პუტინი და რუსეთი დიდი ეკონომიკური პრობლემის წინაშე არიან და ახლა აქვს უკრაინას დრო, რომ იმოქმედოს”, – დასძინა ტრამპმა.
გაეროში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას ვერც თავად ორგანიზაცია გადაურჩა, რომლის რეზოლუციებსაც ტრამპმა „ცარიელი სიტყვები” უწოდა, რომლებიც ომს ვერ დაასრულებენ. ტრამპი გაღიზიანებული ჩანდა იმ ფაქტითაც, რომ გაერომ უგულებელყო მისი მცდელობები გლობალური კონფლიქტების დასრულების შესახებ.
„მე დავასრულე შვიდი ომი, ვითანამშრომლე თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და გაეროდან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებაზე სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია“, – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ მან UN-სგან მხოლოდ „ესკალატორი მიიღო, რომელიც ასვლისას ჩერდებოდა“. ამასთან ერთად კი, არაერთხელ შეეხო იმ ფაქტს, რომ გამოსვლის დაწყებისას ტელესუფლიორი არ მუშაობდა.
თუმცა ტრამპის რიტორიკა გაეროს წინააღმდეგ არავის გაჰკვირვებია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ორგანიზაციას დაფინანსება შეუმცირა და იუნესკოდან კიდევ ერთხელ გასვლის შესახებაც განაცხადა. ცნობისთვის, მომდევნო წლის დასასრულს, ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) დატოვებს. აშშ-ის გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის დეკემბერში შევა.