გავრცელებული ხმები გამართლდა და ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, უახლესი მოდელების წარდგენის ღონისძიებისთვის, ტრადიციისამებრ სექტემბრის პირველი ნახევარი შეარჩია. 9 სექტემბერს კალიფორნიის სათავო ოფისში გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა საზოგადოებას iPhone 16-ის სტანდარტული და პლუს ზომის მოდელები, 16 Pro და Pro Max-ი, Apple Watch Series 10, AirPods 4 და სხვა რამდენიმე ძირითადი სიახლე წარუდგინა.
ასევე გამართლდა გავრცელებული ხმები ახალ მოდელებში Apple Intelligence-ის დანერგვასთან დაკავშირებით. ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც iPhone 16-ის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პერსონალური დაზვერვის სისტემის Beta-ვერსია, მომავალი თვიდან, ეტაპობრივად, iOS 18.1-ის, iPadOS 18.1-ისა და macOS Sequoia 15.1-ს საშუალებით გაეშვება.
Apple Intelligence-ი თავდაპირველად აშშ-ში გამოჩნდება, შემდეგ კი ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც ინგლისური ენა გამოიყენება. სახელმწიფოებში, სადაც ფუნქცია დამატებითი ენის მხარდაჭერას საჭიროებს (მაგალითად, ფრანგული, იაპონური, ჩინური და ა.შ.) Intelligence-ით სარგებლობა მომხმარებლებს, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან შეეძლებათ.
Apple Intelligence-ი, შემოკლებით AI (ხელოვნური ინტელექტი), გენერაციული AI-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად შეიქმნა. მათ შორისაა ფოტოებისა და ტექსტის გენერირება, არსებული ფუნქციების გაუმჯობესება. ChatGPT-ისა და Google Gemini-ის მსგავსად, Apple-ის პლატფორმაც Large Language Models-ის გამოყენებით იხვეწებოდა.
Apple Intelligence-ი ხელმისაწვდომი შემდეგი მოდელებისათვის იქნება: iPhone 16-ისა და iPhone 16 Plus-ისთვის, iPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-ისთვის და შემდგომი მოდელებისთვის, ასევე M1 ჩიპისა და მომდევნო თაობის iPad-ისა და Mac-ებისთვის. ის დაემატება iPhone 15 Pro-სა და Pro Max-შიც.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში წელსაც Apple-ის უახლესი სმარტფონები აღმოჩნდა. ღონისძიებაზე Apple-მა iPhone 16-ის სტანდარტული და პლუს ზომის, ასევე iPhone 16 Pro-სა და Apple 16 Pro Max-ის მოდელები შემოგვთავაზა.
Apple-ის iPhone 16 Pro-ს 6.3-დუიმიანი დისპლეი, ხოლო Apple 16 Pro Max-ს 6.9-დუიმიანი ეკრანი აქვს, რაც უფრო დიდია, ვიდრე წინა მოდელების შემთხვევაში, რომელთა ზომები შესაბამისად 6.1 და 6.7 დუიმი იყო. ამასთან ერთად, Apple-ის ახალ მოდელებს, წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე თხელი ჩარჩოც ექნება, გაუმჯობესებულია ეკრანიც და ელემენტის შესაძლებლობებიც.
iPhone 16 Pro-სა და Apple 16 Pro Max-ის ახალი მოდელები ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: Black Titanium, White Titanium, Natural Titanium, Desert Titanium.
ამ ეტაპზე კომპანიას ახალი მოდელების ელემენტის შესაძლებლობებზე კონკრეტული დეტალები არ გაუსაჯაროებია. თუმცა, როგორც ღონისძიებისას აღინიშნა, iPhone 16 Pro Max-ს, „iPhone-ების ისტორიაში საუკეთესო ხანგრძლივობა“ ექნება. განახლებებით, ახალი მოდელი 15%-ით უფრო მეტხანს ძლებს, ვიდრე არსებული iPhone 15 Pro Max-ი. ცნობილია ისიც, რომ ახალ iPhone Pro-მოდელებში უფრო სწრაფ, A18-სერიის პროცესორებს ვიხილავთ.
A18-პროცესორი ასევე უზრუნველყოფს კამერის ახალ ფუნქციებს Apple-ისთვის, მათ შორისაა: ახალი 48-მეგაპიქსელიანი „Fusion კამერა“, რომელსაც მონაცემების წაკითხვა 2-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია და 48-მეგაპიქსელიანი ულტრაგაფართოების კამერა. Apple-მა ასევე Slow-motion 4K წარადგინა და ახალი კამერის კონტროლის ღილაკიც დაამატა.
Apple-ის ინფორმაციით iPhone 16 Pro-ს ფასი $999-დან, ხოლო Pro Max-ის ფასი $1199-დან დაიწყება. მოდელების წინასწარი შეკვეთა პარასკევიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო ფიზიკურ მაღაზიებში სმარტფონები 20 სექტემბერს გამოჩნდება.
iPhone 16-სა და iPhone 16 Plus-ს შესაბამისად 6.1-დუიმიანი და 6.7-დუიმიანი დისპლეი აქვს. A18-პროცესორის დახმარებით, ახალი მოდელები iPhone 15-ზე 40%-ით უფრო სწრაფია. განახლებულ მოდელებში კამერის კონტროლთან ერთად, კომპანია ახალ, 48-მეგაპიქსელიან კამერას გვთავაზობს. კამერის კონტროლის ღილაკის გარდა – რომელიც ერთი ღილაკის საშუალებით კამერაზე წვდომასა და სხვადასხვა ფუნქციის კონტროლს უზრუნველყოფს – iPhone 16-ის მოდელებს Action-ღილაკიც დაემატა.
iPhone 16-ის ფასი $799-დან, პლუს მოდელების ღირებულება კი – $899-დან იწყება. მოდელები ხელმისაწვდომი შემდეგ ფერებში იქნება: White, Black, Pink, Ultramarine, Teal.
ცხრა სექტემბრის ღონისძიება Apple-მა უახლესი Apple Watch Series 10-ის წარდგენით გახსნა. ახალ მოდელს Apple-ის საათების ისტორიაში ყველაზე თხელი დიზაინი და ყველაზე დიდი ეკრანი ექნება. Series 9-თან შედარებით, ეს მოდელი 10%-ით უფრო თხელია, ეკრანი კი 40%-ით უფრო კაშკაშა. კომპანიის განცხადებით, ტიტანის კორპუსით, ახალი საათი 20%-ით უფრო ნაკლებსაც იწონის. მოწყობილობა წყალში გამძლეობას 50 მეტრამდე ინარჩუნებს და 80%-მდე 30 წუთში იტენება. ახალი Watch-ის ბატარეა 18 საათს ძლებს.
აუდიოშესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მეათე სერიას ხმაურის ფონის უკეთ დაფარვა შეეძლება, რაც საუბარს უფრო მეტად გასაგებს გახდის. რაც შეეხება სპორტულ ფუნქციებს – კაიაკითა და კანოეთი მოცურავეებისთვისა და ნიჩბოსნებისთვის Apple Watch-ის სავარჯიშო აპს შეუძლია თვალყური ადევნოს მარშრუტებს და ნიჩბოსნურ აქტივობებს, საათს დაემატა სიღრმისა და წყლის ტემპერატურის ახალი სენსორებიც. გარდა ამისა, Series 10-ს ძილის აპნოეს გამოვლენაც შეეძლება. მოდელის ფასი $399-იდან იწყება.
ხოლო Apple Watch Ultra 2 მსურველებისთვის ახლა უკვე შავ ფერშიც ხელმისაწვდომი გახდა. განახლებული შესაძლებლობებითა და ფუნქციებით, კომპანიამ მას საუკეთესო სპორტული საათი უწოდა. Ultra 2-ის ფასი $799-დან იწყება.
ღონისძიებაზე Apple-მა ახალი AirPods 4 და განსხვავებული ფერების AirPods Max-იც წარადგინა. ამერიკული გიგანტის შეფასებით, ახალ AirPods-ებს ყველაზე კომფორტული დიზაინი გამოარჩევთ. ამ მოდელს, წინა თაობისგან განსხვავებით, რეზინიანი თავი არ ექნება, თუმცა ექნება „ხმაურის დახშობის“ ფუნქცია, რაც იმავე დიზაინის უფრო წინა თაობის მოდელებს არ ჰქონდათ.
ახალი AirPods 4 H2-პროცესორის საშუალებით მუშაობს. Apple-ის ინფორმაციით, ახალ მოდელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აუდიოშესაძლებლობები, ასევე უფრო მეტად შემცირდა გარე ხმაურის შემოღწევის ალბათობა. AirPods 4-ის ქეისი თავსებადია USB-C-თან და უკაბელოდაც იტენება.
ცნობისთვის, ახალი მოდელის ფასი $129 იქნება, თუმცა „აქტიური ხმაურის კონტროლის“ ფუნქცია მხოლოდ $179-იან მოდელებს ექნებათ.
ხოლო AirPods Max-ის შემთხვევაში, მთავარი განახლება სერიის ახალი ფერებია. მოდელი ხელმისაწვდომი ახლა უკვე სტაფილოსფერ, იასამნისფერ და ე.წ. starlight-ფერში იქნება. AirPods Max-ი კვლავ $549 ეღირება. ყველა ამ მოდელზე წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, მაღაზიებში კი ისინი 20 სექტემბრიდან გამოჩნდება.