რა წერია ევროკომისიის წერილში? - რვა რეკომენდაცია საქართველოს

რა წერია ევროკომისიის წერილში? - რვა რეკომენდაცია საქართველოს

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგვზანა და მისგან გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა.

დოკუნეტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 6 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო ვიზათა შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევები, რაც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. აქვე ნათქვამია, რომ ამ სტანდარტების შესაბამისობაში მოსვლისთვის, კომისიამ არაერთი რეკომენდაცია გამოსცა.

„ესენია საქართველოს ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, შეცვალოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა LGBTIQ პირების უფლებების სრულად დაცვა უზრუნველყოს,“ – აღნიშნულია წერილში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მთავრობის უმოქმედობის საპასუხოდ, ევროკავშირმა 2025 წლის იანვარში ნაწილობრივ შეაჩერა ვიზის გამარტივებული რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის, რის საფუძველზეც 12-მა წევრმა სახელმწიფომ უკვე დააწესა სავიზო მოთხოვნები ამ კატეგორიის პასპორტებზე.

აღსანიშნავია, რომ წერილს თან ერთვის რეკომენდაციების სია, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საქართველომ უნდა შეასრულოს:

  1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
  2. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
  3. საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლებიც ვიზას საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალურ მიგრაციას ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ.
  4. გაააქტიუროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალური ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.
  5. შექმნას აქტივების დაბრუნებისა და მართვის ოფისი და აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით ძალისხმევა გააძლიეროს.
  6. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს მათი განხორციელებისთვის ადეკვატური რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და განხილვას.
  7. ცვლილებები შეიტანოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  8. ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ივნისს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ, სხვა საკითხებთან ერთად, უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილებოდა. კალასმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.

კალასის ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას წერილი გაეგზავნებოდა, რომელიც კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიცავს – ამ პირობების გარკვეულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევთ.

„ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლების შეცვლას აიძულებს,“ – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გუშინდელი შეხვედრის წინ.

შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ ევროკომისია ქართული ოცნების ხელისუფლებას რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას 31 აგვისტომდე აძლევს.