რა წერია ჯორჯო არმანის ანდერძში Armani-ის შესახებ?

რა წერია ჯორჯო არმანის ანდერძში Armani-ის შესახებ?

ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის ანდერძის თანახმად, მემკვიდრეებმა მისი გარდაცვალებიდან 18 თვის განმავლობაში Armani-ის 15%-იანი წილი უნდა გაყიდონ. დოკუმენტში, რომელსაც Reuters-ი ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ შემდეგ ეტაპზე — გარდაცვალებიდან 3-დან 5 წლამდე პერიოდში — დამატებით 30%-დან 54.9%-მდე წილი იმავე მყიდველზე უნდა გასხვისდეს.

თუ ეს გეგმა ვერ განხორციელდება, ანდერძი ითვალისწინებს ალტერნატიულ ვარიანტს: Armani-ის მოდის სახლის საფონდო ბირჟაზე განთავსებას (IPO).

ანდერძში ასევე ნათქვამია, რომ პოტენციური მყიდველებიდან პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მოდის სფეროს კომპანიებს, რომელთაც Armani-ისთან უკვე აქვთ კომერციული კავშირები, მათ შორის LVMH-ს, L’Oreal-სა და EssilorLuxottica-ს.

არმანი, რომელიც 1970-იან წლებში შექმნილ კომპანიაში ერთადერთი მსხვილი აქციონერი იყო, გარდაცვალებამდე მოდის სახლის როგორც კრეატიულ, ისე მენეჯერულ პროცესებს სრულად აკონტროლებდა.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალების დროისთვის ჯორჯო არმანის ქონება 12.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ძირითადად Armani-ის მოდის სახლში 99.9%-იანი წილის წყალობით. დარჩენილი 0.1% მილანში დაფუძნებულ ფონდს ეკუთვნის, რომელიც არმანიმ 2016 წელს დააარსა.

შეგახსენებთ, ჯორჯო არმანი 2025 წლის 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მას შვილები არ დარჩენია.