რა წყალმა წაიღო შავი ზღვის კაბელი? 

რა წყალმა წაიღო შავი ზღვის კაბელი? 

27 იანვარს საქართველოში ინტერნეტი გაითიშა, რაც მაგთიკომმა საქართველოსა და თურქეთში ქსელის დაზიანებას დაუკავშირა. საქართველოს შეუძლია, ინტერნეტი პირდაპირ ევროპისგან მიიღოს: 1,200-კილომეტრიანი კაბელი, თურქეთისა და რუსეთის გვერდის ავლით, ბულგარეთთან გვაკავშირებს. რატომ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას?

შავი ზღვის ინტერნეტკაბელი 2008 წლიდან არსებობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაგრამ ის საქართველოსთვის სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. თუ რატომ, ამას სტატიაში გაიგებთ. 

როგორ შეიქმნა შავი ზღვის კაბელი

ევროპასთან დამაკავშირებელი ინტერნეტკაბელის გაყვანა კავკასუს ონლაინს უკავშირდება. კომპანია კავკასუს ნეთვორქის სახელით დაფუძნდა, მოგვიანებით კი ჯორჯია ონლაინთან, სანეტთან და ტელენეტთან გაერთიანდა და ასე შეიქმნა კავკასუს ონლაინი.

კაბელის გაყვანის მიზნით კომპანიამ  $40-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან $35 მილიონი EBRD-ისგან იყო მოზიდული. პროექტის საერთო ღირებულება კი $76 მილიონად შეფასდა. კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე სწორედ კავკასუსი გახდა.

კომპანია ფლობს საქართველოს რკინიგზის ტელეკომსა (GRT) და მის ინფრასტრუქტურასაც, 600 კმ-იან ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელსა და სარკინიგზო მაგისტრალებს. მაგისტრალები პარტნიორ ქსელებს აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, ასევე ვარნა-ფოთის წყალქვეშა კაბელს უკავშირდება.

დაგროვილი ვალდებულებების გამო 2016 წელს კავკასუსმა გადაწყვიტა, საცალო მომსახურების სეგმენტი გაეყიდა. იყო ეჭვები, რომ განიხილებოდა კაბელის გაყიდვაც რუსული ვიმპელკომის შვილობილ კომპანია ბილაინზე. კავკასუსმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მოლაპარაკება ვიმპელკომთან მხოლოდ საცალო სეგმენტის შესყიდვაზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ეს აქტივები მაგთიკომმა შეიძინა. 

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მაშინდელი თავმჯდომარე, ვატო აბაშიძე ამბობდა, რომ შავი ზღვის კაბელი “მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების, უშიშროებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტულობისთვის” და მისი გაყიდვისთვის ComCom-ის თანხმობა იქნებოდა საჭირო. 

2019 წლამდე კავკასუსს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის გავლით ფლობდა. 2019-დან კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შეიცვალა და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო დავა კომუნიკაციების კომისიასა და კავკასუს ონლაინს შორის.

კომუნიკაციების კომისია VS კავკასუს ონლაინი

მფლობელთა შეცვლას მოჰყვა კაბელის გასხვისება, რასაც კომუნიკაციების კომისიასთან მრავალწლიანი დავა და კაბელის გამოყენების შეფერხება მოჰყვა. 

2019 წელს აზერბაიჯანულმა Neqsol Holding-მა და მისმა მფლობელმა, ნასიბ ჰასანოვმა, ხვიჩა მაქაცარიასგან კავკასუსის 49%-იანი წილი 61 მილიონად, კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილების გარეშე შეიძინა. საქართველოს კანონმდებლობა კავკასუსს ავალდებულებდა, კომისიისთვის წილის გასხვისების შესახებ ეცნობებინა. შესაბამისად, გარიგება უკანონოდ იქნა ცნობილი და საქმე აღიძრა.

ერთი წლის შემდეგ ნასიბ ჰასანოვმა კავკასუსის დარჩენილი 51%-იც შეისყიდა  — კომისიის გაფრთხილების გარეშე. ComCom-მა კავკასუსს წილების პირველად მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, მიზეზად კი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობის აუცილებლობა და საქართველოს რეგიონული კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე დაასახელა.

2019-2020 წლებში კომუნიკაციების კომისიამ კავკასუსი წილების გასხვისებისთვის ხუთჯერ დააჯარიმა, ჯამში — 930,000 ლარით.

კავკასუსის გენერალური დირექტორი, რეზო კოპალაძე ამბობდა, რომ კომისია ითხოვდა იმას, რაზე გავლენაც მას არ ჰქონდა და კომისიის გადაწყვეტილების შესრულება დამოკიდებული იყო ნასიბ ჰასანოვზე, რომელიც ამ გარიგების საბოლოო ბენეფიციარი იყო.

თავის მხრივ, ნასიბ ჰასანოვი კავკასუსის შეძენას უკავშირებდა ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს, რომელსაც აზია და ევროპა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით უნდა დაეკავშირებინა.

2020 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელმაც კომისიას და მის ახალ მმართველს, კახა ბექაურს კავკასუსში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მისცა. ორი წლის განმავლობაში მმართველი სამჯერ შეიცვალა. დღეს ამ პოსტზე თამთა ტეფნაძეა.

სპეციალურ მმართველს მიენიჭა უფლება, გაეთავისუფლებინა კავკასუსის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და სასამართლოში გაასაჩივრებინა კომპანიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები.

კავკასუსში მიიჩნევდნენ, რომ კომისიის გადაწყვეტილება საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევის ტოლფასი იყო. ამის გამო ნასიბ ჰასანოვმა საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი 2020 წელს შეიტანა. დავა დღესაც გრძელდება.

კომპანიაში სპეცმმართველის დანიშვნა ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები მედიის თავისუფლებაზე, საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახებოდა.

რა ხდება დღეს

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრისთვის, ქვეყანაში მობილურ ინტერნეტს 5.6 მილიონზე მეტი აბონენტი იყენებს.

ბაზარზე წილები ასე ნაწილდება:

  • მაგთიკომი – 41.5%;
  • სილქნეტი – 35%;
  • სელფი – 23.3%
  • დანარჩენი – 0.2%

2016 წლიდან 2021 წლამდე, მომხმარებლისთვის ინტერნეტის მისაწოდებლად მაგთიკომი შავი ზღვის ინფრასტრუქტურას იყენებდა. 

2021 წელს მაგთიკომმა კავკასუსთან პარტნიორობა არ გააგრძელა და აღარც ინტერნეტი შემოაქვს შავი ზღვის სისტემით. კავკასუსი ინტერნეტს აღარც სილქნეტს აწვდის. 

ცნობილია, რომ კავკასუს ონლაინი ინტერნეტს აწვდის სელფის. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შავი ზღვის კაბელით შემოტანილ მობილურ ინტერნეტზე ქვეყანაში 10-20% მოდის. ბევრად უფრო მეტია წილი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

რა არის ამის მიზეზი? როგორც მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი, უჩა სეთური გვეუბნება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალტერნატივების სიიაფეა. ინტერნეტპროვაიდერები თურქეთის ქსელს სიიაფის გამო იყენებენ.

უჩა სეთური გვიდასტურებს იმასაც, რომ ქსელური დაერთებები საქართველოს აქვს რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან — ამ ქვეყნებიდან შემოდის ინტერნეტი და ეს გადამცემი ქსელები მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენება.

“უსაფრთხოების საბაბით კაბელის გაყიდვის ბლოკირებამ საქართველო, ფაქტობრივად, თურქეთის (და პოტენციურად – რუსეთის) მარშრუტზე დამოკიდებული გახადა, რაც ინტერნეტინფრასტრუქტურისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს”,  — გვეუბნება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი.

გიორგი ლუბარეცი ამბობს იმასაც, “სპეციალური მმართველის დანიშვნამ ინვესტორებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ თუ ისინი ისე არ მოიქცევიან, როგორც კახა ბექაურს სურს, მათი ინვესტიცია ჰაერში იქნება გამოკიდული, ხოლო საკუთრება ჩამოერთმევათ”.

იმპორტის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. Forbes Georgia-მ ამ ინფორმაციის მისაღებად და შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებული კითხვებით მიმართა კომუნიკაციების კომისიას, მაგრამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

არაა გამორიცხული, სიიაფე და ქსელის გამტარუნარიანობა ხარისხზეც ახდენდეს გავლენას. სწორედ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს 27 იანვარს დაფიქსირებული შეფერხებაც.

უკრაინული გამოცემა NV აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტ ჰაფიზ ბაბალზე დაყრდნობით წერს, რომ ნასიბ ჰასანოვი ილჰამ ალიევის დაცვის სამსახურის უფროსის, ბეილარ აიუბოვის მიერ კონტროლირებად ფიგურად მიიჩნევა, Neqsol Holding-ის საბოლოო ბენეფიციარი კი მმართველი ოჯახია (აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი). 

შეიძლება თუ არა არსებობდეს პოტენციური რისკები ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

გიორგი ლუბარეცი ფიქრობს, რომ ამ ტიპის რისკები არსებობს, მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. ადრესატამდე მისვლამდე მონაცემები ისედაც უამრავ სხვადასხვა ინფრასტრუქტურას გადის და ერთი კონკრეტული კავშირის მფლობელობა არ ნიშნავს სრულ კონტროლს ინფორმაციის ნაკადზე.

“დღეს ინტერნეტის ტრაფიკის უდიდესი ნაწილი დაშიფრულია, რაც ნიშნავს, რომ ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელს გადაცემულ ინფორმაციაზე საკმაოდ შეზღუდული წვდომა აქვს. მას შეუძლია გაიგოს, ვინ ვის უკავშირდება, მაგრამ არა – რას უგზავნის. თეორიულად, არსებობს რამდენიმე პოტენციური რისკი, მაგრამ ეს რისკები პრაქტიკაში ნაკლებად საგანგაშოა”, — გვიხსნის ის.

როგორია ინტერნეტის ხარისხი და ფასი საქართველოში

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თვალი სტატისტიკურ მონაცემებს უნდა შევავლოთ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა ოჯახების 91.5%-ს აქვს. 

მსოფლიო ბანკის 2023 წლის ციფრული პროგრესისა და ტრენდების ანგარიშით, საქართველოში მობილური ინტერნეტით გადმოწერის მედიანური სიჩქარე 30.5 მგბტ/წმ-ია. ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით სიაში პირველ ადგილზე მყოფ კატარს (160.3 მგბტ/წმ). ფიქსირებული ინტერნეტით გადმოწერის მედიანური სიჩქარე კი უფრო დაბალი, 25 მგბტ/წმ-ია.

განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს Speedtest Global Index-ი, რომლის თანახმადაც, 2024 წლის დეკემბრისთვის საქართველო მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარით 110 ქვეყანას შორის მეათე ადგილზეა და მაჩვენებელი 140.8 მგბტ/წმ-ს შეადგენს. ბევრად უფრო ცუდი შედეგი გვაქვს ფიქსირებული  (ე.წ. სახლის) ინტერნეტის კუთხით და 42 მგბტ/წმ-ით, 154 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზე ვართ. 

რაც შეეხება ფასებს, თუ World Population Review-ს ვენდობით, 2024 წლისთვის საქართველოში ინტერნეტის თვიური ხარჯი $17.6-ია, რითაც ქვეყანა 98 ქვეყანას შორის 75-ე პოზიციაზეა.

კომუნიკაციების კომისიის კვლევის თანახმად, ფიზიკური პირებისთვის მობილურ მომსახურებაზე დაბალი მოცულობის პაკეტები, ევროპულთან შედარებით, 1%-ით ძვირია, მაღალი მოცულობის პაკეტების, 10 გბ. ინტერნეტისა და 1,795 წუთის ღირებულება კი, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.

ამ დასკვნას არ ეთანხმებიან მაგთიკომში და მიაჩნიათ, რომ კომუნიკაციების კომისია „აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია“.

რა იქნება ხვალ

უპირატესობების მიუხედავად, დღეს ქვეყნის ინტერესებისთვის ვარნა-ფოთის კაბელის ეფექტიანი გამოყენება ვერ ხერხდება, რაც კერძო და საჯარო ინტერესების შეუთავსებლობის შედეგია. 

მთავრობამ ვერ შეძლო, მისივე შეფასებით, გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის თანხმობის გარეშე გასხვისების პრევენცია, სპეციალური მმართველის დანიშვნამ შედეგად მოიტანა კიდევ ერთი ხანგრძლივი საარბიტრაჟო დავა, საქართველო ინტერნეტისთვის ალტერნატიულ მარშრუტებზე გადავიდა და ვერც ვარნა-ფოთის კაბელი იქცა “ციფრული აბრეშუმის გზის” საკვანძო რგოლად.

პარალელურად, საუბარი დაიწყო კავკასიისა და ევროპის დამაკავშირებელ ახალ გადამცემ კაბელზე, რომლის საჭიროებაც გაზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ევროკავშირის მცდელობამ, ვაჭრობაში გვერდი აუქციოს რუსეთს, რომელზეც ევროპასა და აზიას შორის მონაცემთა გადაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი გადის.

ახალი პროექტი ევროკომისიის ინიციატივაა და “ციფრული აბრეშუმის გზის“ ალტერნატივას წარმოადგენს. კაბელის სიგრძე 1,555 კილომეტრი, ღირებულება კი 45 მილიონი ევროა. სამუშაოები 2030 წელს უნდა დასრულდეს. იგეგმება როგორც ელექტროენერგიის სატრანზიტო, ისე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობაც. 

შავი ზღვის ახალი კაბელი  შესაძლებლობას იძლევა, საქართველო ციფრულ ჰაბად და მთავარ კვანძად იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტზე. მაგრამ, შეძლებს თუ არა საქართველო პოტენციალის რეალიზებას, განვითარდება ახალი პროექტი თუ ევროპულ კურსთან ერთად დაიკარგება, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.