რა უნდა იცოდეთ კვებითი აშლილობის შესახებ

რა უნდა იცოდეთ კვებითი აშლილობის შესახებ

სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ინტერვიუ ფსიქიატრთან და ფსიქოთერაპევტთან, ნინო პატურაშვილთან


როგორ ავხსნათ მარტივად, რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა, კვებითი ქცევის მძიმე და ხანგრძლივი დარღვევაა, რომელიც იწვევს ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური ფუნქციონირების მნიშვნელოვან შეფერხებას.

რა მიზეზებით შეიძლება ადამიანს განუვითარდეს კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. ეს ავადმყოფობა გამოწვეულია ბიოლოგიური (გენეტიკური), ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთობლიობით. კვლევებით დასტურდება რომ გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში კვებითი აშლილობების განვითარების რისკი 50% ზე მეტია. ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელოვან როლს ასრულებს: იგულისხმება ადამიანის ემოციური მგრძნობელობა და მისი აზროვნების სტილი. ხშირად კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ  დეტალებზე ფოკუსირებული და პერფექციონისტული აზროვნება. მესამეა  სოციალური ფაქტორი რაც გულისხმობს იმ გარემოს და საზოგადოებას სადაც ვცხოვრობთ, საზოგადოება თავისი შეხედულებებით სხეულის წონაზე და ფორმებზე

რა ტიპის კვებითი აშლილობები არსებობს და რა განსხვავებებია მათ შორის? 

კვებითი აშლილობების ჯგუფში რამდენიმე დიაგნოზია, ესენია: ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია, უკონტროლო კვების აშლილობა, საკვებისგან თავის არიდება/შეზღუდვის აშლილობა, რუმინაცია – რეგურგიტაციის აშლილობა, პიკა და სხვა დაზუსტებული კვებითი აშლილობები. ჩემს პრაქტიკაში ძირითადად ანორექსია, ბულიმია და უკონტროლო კვების აშლილობა მხვდება. მათი სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საკვების შეზღუდვა, უკონტროლო კვების ეპიზოდები, მიღებული საკვებისგან გათავისუფლების ქცევები, წონაში მომატების აუტანელი შიში, სხეულის შემოწმება, აწონა, გაზომვა, კალორიების თვლა, ან ამ ყველაფრისგან თავის არიდება. ძალიან ძლიერი შფოთვა, გაღიზიანება  და სოციალური იზოლაცია.  ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი ამ აშლილობების არის სხეულის წონა, ანორექსიის შემთხვევაში წონა ძალიან დაბალია, ბულიმიის დროს ძირითადად ნორმალური, ხოლო უკონტროლო კვების აშლილობის დროს ზედმეტია სხეულის წონა ან ჭარბი.

რა სიმპტომებით შეიძლება შევნიშნოთ, რომ ადამიანს პრობლემები აქვს კვებასთან? 

კვებითი აშლილობის ამოსაცნობი ნიშნებია: 

  • კვების გამოტოვება, ან მიზეზის მოძებნა კვების თავიდან ასარიდებლად;
  • ზედმეტად მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა;
  • გადაჭარბებული ზრუნვა „ჯანსაღ კვებაზე“;
  • საკუთარი საკვების მომზადება და ოჯახის საკვებზე უარის თქმა;
  • ნორმალური სოციალური აქტივობებისთვის თავის არიდება;
  • მუდმივი წუხილი სიმსუქნეზე და წონის დაკლებაზე საუბარი;
  • სარკეში სხეულის ხშირი შემოწმება და ხარვეზებზე წუხილი;
  • დიდი რაოდენობით ტკბილეულის და მაღალკალორიული საკვების მიღების ეპიზოდები;
  • საფაღარათო და შარდმდენი საშუალებების გამოყენება;
  • საღეჭი რეზინის, წყლის, ყავის დიდი ოდენობით მოხმარება;
  • ინტენსიური და გადაჭარბებული ვარჯიში;
  • კანის დაზიანება ხელებზე და მუხლებზე, რაც შეიძლება იყოს ხელოვნურად გამოწვეული პირღებინების დროს;
  • კბილის ემალის დაზიანება, ასევე ხშირი პირღებინების შემთხვევაში;
  • კვების შეწყვეტა და საპირფარეშოს გამოყენება;
  • გაცილებით მეტი საკვების ან წასახემსებლის მიღება ვიდრე ეს ნორმალურია;
  • ზედმეტად დიდი და თბილი ტანსაცმლის ტარება;
  • სხვებისგან მალულად ჭამა;
  • ზიზღის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობის გამოხატვა თავისი კვებითი ქცევის გამო.

ბავშვებსა და მოზარდებში როგორ ვლინდება ეს პრობლემა?

ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან რთულია ამ ავადმყოფობის შემჩნევა, რადგან ისინი განსაკუთრებით მალავენ სიმპტომებს, ასევე ზრდასრულებიც. სიმპტომები შესაძლოა იყოს – მუდმივი სისუსტე, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, განწყობის მკვეთრი ცვლილება, სოციუმისგან იზოლირება.

რა გავლენას ახდენს კვებითი აშლილობა ჯანმრთელობაზე – როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად?

კვებითი აშლილობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად ითვლება. მას ასევე შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამ დროს ორგანიზმი არ იღებს საკმარის ნუტრიენტებს და ეს იწვევს ყველა ორგანოთა სისტემის დაზიანებას დროთა განმავლობაში. ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ენდოკრინული სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა და ნერვული სისტემა.

როგორ ხდება დიაგნოსტირება – რას უნდა მიაქციოს ყურადღება პირველ რიგში სპეციალისტმა?

რადგან ეს ავადმყოფობა ხშირად მოზარდობის ასაკს ემთხვევა, ეს პაციენტები ძირითადად ხვდებიან პედიატრთან. ასევე ბავშვთა გინეკოლოგთან, რადგან შეიძლება იყოს ამენორეა, ასევე შეიძლება მოხვდნენ გასტროენტეროლოგთან , რადგან არარეგულარული კვების გამო აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. მნიშვნელოვანია რომ ამ სპეციალისტებმა დეტალური ანამნეზი შეკრიბონ, გამოიკვლიონ მიზეზები, გაარკვიონ ხომ არ დაიკლო წონაში პაციენტმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორია მისი კვების რეჟიმი…

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ საჭიროა დახმარების მოძებნა?

ეს პაციენტები დახმარებას არ ეძებენ, უფრო მეტიც – არ თვლიან რომ ავად არიან. ეს ქცევები, როგორებიცაა – საკვების შეზღუდვა, გადამეტებული ვარჯიში ან ხელოვნურად გამოწვეული პირღებინება – პრობლემებთან გამკლავების საშუალება ჰგონიათ და არა თვითონ პრობლემა. ოჯახის წევრები და ახლობლები, თუ შეამჩნევენ მათ მსგავს სიმპტომებს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ მიმართოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტს, ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს.

რა სახის მკურნალობა არსებობს – ფსიქოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, ოჯახური თერაპია?

კვებითი აშლილობების მკურნალობისთვის კომპლექსური მიდგომაა ეფექტიანი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ ნაწილს (ფსიქიატრი და ზოგადი პროფილის ექიმი) და ასევე ფსიქოთერაპიულს (ინდივიდუალური, ჯგუფური ფსიქოთერაპია).

რა რეკომენდაციები არსებობს, საკვებთან და საკუთარ სხეულთან ჯანსაღი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად? 

აუცილებელია რეგულარული და ბალანსირებული კვება. სხეულთან დამოკიდებულების მხრივ, მნიშვნელოვანია საკუთარი სხეულის იმიჯის მიღება-ის შეიძლება სრულად არ იყოს სასურველი, თუმცა „იდეალური სხეული“ ხშირად სუბიექტური და გაურკვეველი ცნებაა.

მშობლებსა და ახლობლებს რას ურჩევდით, როგორ დაეხმარონ ადამიანებს, ვინც ამ მდგომარეობაშია?

მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს პრობლემის აღმოჩენა და პაციენტის დაყოლიება მკურნალობაზე, რადგან ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა გამოჯანმრთელების მეტ შანსს გვაძლევს. ეს ავადმყოფობა არის გამოწვეული ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორების ერთობლიობით, არ არის კონკრეტულად ვინმეს ან რამეს ბრალი, ამიტომ ვურჩევ მათ რომ იყვნენ მხარდამჭერი და არა გამკიცხავი ან მაკრიტიკებელი.

და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა სრულად განკურნება?

სწორი და კომპლექსური მიდგომით შესაძლებელია მოხდეს სრულად განკურნება, თუმცა შესაძლოა იყოს პერიოდული გამწვავებები. მკურნალობა ხანგრძლივია – ხშირად 6 თვეს ან მეტის მოითხოვს და მოიცავს როგორც მედიკამენტურ თერაპიას, ასევე ფსიქოთერაპიას.