მთიანი რელიეფის მქონე სახელმწიფოსათვის სამაშველო-სამძებრო ოპერაციებისა და ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხევების, მდინარის კალაპოტებისა და ხეობების მიმდებარედ მომხდარი ბუნებრივი მოვლენებისაგან დაზარალებულების დახმარება ცოცხალ ძალასთან ერთად შესაბამის ტექნიკურ შესაძლებლობებსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის გამართული, შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ვერტმფრენების ფლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ მთიან რეგიონებში ბუნებრივი კატაკლიზმები ხშირია.
შარშან, გუდაურში სამაშველო ოპერაციაზე გასულმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და მისი 8-კაციანი ეკიპაჟი შემთხვევას ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შარშან გავრცელებული ინფორმაციით ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა განიცადა ტექნიკურად გამართული იყო. კიდევ ერთი ვერტმფრენი 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების დროს ჩამოვარდა, თუმცა შემთხვევამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. ორივე შემთხვევაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი რუსული Mi-8 ტიპის შვეულმფრენი გახლდათ. შარშან სამაშველო საჰაერო ფლოტის განახლების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა, თუმცა შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს.
საინტერესოა, თუ რა ვერტმფრენები ირიცხება მთლიანობაში საქართველოს ბალანსზე სამაშველო-სამძებრო ოპერაციებისათვის. როგორც წესი, სამაშველო ოპერაციებისათვის შესაბამისი სამსახურები სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენებს იყენებენ. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021 წლის 31 დეკემბრის მოცემულობით, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე 12 შვეულმფრენი ირიცხებოდა. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის ვერტმფრენებზეა საუბარი, უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად საქართველო 2 ერთეულ Mi-8 სატრანსპორტო შვეულმფრენს ფლობს, რომელთაც სამაშველო, სამძებრო, სასაზღვრო კონტროლის, სატრანსპორტო, მომარაგებისა და ხანძრის ლიკვიდაციის მიზნებისათვის იყენებენ. რამდენიმე წლის წინ მათი რაოდენობა 4 ერთეულს შეადგენდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორმა ერთეულმა რუსულმა Mi-8-მ კატასტროფა განიცადა.
გარდა ამისა, ღია წყაროების თანახმად, საქართველო ერთ ერთულ Airbus-ის წარმოებულ AS-350 BV-i ტიპის შვეულმფრენსაც ფლობს. თუმცა უცნობია, რამდენად გამოიყენება აღნიშნული ვერტმფრენი სამაშველო მისიებში. სტიქიის ზონებში მისი მუშაობა საჯაროდ არ დაფიქსირებულა. დამატებით, სახელმწიფოს ბალანსზე ერთი ე.წ სუპერ პუმა, AS332 L1e ტიპის ვერტმფრენი ირიცხება, რომლის ექსპლუატაციაც შსს-ის ინფორმაციით არ ხდება. შესაბამისად, სამაშველო სამსახური მსგავსი ღონისძიებებისათვის ძირითადად სწორედ Mi-8 ტიპის რუსულ შვეულმფრენებს იყენებს.
შარშან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ 3 ახალი სამაშველო შვეულმფრენის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, სახელმწიფო ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-ს ჩვენს საკუთრებაში არსებულ „სუპერ პუმას“ უკან დაუბრუნებს, რაც გარიგებას 5.5 მილიონი ევროთი გააიაფებს. 26.5 მილიონ ევროდ სახელმწიფომ Airbus-ისაგან 3 ერთეული H-145 ტიპის სამაშველო ვერტმფრენის შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება 2022 წლის აგვისტოში გაფორმდა და პირველი ვერტმფრენი სახელმწიფოს 2023 წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს. მეორე და მესამე ერთეული H-145-ები კი სახელმწიფოს 2 და 3-თვიანი დაგვიანებით მიეწოდება.
მიუხედავად ამისა, სფეროს ექსპერტების განცხადებებით, სახელმწიფოს დღის წესრიგში არსებული საჭიროებებისათვის 3 ერთეული ახალი H-145-ის შეძენაც არასაკმარისია და საჭიროა უფრო დიდი და მაღალტექნოლოგიური სამაშველო საჰაერო ფლოტის ფლობა.