რა ვიცით AI-რობოტზე, რომელიც მელანია ტრამპთან ერთად თეთრ სახლში გამოჩნდა?

რა ვიცით AI-რობოტზე, რომელიც მელანია ტრამპთან ერთად თეთრ სახლში გამოჩნდა?

ფოტო: AP Photo/Jacquelyn Martin

 

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, თეთრ სახლში ტექნოლოგიურ სამიტზე ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მოკლე შესავალი სიტყვაც წარმოთქვა.

რობოტი, სახელად Figure 03, ტექნოლოგიურ სტარტაპ Figure AI-ის მიერ არის შექმნილი. მან მელანია ტრამპთან ერთად ნელა გაიარა თეთრი სახლის Cross Hall-ში, შემდეგ კი მიწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდა. რობოტი საუბრისას ხელის ჟესტებს იყენებდა, მან საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინა და 11 ენაზე, მათ შორის ქართულად, მიესალმა.

დემონსტრაციის შემდეგ რობოტმა დამოუკიდებლად გადაადგილება განაგრძო და სცენაზე მყოფ სპიკერებს გვერდი აუარა, რამაც მის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.

Figure AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრეტ ადკოკმა, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ რობოტი სრულად ავტონომიურად ფუნქციონირებდა, ადამიანის ჩარევის გარეშე. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ბენიოფმა, გააზიარა ვიდეო, რომელშიც Figure 03 საწყობში პაკეტებს ახარისხებდა. მისი შეფასებით, რობოტის შესაძლებლობები „შთამბეჭდავია“.

ცნობისთვის, 39 წლის ბრეტ ადკოკი ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორია, რომლის ქონება, Forbes-ის შეფასებით, დაახლოებით 19.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ასევე არის AI-ლაბორატორია Hark-ის დამფუძნებელი და უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიის, Cover-ის თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება Figure AI-ს, ის 2022 წელს დაარსდა და უკვე მოახერხა ტექნოლოგიური გიგანტების დაინტერესება. მათ შორის არიან NVIDIA, Microsoft-ი, Salesforce-ი და Samsung-ი. კომპანიამ 2025 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა, რის შედეგადაც მისმა შეფასებამ 39 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბრეტ ადკოკის თქმით, Figure AI-ის მიზანია, შექმნას ისეთი უნივერსალური რობოტები, რომლებიც მომავალში „ადამიანის შრომის ჩანაცვლებას“ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ „Figure 03“ კომპანიის ჰუმანოიდი რობოტების უახლეს მოდელს წარმოადგენს. იგი წინა ვერსიაზე, Figure 02-ზე, 9%-ით მსუბუქია და გაუმჯობესებული აუდიოსისტემით არის აღჭურვილი, რაც რეალურ დროში კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება რობოტი ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი. არსებული ინფორმაციით, მისი ბაზარზე გამოჩენა 2026 წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.