გუშინ Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელდა ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელშიც საქართველოც არის. მოგვიანებით, ოფიციალური განცხადება თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა, რის შემდეგაც აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალი გახდა ცნობილი.
გადაწყვეტილება უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, იმიგრანტები ფინანსურად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ და არ უნდა იქცნენ ამერიკელი ხალხის ფინანსურ ტვირთად.
შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს საიმიგრაციო პოლიტიკის სრულმასშტაბიანი გადახედვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მაღალი რისკის ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასულმა იმიგრანტებმა არ ისარგებლონ სოციალური დახმარებით და არ იქცნენ საზოგადოების ტვირთად.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებზე. მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ განაცხადის შეტანა და გასაუბრებაზე დასწრება, თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ვიზები არ გაიცემა.
განსაკუთრებული გამონაკლისი ვრცელდება ორმაგ მოქალაქეებზე. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სარგებლობს იმ ქვეყნის პასპორტით, რომელიც სიაში არ შედის, მასზე ვიზის გაცემის შეჩერება არ გავრცელდება.
გარდა ამისა, უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ ეხება ტურისტულ ვიზებს. ასევე, დეპარტამენტის განცხადებით, უკვე მოქმედი ვიზები არ გაუქმებულა. აშშ-ში შესვლის საკითხებზე კი პასუხისმგებლობა შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS) ეკისრება.
ცნობისთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემა 21 იანვრიდან შეჩერდება შემდეგ ქვეყნებში: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაპე-ვერდე, კოლუმბია, კოტ დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთი სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გასტანს საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების განკარგულება და შეიცვლება თუ არა ქვეყნების ჩამონათვალი საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვის დასრულების შემდეგ.












