რა ვიცით აშშ-სა და ჩინეთს შორის სტოკჰოლმში მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ?

რა ვიცით აშშ-სა და ჩინეთს შორის სტოკჰოლმში მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ?

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვედეთის დედაქალაქში მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკებების პირველი დღე გუშინ, 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ დასრულდა. სტოკჰოლმში დანიშნული შეხვედრები აშშ-ის სატარიფო ზავის გახანგრძლივებისა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო კავშირების შენარჩუნების მიზანს ემსახურება.

მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების მიერ სტოკჰოლმში წარდგენილ დელეგაციებს აშშ-დან ფედერალური ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ჩინეთიდან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჰე ლიფენი ხელმძღვანელობენ. აღნიშნული შეხვედრები, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ქვეყნებს შორის გამართული მოლაპარაკებების რიგით მესამე რაუნდია.

სტოკჰოლმის შეხვედრების დღის წესრიგში სატარიფო ზავის გახანგრძლივებაა, რათა მხარეებს ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიც ფენტანილის ტრეფიკინგთან დაკავშირებული აშშ-ის გადასახადები და ჩინეთის მიერ სანქცირებული რუსული და ირანული კომპანიებისგან ნავთობის შესყიდვებია, საკმარისი დრო მიეცეთ.

შვედეთში მოლაპარაკებების დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადა. შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საექსპორტო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის ევროპულ ავტომობილებზე, 15%-იანი გადასახადი დაწესდება. სხვა შემთხვევაში, ტრამპის მიერ გამოცხადებული „საპასუხო ტარიფები“ ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შესულიყო.

თუმცა ჩინეთის შემთხვევაში ვითარება შედარებით განსხვავებულია. მათ შორის, ჩინეთისთვის აშშ-ის საგადასახადო განაკვეთები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა მსხვილი ეკონომიკებისთვის. ამჟამად აშშ-ში იმპორტირებული ჩინური საქონელი, ჯამურად, 51%-ით, ხოლო აშშ-ის საქონლის ექსპორტი ჩინეთში 32.6%-ით იბეგრება. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებს შორის შეთანხმება 12 აგვისტომდე არ მიიღწევა, აშშ ჩინეთის საქონელზე ტარიფების 145%-მდე გაზრდითაც კი იმუქრება.

არსებული მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში, ტარიფების სიმულატორის პროგნოზით, ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტი 2027 წლისთვის შესაძლოა ნახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდეს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირის განცხადებით, ევროკავშირთან, იაპონიასა და სხვა სახელმწიფოებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ქვეყნის წარმომადგენლობა ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციითაა წარმოდგენილი. მისივე შეფასებით, ჩინეთთან არსებული რეგულარული შეხვედრებიც მათ მოლაპარაკებებისთვის კარგ საფუძველს აძლევს.

კვირას, შოტლანდიაში, ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების გამოცხადებისას, ტრამპი მოკლედ ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობებსაც შეეხო: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩინეთთან შეთანხმებასთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

სტოკჰოლმში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის დღეს განახლდა. გუშინდელი 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მხარეებს ოფიციალური განცხადება და კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თუმცა შეხვედრების დანიშვნამდე, ბესენტი მოლაპარაკებების მთავარ საკითხებს შეეხო. მან განაცხადა, რომ უახლესი რაუნდი შესაძლოა თემების უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის სანქცირებული რუსული და ირანული ნავთობის შესყიდვასაც მოიცავდეს.

ამის საპირისპიროდ, ივნისში ჩინეთის მიერ აშშ-დან სამი ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტის იმპორტი თითქმის ნულს გაუტოლდა. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აზიურმა ქვეყანამ თავისი მთავარი კონკურენტისგან ნედლი ნავთობის იმპორტი არ განახორციელა.

გარდა ამისა, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ცენტრშია პეკინის მხრიდან იშვიათი მიწაელემენტების ექსპორტზე გამკაცრებული შეზღუდვები, რომლებიც პეკინმა აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობის შემცირების შემდეგ შეამსუბუქა.

რაც შეეხება ფენტანილის საკითხს, ამ მხრივ მთავარი პრობლემა აშშ-ის პოზიციაა, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინური კომპანიები უკანონო ნარკოტიკული საშუალების წარმოებაში არიან ჩართულნი. ამ მიზეზით, აშშ-მა ფენტანილთან დაკავშირებულ იმპორტზე 20%-იანი ტარიფები დააწესა, რომლის შემსუბუქებაც ჩინეთის პრიორიტეტებს შორისაა.