პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების გლობალური გათიშვის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით აეროპორტები, საავადმყოფოები, ბანკები, ტელევიზიები და სხვა დაწესებულებები შეფერხებით მუშაობდნენ. გლობალურ IT-შეფერხებაზე პასუხისმგებელი კიბერუსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ია, რომელმაც პრობლემის გაჩენიდან განცხადება მალევე გაავრცელა და მომხდარის მიზეზად პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებში არსებული „დეფექტი“ დაასახელა.
სერვისების გლობალური გათიშვის შესახებ ცნობები პარასკევს დილიდან გავრცელდა, რამდენიმე საათით გაერთიანებულ სამეფოში შეჩერდა Sky News-ის მაუწყებლობაც. საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის მონაცემებით, გადაიდო 1,400-მდე ფრენა, IT-გათიშვამ აეროპორტებში სისტემის გაუმართაობა და შეფერხებით მუშაობა გამოიწვია.
გათიშვამ ასევე იმოქმედა Microsoft-ის Azure და Office365 სერვისების გლობალურ მომხმარებლებზე. როგორც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტექნოლოგიური კომპანია აღნიშნავს, გათიშვის შედეგად მომხმარებლებს წვდომა შეუწყდათ Microsoft 365-ის სხვადასხვა აპლიკაციასა და სერვისებზე.
ავიაკომპანიები, როგორიცაა ავსტრალიური Qantas-ი და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი Frontier-ი და Sun Country Airlines-ი იძულებულები გახდნენ, ფრენები გადაედოთ ან თვითმფრინავების ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიეღოთ. ევროპაში არ ფუნქციონირებდა Ryanair-ის აპლიკაცია, რის გამოც მომხმარებლები ფრენის განრიგების შემოწმებას ვერ ახერხებდნენ.
IT-ხარვეზების გამო შეფერხებით მუშაობდა ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტი, ხოლო შოტლანდიაში ედინბურგის აეროპორტი. ფრენების გაუქმება და გადავადება მოუწია KLM-საც. ავიაკომპანიის განმარტებით, მომსახურება უბრალოდ „შეუძლებელი იყო“. ცნობისთვის, შეფერხების გამო, ბერლინში ვერ დაეშვა ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავიც.
აეროპორტებისა და ავიაკომპანიების გარდა, პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხება გლობალურად სხვა ინდუსტრიებსაც შეეხო. გაერთიანებულ სამეფოში სუპერმარკეტები, როგორიცაა Aldi, Morrison’s-ი და Waitrose-ი ბარათით საგადასახადო ოპერაციების ვეღარ აწარმოებდნენ. შეფერხების გამო გაერთიანებულ სამეფოში საავადმყოფოებს ოპერაციების გადადებაც მოუწიათ – შეუძლებელი გახდა პაციენტთა ჩანაწერებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
გათიშვიდან მალევე გაკეთებულ განცხადებაში, Crowdstrike-ის აღმსრულებელმა დირექტორმა ჯორჯ კურცმა დაადასტურა, რომ შეფერხების მიზეზი Windows-ის კონტენტის განახლების „დეფექტი” გახდა: „Crowdstrike-ი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან, რომლებიც აღნიშნული შეფერხების გამო დაზარალდნენ“.
მისივე განმარტებით, შეფერხება არ შეხებიათ Mac-ისა და Linux-ის მომხმარებლებს. კურცის შეფასებით, შემთხვევას არანაირი კავშირი არა აქვს უსაფრთხოების საკითხების დარღვევასა და კიბერშეტევასთან, პრობლემა უკვე იდენტიფიცირებულია და გამოსწორებას ექვემდებარება.
Crowdstrike-მა მომხმარებლებს ურჩია, განახლებისთვის მხარდაჭერის პორტალს მიმართონ, ხოლო ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებენ მის სერვისებს, განაგრძონ კომუნიკაცია Crowdstrike-ის წარმომადგენლებთან „ოფიციალური არხებით”. „ჩვენი გუნდი სრულად მობილიზებულია Crowdstrike-ის მომხმარებლების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კურცმა.
შეფერხების აღმოფხვრის შესახებ განცხადება გაავრცელა Microsoft-მაც. ამერიკული ტექნოლოგიური ფირმა წერს, რომ შეფერხების გამომწვევი მიზეზი უკვე აღმოფხვრილია, აპლიკაციებისა და სერვისების ნაწილი კი სრულად აღდგენილი.
კიბერუსაფრთხოების ფირმა CrowdStrike-ი პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს, რომელიც კომპანიებს ჰაკერების აღმოჩენასა და დაბლოკვაში ეხმარება. CrowdStrike-ის სერვისით Fortune 500-ში შემავალი მრავალი კომპანია, მათ შორის წამყვანი გლობალური ბანკები, ჯანდაცვისა და ენერგეტიკული კომპანიები სარგებლობენ. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების დაცვისთვის კომპანია ღრუბლოვან ტექნოლოგიას იყენებს. სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა კიბერკომპანიებისგან, რომელთა დაცვის პროგრამა პირდაპირ, სარეზერვო სერვერის სისტემებზეა მიმართული.