რა ვიცით ილონ მასკის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ შესახებ?

რა ვიცით ილონ მასკის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ შესახებ?

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მომავალი ადმინისტრაციის წევრების ნაწილის ვინაობა გაამხილა. ტრამპის მიერ დასახელებულ პირებს შორის მოხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, რომელიც ჯერჯერობით არარსებულ, „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ ჩაუდგება სათავეში.

მასკთან ერთად ახლად შექმნილ დეპარტამენტს ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებს. ტრამპის განცხადებით, კომისია არა ოფიციალური სამთავრობო უწყება, არამედ მრჩეველთა საბჭო იქნება, რომელიც „მთავრობას გარედან უხელმძღვანელებს და კონსულტაციებს გაუწევს“.

დეპარტამენტის მთავარი მიზანი „სამთავრობო ბიუროკრატიის დემონტაჟი, ჭარბი რეგულაციებისა და უსარგებლო ხარჯების შემცირება და ფედერალური სააგენტოების რეკონსტრუქცია” იქნება. მომავალი პრეზიდენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი მუშაობას 2026 წლის 4 ივლისს შეაჯამებს და დაასრულებს. თუმცა, მასკი, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდობს, რომ ეს „ბევრად უფრო სწრაფად მოხდება“.

დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკისა და დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა. თუმცა, ამერიკული Forbes-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტებსა და კამპანიებზე დაყრდნობით გარკვეულ პროგნოზებს უკვე აქვეყნებს.

ტრამპის მიერ ახალ დეპარტამენტთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დოკუმენტი, პლატფორმა X-ზე, ვივეკ რამასვამიმ შემდეგი ტექსტით გადააზიარა: „უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხელისუფლება წარმოუდგენლად უკანონოდ მოქმედებს. მათი დასჯა გამოსავალი არ იქნება, საჭიროა მათი (ძალაუფლების) შემცირება“.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ დეპარტამენტის მეორე ხელმძღვანელი, ილონ მასკი აშშ-ის ფედერაციული სააგენტოების რაოდენობის 75%-ით შემცირების მომხრეა. თუმცა დაფინანსების ნებისმიერ ფართო ცვლილებას კონგრესისგან დამტკიცება სჭირდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სტატია Wall Street Journal-მაც გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს, მილიარდერს აშშ-ის სამთავრობო სააგენტოების – მათ შორის, ფედერაციული სავაჭრო კომისიის, შიდა შემოსავლების სამსახურის, იუსტიციის დეპარტამენტისა და ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის მარეგულირებელი კომისიის შემცირება აქვს განზრახული.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მასკმა Joe Rogan Experience-ის პოდკასტშიც ისაუბრა. მილიარდერმა განაცხადა, რომ ისურვებდა „გარკვეული დეპარტამენტები უფრო მცირე ზომის იყოს“ და „მხოლოდ კონგრესის უფლებამოსილებით ფუნქციონირებდეს“.

გარდა ამისა, მასკი სამთავრობო ხარჯების შემცირების მომხრეცაა. გასულ თვეს გაკეთებულ განცხადებაში იგი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობის $6.75-ტრილიონიანი ბიუჯეტის სულ მცირე $2 ტრილიონით შემცირება შესაძლებელია ისე, რომ არსებითად მნიშვნელოვანი სერვისები არ დაზარალდეს.

საინტერესოა დეპარტამენტის დასახელებაც. „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ აბრევიატურა DOGE გამოდის, რასაც ამერიკული Forbes-ი მასკის კრიპტოვალუტა Dogecoin-ს უკავშირებს. ფაქტია, DOGE-ის დაანონსების შემდეგ, Dogecoin-ის ღირებულება 15%-ით გაიზარდა.

წინასაარჩევნო პერიოდში ილონ მასკი რესპუბლიკელთა კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და კამპანიის უმსხვილესი დონორი იყო. ტრამპის მხარდამჭერ PAC-ებს მასკმა $120 მილიონამდე შესწირა. მასკმა ტრამპის გაპრეზიდენტების გავლენით, მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელიც მიიღო. ბიზნესმენის ქონება არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ $50 მილიარდზე მეტით გაიზარდა და ახლა, Forbes-ის შეფასებით, $309 მილიარდს შეადგენს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მისი ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება. ამის შემდეგ, ტრამპი თეთრი სახლის ხელმძღვანელობას მოქმედი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან გადაიბარებს და მოვალეობის შესრულებას შეუდგება.