რა ვიცით ჯეფ ბეზოსის ახალი $100-მილიარდიანი AI-ფონდის შესახებ?

რა ვიცით ჯეფ ბეზოსის ახალი $100-მილიარდიანი AI-ფონდის შესახებ?

ფოტო: Eva Marie Uzcategui / Bloomberg via Getty Images

 

ჯეფ ბეზოსი თავისი ახალი ფონდისთვის, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტით დაზარალებული საწარმოო კომპანიების შეძენაა, $100 მილიარდის დაფინანსების მოზიდვას გეგმავს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კავშირშია Amazon-ის დამფუძნებლის საიდუმლო პროექტ Project Prometheus-თან, რომელიც AI-ის გამოყენებით მრეწველობის ინდუსტრიის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული.

ბეზოსის ფონდის შესახებ ინფორმაცია პირველად Financial Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის რეპორტაჟის თანახმად, დაფინანსების საკითხზე ბეზოსი მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებული საამიროების სუვერენული სიმდიდრის ფონდთან და JPMorgan-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეიმი დაიმონთან აწარმოებდა. ასევე, ცოტა ხნის წინ ის თანხების მოსაზიდად სინგაპურშიც იმყოფებოდა.

WSJ-ისა და FT-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, ფონდი აღწერილია, როგორც „მრეწველობის ტრანსფორმაციის მექანიზმი“, რაც მას პირდაპირ აკავშირებს ბეზოსის საიდუმლო AI-სტარტაპთან — Project Prometheus-თან. ეს უკანასკნელი ამერიკელმა მილიარდერმა გასული წლის ნოემბერში დააარსა და მისი მთავარი მიზანი ინჟინერიისა და მრეწველობის სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაა.

დაუდასტურებელი ცნობებით, Project Prometheus-ს უკვე აქვს $6.2 მილიარდის დაფინანსება, რომლის დიდი ნაწილიც, სავარაუდოდ, თავად ბეზოსისგან მოდის. მილიარდერი Google Life Sciences-ის თანადამფუძნებელ ვიკრამ ბაჯაჯთან ერთად AI-სტარტაპის თანააღმასრულებელი დირექტორის პოზიციასაც შეითავსებს. Project Prometheus-ის დირექტორთა საბჭოში განიხილება ბეზოსის მიერ დაარსებული კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლიმპის დანიშვნაც.

San Francisco Standard-ის ინფორმაციით, ახალი სტარტაპისთვის გასულ წელს სან-ფრანცისკოში მდებარე 30 000 კვადრატული ფუტის საოფისე ფართზე საიჯარო ხელშეკრულებაც გაფორმდა. თუმცა, ანგარიშის თანახმად, კომპანია ამჟამად შედარებით დიდი საოფისე სივრცის ძიებაშია.

შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2021 წლის ივლისში დატოვა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ბეზოსი $222.6 მილიარდის ქონებას ფლობს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. ბეზოსის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი Amazon-ში მის 9.6%-იან წილზე მოდის.