დღეს, 19 ოქტომბერს, ქურდების ჯგუფმა ლუვრში კალათიანი ამწეს გამოყენებით სამკაულები მოიპარა და სკუტერებით გაიქცა. საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ განაცხადა, რომ ძარცვა მუზეუმის გახსნიდან მალევე მოხდა და დასძინა, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
კულტურის მინისტრმა მოპარულ სამკაულებს „ფასდაუდებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „პროფესიონალური“ ოპერაცია მხოლოდ ოთხ წუთს გაგრძელდა. დატიმ ასევე თქვა, რომ მოპარული სამკაულებიდან ერთ-ერთი მუზეუმის გარეთ იპოვეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ „დიდი ძარცვაში“, როგორც მან უწოდა, სამიდან ოთხამდე ქურდი მონაწილეობდა.
ქურდების სამიზნე აპოლონის გალერეა (Galerie d’Apollon) იყო, მუზეუმის ფრთა, სადაც ძვირფასი ჭურჭელი და სამკაულებია გამოფენილი, მათ შორის საფრანგეთის გვირგვინის სამკაულების ნაწილები.
წყაროებმა ფრანგულ გაზეთ La Parisien-ს განუცხადეს, რომ მოპარულ სამკაულებს შორის არის ყელსაბამები, საყურეები, ბროში და ორი გვირგვინი, მათ შორის ერთი იმპერატრიცა ეუხენიას, იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლეს ეკუთვნოდა.
სამართალდამცველი ორგანოების წყაროებმა Agence France-Presse-ს განუცხადეს, რომ ქურდები შემთხვევის ადგილზე მუზეუმის გახსნიდან დაახლოებით ოცდაათი წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დილის 9:30-9:40 საათზე მივიდნენ. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ისინი სკუტერებით იყვნენ და ძარცვის დროს ამწე და ხელის პატარა ხერხები გამოიყენეს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ეს არის „ჩვენს ისტორიასა და მემკვიდრეობაზე თავდასხმა“. მისივე თქმით, გამომძიებლები ქურდების სწრაფად საპოვნელად სრულად არიან მობილიზებულები.
ეს პარიზის მუზეუმში მომხდარი ხმაურიანი ძარცვის მხოლოდ უკანასკნელი შემთხვევაა. სექტემბერში ქურდების ჯგუფმა პარიზის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმიდან ოქროს ნიმუშები მოიპარა. მუზეუმის ცნობით, მოპარული ნიმუშების ღირებულება დაახლოებით 600 000 ევროს შეადგენდა.
მუზეუმის კიდევ ერთი ხმაურიანი ძარცვა 2024 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ქურდები დღისით Musée Cognacq-Jay-ში შეიჭრნენ და დამთვალიერებლების თვალწინ სამკაულები მოიპარეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვებით მორთული თამბაქოს ორი ყუთი, რომლებიც მუზეუმისთვის დროებით იყო გადაცემული. ივლისში გამოცემა New York Times-მა განაცხადა, რომ სამეფო კოლექციების ტრასტმა, ორგანიზაციამ, რომელიც სამეფო ოჯახის ხელოვნების კოლექციას მართავს, ქურდობის შემდეგ 4 მილიონი დოლარის ოდენობის სადაზღვევო კომპენსაცია მიიღო.
ალბათ ყველაზე ცნობილი მაინც 1911 წლის ძარცვაა. ამ დროს ქურდმა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ მოიპარა. ქურდობამ ნამუშევარი მთელ მუზეუმში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელოვნების ნიმუშად აქცია. ქურდი მოგვიანებით იდენტიფიცირდა, როგორც ვინჩენცო პერუჯა, ლუვრის თანამშრომელი, რომელმაც რენესანსის შედევრი ქურთუკის ქვეშ დამალა და მუზეუმიდან ისე გავიდა. პერუჯა ნახატს ორი წლის განმავლობაში თავის ბინაში მალავდა, სანამ გაყიდვის მცდელობისას არ დაიჭერდნენ.
ლუვრი პარიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელმაც გასულ წელს სულ 8.7 მილიონი ვიზიტორი მიიზიდა.