ინტერპოლით ძებნილი მოლდაველი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომელიც მოლდავეთში ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შექმნასა და თაღლითობის არაერთ საქმეშია ბრალდებული, საბერძნეთში დააკავეს. პლაჰოტნიუკის დაკავების შესახებ ინფორმაციას მოლდავეთის ეროვნული პოლიცია ადასტურებს.
მოლდავეთის დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ქვეყნიდან 2019 წელს, კორუფციასთან დაკავშირებული რიგი ბრალდებების წარდგენის შემდეგ გაიქცა. მოლდავეთის ხელისუფლების მტკიცებით, პლაჰოტნიუკის ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა 2012-2014 წლებში ქვეყნის უმსხვილესი ბანკებიდან €850 მილიონის გაქრობის საქმესთანაა დაკავშირებული. ბანკებიდან გაუჩინარებული თანხა იმ დროს ქვეყნის წლიური მშპ-ის დაახლოებით ერთი მერვედის ეკვივალენტური იყო.
მოლდავეთის პოლიციას პლაჰოტნიუკისა და კიდევ ერთი მოლდაველი პირის დაკავების შესახებ ინტერპოლის ათენის ოფისიდან აცნობეს. როგორც ცნობილია, ინტერპოლით საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლიგარქი, თანმხლებ პირთან ერთად, ათენის აეროპორტში დააკავეს.
ხელისუფლებას მეორე დაკავებულის ვინაობა არ გაუსაჯაროებია. თუმცა, მედიის ცნობით, მეორე პირი მოლდავეთის პარლამენტის ყოფილი წევრი კონსტანტინ ცუცუა. რუსეთში ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობაში ბრალდებული ცუცუ, ისევე როგორც პლაჰოტნიუკი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა შორის იყო.
პლაჰოტნიუკი, რომელიც მოლდავეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, წლების განმავლობაში მოლდავეთის პარლამენტის წევრი იყო. ოლიგარქი მოლდავეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წელს გაიქცა, მას შემდეგ, რაც თავის დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო და მის სახელს თაღლითობის საქმეზე რიგი ბრალდებები დაუკავშირდა.
პლაჰოტნიუკს ბრალი პრორუსულ პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობასა და მოლდავეთის პროევროპული კურსის ჩაშლის მცდელობაში ედებოდა. ცნობისთვის, პლაჰოტნიუკი მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებას უარყოფს. პლაჰოტნიუკი მოლდავეთის ორი მოწვევის პარლამენტარი და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მმართველობის დროს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო.
პლაჰოტნიუკი აშშ-მ 2020 წელს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი წლების განმავლობაში უცნობი იყო. გავლენიანი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი 2022 წელს სავარაუდო კორუფციის ბრალდებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. 2022 წელს პლაჰოტნიუკი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა გაერთიანებულმა სამეფომაც და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ასევე გაყინა ოლიგარქის აქტივებიც.