სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა რომის ახალი პაპი აირჩიეს. მისი ვინაობა უკვე ცნობილია — კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური რობერტ ფრენსის პრევოსტი გახდა, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ სახელად ლეო XIV დაირქვა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია.
პაპად არჩევისთვის კარდინალთა ორი მესამედის მხარდაჭერა იყო საჭირო, რაც პრევოსტმა, როგორც ჩანს, მეოთხე კენჭისყრაზე მოიპოვა. მანამდე ორი წარუმატებელი კენჭისყრა ხუთშაბათს დილით და ერთიც ოთხშაბათს ჩატარდა.
როცა სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, სან-პეტროს მოედანზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ახალი პაპის არჩევის შესახებ შეიტყო. ისინი აღნიშნულ ფაქტს შეძახილით შეხვდნენ: „გაუმარჯოს პაპს!“
კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ პრევოსტი ახალ პაპად წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოაცხადა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, რაც სიქსტეს კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. აივანზე გამოსული ლეო XIV-ის პირველი სიტყვები მსოფლიოსადმი იყო: „მშვიდობა ყველას!“. მან ხალხს გზის შიშის გარეშე გაგრძელებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ „ღმერთს ყველა უყვარს; ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.“
აღსანიშნავია, რომ ახალი პაპის არჩევას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ლეო XIV-ისადმი მილოცვა Truth Social-ზე გამოაქვეყნა: „ჩემთვის დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა აღმაფრთოვანებელია და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!“
რა ვიცით ლეო XIV-ის შესახებ?
69 წლის რობერტ ფრენსის პრევოსტი, რომელიც დღეიდან პაპ ლეო XIV-დ იწოდება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში დაიბადა. მან ჩიკაგოს კათოლიკური თეოლოგიური კავშირისგან (CTU) თეოლოგიის დიპლომი მიიღო. პრევოსტმა ვილანოვას უნივერსიტეტშიც ისწავლა, სადაც მათემატიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში კანონიკური სამართალი შეისწავლა და 1982 წელს ხელდასხმა მიენიჭა.
მისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს დროს რობერტ ფრენსის პრევოსტი ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტი იყო, რაც ვატიკანში გავლენიანი თანამდებობაა, რადგან ის ეპისკოპოსების დანიშვნას აკონტროლებს. ლეო XIV 2014 წლიდან 2023 წლამდე პერუს ქალაქ ჩიკლაიოს ეპისკოპოსად მსახურობდა და კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში გაატარა, რომლის მოქალაქეობაც აქვს. 2023 წელს ფრანცისკემ იგი კარდინალად დანიშნა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლეო XIV ფრანცისკეს ღირებულებებს გაიზიარებს, მათ შორის ღარიბებისა და მიგრანტების მხარდაჭერის მიმართულებით. მათივე აზრით, ახალი პაპი წინამორბედის თავმდაბლობასაც შეინარჩუნებს. ამის არგუმენტად კი მისივე სიტყვები მოჰყავთ: „ეპისკოპოსი არ უნდა იყოს პატარა პრინცი, რომელიც თავის სამეფოში ზის“ ამის ნაცვლად „უნდა იყოს მოწოდებული თავმდაბლობისკენ, ახლოს იყოს იმ ხალხთან, ვისაც ემსახურება, იცხოვროს მათთან ერთად, იტანჯოს მათთან ერთად“.