როგორ იზარალეს ენერგოკომპანიებმა რუსეთის ბაზრიდან გასვლით

როგორ იზარალეს ენერგოკომპანიებმა რუსეთის ბაზრიდან გასვლით

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ოკუპანტ ქვეყანაში საკუთარი ოპერაციები არაერთმა ენერგოკომპანიამ შეაჩერა. თუმცა, ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი კომპანიები, ამჟამად, მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალზე საუბრობენ.

კვარტალური შედეგების გამოცხადების მოახლოებასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგოკომპანიის, Shell-ის განცხადებით, რუსეთში ოპერაციების შეჩერებამ კომპანიას 5 მილიარდი აშშ დოლარი დააკარგვინა.

Shell-ი ერთ-ერთია იმ ენერგოკომპანიების საკმაოდ დიდი ჩამონათვალში, რომელთაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ქვეყნის ტერიტორია დატოვეს. Shell-მა, ასევე, გაწყვიტა თანამშრომლობა რუსულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბუნებრივი აირის კომპანია Gazprom-თან და უარი თქვა გაზსადენის პროექტ “ნორდსტრიმ 2”-ში მონაწილეობაზეც.

მსგავსი შინაარსის განცხადება Shell-ის კონკურენტმა BP-მაც გაავრცელა. კომპანიის მიერ რუსულ ნავთობმწარმოებელ Rosneft-ში 20%-იან წილზე უარის თქმის შემდეგ ზარალმა შესაძლოა, 25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს.

ზემოთ აღნიშნული კომპანიების მსგავსად რუსეთში ოპერაციები შეწყვიტა ამერიკულმა ენერგოგიგანტმა Exxon Mobil-მაც. ამ უკანასკნელის მიერ რუსეთში მიტოვებული ჰოლდინგის ღირებულება 2021 წლის ბოლოს 4 მილიარდი აშშ დოლარი იყო. საკმაოდ დიდ თანხას იზარალებს ნორვეგიული ნავთობისა და გაზის გიგანტი Equinor-იც. რუსეთიდან გასვლით მან 1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია მიატოვა.

უოლ სტრიტის ანალიტიკოსებისა და ინვესტორების მოსაზრებით, რუსული ბაზრიდან გასვლის შედეგები სრულად ჯერ კიდევ არ ჩანს. განსაკუთრებით კი იმ მძიმე სანქციების ფონზე, რომლის გავლენაც დროთა განმავლობაში უფრო ცხადად შესამჩნევი გახდება. ზარალი შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები რუსული ენერგორესურსების იმპორტს აკრძალავს. როგორც მოგეხსენებათ, აქტი სენატის წინაშე იყო წარდგენილი.

მოკლევადიან პერიოდში ზარალი შესაძლოა, ისეთი დიდი არ ჩანდეს. ამაზე კი გავლენას ნავთობსა და ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასები იქონიებს. S&P 500-ის ენერგოსექტორის კომპანიების აქციები 2022 წელს უკვე 40%-ით არის გაზრდილი. 11%-იანი ზრდა აქვს BP-ს, 26%-იანი – Shell-ს, 37%-ით გაიზარდა ExxonMobil-ის აქციათა ფასები, Equinor-ისა კი – 46%-ით.

ენერგოკომპანიების დანაკარგების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შემდეგ თვეში, კვარტალური შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *