აშშ-ის ეკონომიკა უცხოეთიდან იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. კრიტიკული მინერალები ისეთი ინდუსტრიებისთვის აუცილებელი ნედლეულია, როგორებიცაა: ტექნოლოგია, ენერგეტიკა და თავდაცვა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ქვეყნის უცხოურ მინერალებზე დამოკიდებულების ხარისხს გვიჩვენებს.
2024 წელს აშშ 100%-ით იყო დამოკიდებული 11 მთავარი კრიტიკული მინერალის იმპორტზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გრაფიტი, მანგანეზი, კალციუმის ფტორიდი და დარიშხანია, რომლებიც ფოლადის, ელემენტებისა და ქიმიური პროდუქტების წარმოებისათვისაა საჭირო.
ამ მიმართულებით, აშშ-ის უმსხვილესი პარტნიორი კვლავ ჩინეთია. განსაკუთრებით იშვიათი მიწამეტალების იმპორტში, სადაც აშშ სრულად პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამჟამად, აშშ-ის იშვიათი მიწამეტალების 80% სწორედ ჩინეთიდან იმპორტირდება. ცნობისათვის, იშვიათი მიწამეტალების მსოფლიო რეზერვების 70% ჩინეთში მდებარეობს, რის გამოც ქვეყანას ამ კრიტიკული მინერალების მოპოვებასა და გადამუშავებაზე მონოპოლია აქვს. იშვიათი მიწამეტალები ისეთ ინდუსტრიებში გამოიყენება, როგორებიცაა: შეიარაღების წარმოება, ელექტროძრავები და მომდევნო თაობის ელექტრონული მოწყობილობები. მათ უმსხვილესი ამერიკული კომპანიები, Lockheed Martin-ი, Tesla და Apple-ი ყველაზე აქტიურად მოიხმარენ.
აპრილში დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისათვის გამოცხადებული საპასუხო მაღალპროცენტიანი ტარიფების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ში იშვიათი მიწამეტალების ექსპორტს მკაცრი შეზღუდვები დაუწესა. აღნიშნული შეზღუდვების გამო სხვადასხვა ტიპის ამერიკულ ბიზნესებს მიწოდების ჯაჭვის პრობლემები უკვე გაუჩნდა.
იშვიათი მიწამეტალების გარდა, აშშ ისეთი კრიტიკული მინერალების იმპორტზეა სრულად დამოკიდებული, როგორებიცაა: გრაფიტი (100%-ით იმპორტზე დამოკიდებული – გამოიყენება ლითიუმის ელემენტის ანოდების წარმოებაში), მანგანეზი (100%-ით იმპორტზე დამოკიდებული – გამოიყენება ფოლადის წარმოებაში) და კალციუმის ფტორიდი (100%-ით იმპორტზე დამოკიდებული – აუცილებელია ალუმინისა და ფტორწყალბადმჟავას წარმოებისთვის).
მინერალი | იმპორტის წილი, მომწოდებელი | ადგილობრივი მიწოდება |
ქრომი | 77%, სამხრეთი აფრიკა | 23% |
კობალტი | 76%, ნორვეგია | 24% |
ბარიტი | 75%, ინდოეთი | 25% |
მაგნიუმი | 75%, ისრაელი | 25% |
თუნუქი | 73%, პერუ | 27% |
თუთია | 73%, კანადა | 27% |
გერმანიუმი | 50%, ბელგია | 50% |
ლითიუმი | 50%, ჩილე | 50% |
ვოლფრამი | 50%, ჩინეთი | 50% |
ნიკელი | 48%, კანადა | 52% |
ალუმინი | 47%, იამაიკა | 53% |
ვანადიუმი | 40%, კანადა | 60% |
პალადიუმი | 36%, რუსეთი | 64% |
ტელურიუმი | 25%, კანადა | 75% |
ცირკონიუმი | 25%, სამხრეთი აფრიკა | 75% |