რამდენად დიდია ნედლი ნავთობის გლობალური ბაზარი?

რამდენად დიდია ნედლი ნავთობის გლობალური ბაზარი?

გარდა იმისა, რომ პირველადი ენერგია ტრანსპორტირების ძირითადი წყაროა, ნედლი ნავთობი მთავარი ნედლეულია ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა სასუქების, პლასტმასის, კოსმეტიკის წარმოება და მედიცინა. ნავთობის გლობალური ბაზარი ასტრონომიული ზომისაა და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს ნავთობის წარმოების ბაზარზე კვლავ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა დომინირებს.

Visual Capitalist-ის მიერ შედგენილი რეიტინგი ნავთობთან ერთად, ლითონის ათ უმსხვილეს ბაზარსაც წარმოგვიდგენს. თითოეული მათგანის შემთხვევაში, ბაზრის ზომის დასადგენად, ლითონის ბოლო პერიოდის ფასი თითოეულის 2022 წლის გლობალურ წარმოებაზეა გადამრავლებული. რეიტინგი TradingEconomics-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური მიმოხილვის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი.

როგორც აღმოჩნდა, 2022 წელს, გლობალურად ნავთობის დღიურმა საშუალო წარმოებამ 80.75 მილიონ ბარელს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ნედლი ნავთობის წლიურმა მოპოვებამ დაახლოებით, 29.5 მილიარდი ბარელი შეადგინა, ხოლო ბაზრის ზომა, არსებული ფასებით, $2 ტრილიონს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ათეულში წარმოდგენილი ლითონის ბაზრების ერთობლივი ღირებულება $967 მილიარდია, რაც ნედლი ნავთობის ბაზრის მხოლოდ ნახევარია. ამ მაჩვენებელს ლითონების დარჩენილი მცირე ბაზრებიც რომ მიემატოს, ნავთობის ბაზარი კვლავ მათ კოლექტიურ ღირებულებაზე ბევრად მეტი იქნება.

ნედლი ნავთობის ბაზრის ზომა გლობალურად ნავთობის წლიური მოხმარების მასშტაბებსა და მის ყოველდღიურობაში გამოყენების აუცილებლობას უსვამს ხაზს. თუმცა რეიტინგის სხვა ლითონები გლობალური ეკონომიკისთვის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამავდროულად კი, მსოფლიო უფრო მეტად მდგრადი მომავლისკენ მიისწრაფვის, წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასა და განახლებად რესურსებზე გადასვლას ცდილობს, რაც ნედლი ნავთობის მომავალს შედარებით ბურუსით მოცულს ხდის.

წარმოგიდგენთ ნედლი ნავთობისა და ლითონის ბაზრის 2022 წლის რეიტინგს, წლიური წარმოებითა და ბაზრის ზომით:

  1. ნედლი ნავთობი – 29.5 მილიარდი ბარელი – $2.1 ტრილიონი
  2. რკინის მადანი – 2.6 მილიარდი ტონა – $283.4 მილიარდი
  3. ოქრო – 3,100 ტონა – $195.9 მილიარდი
  4. სპილენძი – 22 მილიონი ტონა – $183.3 მილიარდი
  5. ალუმინი – 69 მილიონი ტონა – $152.6 მილიარდი
  6. ნიკელი – 3.3 მილიონი ტონა – $68.8 მილიარდი
  7. თუთია – 13 მილიონი ტონა – $30.9 მილიარდი
  8. ვერცხლი – 26,000 ტონა – $19.9 მილიარდი
  9. მოლიბდენი – 250,000 ტონა – $12.9 მილიარდი
  10. პალადიუმი – 210 ტონა – $9.5 მილიარდი
  11. ტყვია – 4.5 მილიონი ტონა – $9.2 მილიარდი