რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დასავლეთისთვის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სტრატეგიული გამოწვევაა, ნავთობისა და გაზის მიწოდება კი ეკონომიკური ბერკეტებია, რომელთაც რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აქტიურად იყენებენ საერთაშორისო პოლიტიკის განსასაზღვრად.
დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთზე
ევროკავშირში იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის დაახლოებით 40-45% რუსეთის ფედერაციიდან შედის, უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანია Gazprom-ია, რომელიც, გაზის მიწოდების გარდა, ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ფიზიკურ აქტივებსაც ფლობს.
ევროკავშირის მოთხოვნის თითქმის 22% ადგილობრივი წარმოების საშუალებით კმაყოფილდება, ბუნებრივი აირის იმპორტის საერთო მოცულობის 23% ნორვეგიაზე მოდის, 12% – ალჟირზე, 6% – აშშ-ზე, გაზის იმპორტის 5% კი კატარიდან ხორციელდება. 5%-ზე ნაკლები წილი აქვს გაერთიანებულ სამეფოს.
ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებულნი არიან: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი და ჩეხეთი. აღსანიშნავია, რომ გერმანია და იტალია ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის დაახლოებით ნახევარს მოიხმარენ, შესაბამისად, კრემლის პოლიტიკური ზეწოლის მთავარი სამიზნეებიც სწორედ ეს სახელმწიფოები არიან.
ბუნებრივი აირის გარდა, რუსეთი ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მთავარი მიმწოდებელიცაა. იმპორტირებული LNG-ის 41% რუსეთზე მოდის, 24% – ნორვეგიაზე, ალჟირი კი ევროკავშირის მოთხოვნის 11%-ს აკმაყოფილებს.
რუსეთს, ასევე, დიდი გავლენა აქვს ქვანახშირის მიწოდებაზე. ევროკავშირში იმპორტირებული ქვანახშირის თითქმის 46% რუსეთზე მოდის, 15% – აშშ-ზე, კოლუმბიაზე – 17%, ქვანახშირის 13% კი ევროკავშირში ავსტრალიიდან შედის.
რაც შეეხება ნედლი ნავთობის იმპორტს, ამ შემთხვევაშიც, რუსეთი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა გაზთან და ქვანახშირთან შედარებით, ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთზე ნაკლებია. ნავთობის იმპორტის საერთო მოცულობის 27% რუსეთზე მოდის, 9% – ერაყზე, 8-8% – ნორვეგიასა და აშშ-ზე, 7.9% – ნიგერიაზე, 7.8% – საუდის არაბეთზე, 7.5% კი – ყაზახეთზე. ნედლი ნავთობის იმპორტში 5%-ზე ნაკლები წილი აქვთ: ლიბიას, გაერთიანებულ სამეფოს და აზერბაიჯანს.
ევროკავშირისგან განსხვავებით, აშშ-ის ენერგეტიკული სექტორი შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. 2021 წელს აშშ-ში იმპორტირებული ნედლი ნავთობის მხოლოდ 3% შევიდა რუსეთიდან. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული სექტორი ძირითადად ადგილობრივ წარმოებაზე, კანადაზე, მექსიკასა და საუდის არაბეთზეა დამოკიდებული.
ბუნებრივი აირის შემთხვევაშიც, აშშ-ის რუსეთზე პირდაპირი დამოკიდებულება პრაქტიკულად ნულის ტოლია, რადგან იმპორტირებული გაზის 98% მის მეზობელ სახელმწიფოზე, კანადაზე მოდის.
აღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშშ-სთვის რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვა საკმაოდ მარტივია, ევროკავშირის შემთხვევაში კი ვითარება გაცილებით რთულადაა.
რუსეთის დამოკიდებულება დასავლეთზე
მართალია, ევროკავშირი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თავად რუსეთი და მისი ეკონომიკა პირდაპირაა დამოკიდებული აღნიშნული რესურსების ექსპორტზე და დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებაზე.
2021 წელს რუსეთის ფედერაციამ 493 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა, 296 მილიარდი დოლარის კი შეიძინა, შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის პროფიციტი 200 მილიარდ დოლარს აღწევდა. რუსეთის ექსპორტის უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 54% ნავთობის, საწვავის, გაზის და სხვა ენერგოპროდუქტებისგან შედგება.
რუსეთის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი:
- ნედლი ნავთობი – $110.1 მლრდ
- ნავთობპროდუქტები – $70.0 მლრდ
- ბუნებრივი აირი – $55.5 მლრდ
- მანქანები და აღჭურვილობა – $32.6 მლრდ
- შავი ლითონები – $28.9 მლრდ
- დიზელი – $26.2 მლრდ
- ბენზინი – $22.9 მლრდ
- შავი ლითონები – $22.0 მლრდ
- ქვანახშირი – $17.6 მლრდ
- ფოლადი – $9.2 მლრდ
ენერგორესურსები რუსეთისთვის ორლესული მახვილია – ის ძლიერი ბერკეტია გეოპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად, თუმცა მისი გამოყენება საზიანოა რუსეთის ეკონომიკისთვის. თუ ევროკავშირი შეამცირებს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელს, აღნიშნული ბერკეტი დაკარგავს ეფექტიანობას. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რეტალიაციის მიზნით ევროკავშირს შეუზღუდავს ნავთობისა და გაზის მიწოდებას, ამით, პირველ რიგში, თავად რუსეთის ეკონომიკა დაზარალდება, რადგან ქვეყანას შემოსავლის მთავარი წყარო შეუმცირდება.
გლობალური რეზერვები
ბუნებრივი აირის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით:
- რუსეთი – 24.3%
- ირანი – 17.3%
- კატარი – 12.5%
- აშშ – 5.3%
- საუდის არაბეთი – 4.2%
- თურქმენეთი – 3.8%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 3.1%
- ვენესუელა – 2.8%
- ნიგერია – 2.6%
- ჩინეთი – 2.4%
ნავთობის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით:
- ვენესუელა – 18.2%
- საუდის არაბეთი – 16.2%
- კანადა – 10.4%
- ირანი – 9.5%
- ერაყი – 8.7%
- ქუვეითი – 6.1%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 5.9%
- რუსეთი – 4.8%
- ლიბია – 2.9%
- ნიგერია – 2.2%
ნავთობის წარმოება ქვეყნების მიხედვით: (ბარელი დღეში)
- აშშ – 14,837,639,510
- საუდის არაბეთი – 12,402,761,040
- რუსეთი – 11,262,746,200
- ჩინეთი – 4,905,070,874
- კანადა – 4,596,724,820
- ერაყი – 4,443,457,393
- ირანი – 4,376,194,355
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 3,772,788,273
- ბრაზილია – 3,242,957,836
- ქუვეითი – 2,990,544,137
დასავლეთის პასუხი რუსეთს
უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრას და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს რიგი მკაცრი ეკონომიკური სანქცია დაუწესა, მათი ნაწილი კი პირდაპირ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზეა მიმართული.
აშშ-მ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი აკრძალა, ევროკომისიამ კი ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
“REPowerEU“ გეგმა ევროკავშირის მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიცავს. ევროკომისიის ვარაუდით, აღნიშნული გეგმის საშუალებით 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე მოთხოვნა 66%-ით შემცირდა, 2030 წლამდე კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.
ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გაერთიანებამ ენერგოპროდუქტების იმპორტი სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან გაზარდოს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია: ნავთობის, საწვავის, გაზის, ქვანახშირისა და სხვა ენერგოპროდუქტების ფასების მკვეთრი ზრდა, რაც მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაჩენის რისკებით იქნება განპირობებული. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ აქტივებს ფლობს, მათ შორის, მილსადენებს, სარეზერვო და გადამმუშავებელ ცენტრებს, შესაბამისად, რუსეთის ევროკავშირის ბაზრისგან იზოლირება გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ასევე მოსალოდნელია, რომ რუსეთის მთავრობამ გაზის მიწოდება სანქციების საპასუხო ბერკეტად გამოიყენოს და ბაზარზე მწვავე ენერგოდეფიციტი გამოიწვიოს.
მიმდინარე კვირაში ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა 130-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2008 წლის შემდეგ ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რეკორდულადაა გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასიც.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპერტები ნავთობისა და სხვა ენერგოპროდუქტების ფასების დასტაბილურებას და კორექტირებას ვარაუდობენ.
გაამართლებს თუ არა ევროკავშირის ახალი სამოქმედო გეგმა და მოიპოვებს თუ არა რეგიონი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის წინააღმდეგ „ვერცხლის ტყვიად“ ისევ დივერსიფიკაციის გზა რჩება.