PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ივნისთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა, წლიურ ჭრილში კი 2.5%-ით გაიზარდა და 997,190 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ივლისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 3.1%-ს შეადგენდა. ეს დაახლოებით 30,913 ადამიანს უტოლდება. 2025 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
დასაქმებულთა შორის ყველაზე მაღალი წილი, 36%, იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც ივლისში 2400 ლარზე მეტი ხელფასი აიღეს. ამ მხრივ მეორე ადგილზეა იმ დასაქმებულთა ჯგუფი, რომელთა ხელფასმა საანგარიშო პერიოდში 1200-დან 2399 ლარამდე შეადგინა. მათი წილი 33%-ს უტოლდება.
კვლავ მაღალი რჩება ხელფასის მიმღებთა შორის 0-დან 600 ლარამდე თვიური ანაზღაურების მქონე პირთა წილი და თითქმის 12%-ს შეადგენს.
