ფოტო: cryptorank.io
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოები, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავენ. IEA-სა და G7-ის ძალისხმევა ნავთობის მიწოდებაზე შექმნილ კრიზისთან გამკლავებისა და მზარდი ფასების სტაბილიზაციისკენაა მიმართული — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია, ბარელი ნავთობის ფასი კი 120 დოლარს აღწევს.
ორშაბათს გამართულ სატელეფონო კონფერენციაზე, G7-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს რეზერვების გამოყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ გლობალური მიწოდების სტაბილიზაციისთვის საჭირო ზომების მისაღებად ერთობლივი მხარდაჭერა არსებობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სწორი დროის შერჩევა და მეტი ანალიზია საჭირო.
ცნობისთვის, IEA-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ნავთობის იმპორტიორები არიან, ვალდებულნი არიან, საგანგებო რეზერვებში მინიმუმ 90 დღისთვის სამყოფი ნავთობის მარაგი შეინახონ. თუმცა, რეზერვებში არსებული ნავთობის დღიური გამოშვება ადგილობრივი ინფრასტრუქტურითაა შეზღუდული.
ამერიკის შეერთებული შტატები: 27 თებერვლის მონაცემებით, სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში 415.4 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ინახავს. გარდა ამისა, აშშ-ის საკუთრებაში 439.3 მილიონი ბარელის კომერციული რეზერვია. განსხვავებით აშშ-სგან, ნავთობის სტრატეგიული მარაგი არა აქვს კანადას, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია (დეკემბრის მონაცემებით, დღიურად დაახლოებით 5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის წარმოებით). შესაბამისად, როგორც ექსპორტიორ სახელმწიფოს, IEA კანადას სტრატეგიული მარაგების ფლობას არ ავალდებულებს.
იაპონია: დეკემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში არსებული დაახლოებით 470 მილიონი ბარელი ნავთობის გათვალისწინებით, ამ დროისთვის იაპონიის ნავთობის მარაგი 260 მილიონ ბარელს უნდა უტოლდებოდეს. იაპონიის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, მთავრობის მიერ რეზერვებში შენახული მარაგი 146 დღის იმპორტის ეკვივალენტურია. დამატებით 180 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტური საწვავი კერძო მარაგებში ინახება (მათგან დაახლოებით 90 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია).
გერმანია: გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო 110 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობსა და 67 მილიონ ბარელ მზა ნავთობპროდუქტს ფლობს, რომელთა მოხმარებაც რამდენიმე დღეშია შესაძლებელი.
საფრანგეთი: საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსთვის საფრანგეთი დაახლოებით 120 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობსა და მზა ნავთობპროდუქტებს ფლობდა. ამ რეზერვიდან დაახლოებით 97 მილიონი ბარელი SAGESS-ს ეკუთვნის (30% ნედლი ნავთობია, 50% — გაზოილი, 9% — ბენზინი, 7.8% — თვითმფრინავის საწვავი და სხვ.). დამატებით კიდევ 39 მილიონი ბარელი ნავთობოპერატორების მფლობელობაშია.
იტალია: მოქმედი კანონმდებლობა ქვეყანას 90 დღის მოთხოვნისთვის აუცილებელი მოცულობის ნავთობის შენახვას ავალდებულებს, რაც დაახლოებით 76 მილიონი ბარელია. ამის მიუხედავად, არსებულ რეზერვებზე იტალიის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
გაერთიანებული სამეფო: ენერგეტიკული უსაფრთხოების დეპარტამენტის 26 თებერვლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო დაახლოებით 40 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობსა და 30 მილიონ ბარელ რაფინირებულ ნავთობპროდუქტს ფლობს. სამართლებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მთავრობა უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა მინიმალური მოცულობის ნავთობი მარაგებში შეინახონ. 2025 წლის ივლისისთვის ამ მარაგების დაახლოებით 15% ან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ინახებოდა, ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ, IEA-ს სისტემის მეშვეობით (რაც კრიზისულ პერიოდში უცხოური ნავთობის შეძენას უზრუნველყოფს).













