რამდენი მილიონი უჯდება საქართველოს საარბიტრაჟო დავები?

რამდენი მილიონი უჯდება საქართველოს საარბიტრაჟო დავები?

2021 წლის ბო­ლოს საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავაში ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი მარცხი განიცადა – სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ საქართველომ რუსულ სახელმწიფო კომპანია Inter Rao-ს $80.5 მილიონის მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს. ქართული მხარის მიერ განაჩენის გასაჩივრების მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა, რომ ჯარიმა არ გაუქმდება და გადასახადის გადამხდელებს რუსეთის სასარგებლოდ თითქმის 250 მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ.

გაუქმდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამის მიუხედავად საქართველოს ბიუჯეტს კვლავ მოუწევს, გადაიხადოს ათობით მილიონი ლარი, რაც საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებას ესაჭიროება. მაგალითად, Inter Rao-სთან წაგებულ დავაში საქართველოს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი წარმოადგენდა, რომელმაც ამ მომსახურებისთვის მხოლოდ 2020-2021 წლებში 3,789,948 ლარის გასამრჯელო მიიღო.

ამჟამად საქართველო 10-ზე მეტ საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული და არაერთი მათგანის იურიდიული მომსახურება 3,8 მილიონ ლარზე ორჯერ და სამჯერ ძვირი ჯდება. დავების სიმრავლეს მათ შორის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს. ამის ნათელი მაგალითია „კავკასუს ონლაინის” ახალ ინვესტორთან, Neqsol Holding-თან 2020 წელს დაწყებული დავა, რაც კომუნიკაციების კომისიის უფლებების გაფართოებას და მის მიერ „კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნას უკავშირდებოდა. შედეგად, ფაქტობრივად შეჩერდა ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განვითარება, რასაც Neqsol-ი ახორციელებდა, ხოლო ბიუჯეტს საარბიტრაჟო დავაში Dechert-ის იურისტების დაქირავება ბოლო ორ წელიწადში 7,330,059 ლარი დაუჯდა.

მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების გაწყვეტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განვითარების გაჩერება მოჰყვა, ხოლო ბიუჯეტს პროექტთან დაკავშირებულ ორ საარბიტრაჟო დავაში იურისტების დაქირავება უკვე 6,723,923 ლარი დაუჯდა.

ქართული სასამართლოს მიმართ ნდობის ნაკლებობაა მიზეზი, რის გამოც არაერთი ქართველი ბიზნესმენი უცხოური კომპანიების მეშვეობით ამჯობინებს საქართველოში ინვესტირებას, რადგან ამ შემთხვევაში მათ ქართული სასამართლოს გარდა საკუთარი ინტერესების დაცვა საარბიტრაჟო ტრიბუნალის მეშვეობითაც შეუძლიათ. სწორედ ასეთია დავა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. მასში საქართველოს მთავრობას ერთდროულად ორი იურიდიული ფირმა – Shearman & Sterling-ი და AARPI Gaillard Banifatemi-ი ჰყავს დაქირავებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელმოწერილი კონტრაქტიდან ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში მთავრობას ამ დავისთვის იურისტების დაქირავება 3,838,973 ლარი დაუჯდა. მეტიც, თითოეული საათი, რომელსაც იურიდიული ფირმის პარტნიორები ამ დავას უთმობენ, 1,195 დოლარით ანაზღაურდება.

მსოფლიო ბანკის საარბიტრაჟო ტრიბუნალში ICSID-ში 2020 წლიდან მიმდინარეობს დავა „მაგთის” ამერიკულ შუამავალ მფლობელ კომპანიებთან – Telcell Wireless-სა და International Telcell Cellular-თან. დავის შესახებ საჯაროდ ბევრი არაა ცნობილი, თუმცა იუსტიციის სამინისტროს მასში იურიდიული ფირმა AARPI Gaillard Banifatemi-ის მომსახურება უკვე 8,416,093 ლარი დაუჯდა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, საარბიტრაჟო დავების თითქმის ნახევარი არა ინვესტორებთან, არამედ მთავრობის ყოფილ კონტრაქტორ კომპანიებთან მიმდინარეობს. ყველა ასეთ დავაში მთავრობას იურიდიული ფირმა White & Case-ი წარმოადგენს.

2016 წელს საქართველოს მთავრობამ ტენდერის გამოცხადების გარეშე გადაწყვიტა, რომ გამარტივებული სახით, სამ ქალაქში – ბათუმში, გორსა და თელავში ახალი სტადიონების მშე­ნებლობის კონტრაქტი $54.3 მილიონად კანადურ ფირმა Behlen industries-თან გაეფორმებინა. თავად ტენდერის გარეშე ასეთი ღირებულების კონტრაქტის გაფორმება ანტიკორუფციული თვალსაზრისით მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტორმა ვალდებულებები არ შეასრულა და გადახდილი ათობით მილიონის მიუხედავად სტადიონები არ ააშენა. ამის გამო სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოსა და კონტრაქტორს შორის წარმოშობილი დავის განხილვის სივრცე საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი შეიძლება ყოფილიყო. სწორედ მას მიმართა Behlen industriesმა 2019 წელს, სადაც საქართველოს გადასახადის გადამხდელებს იურიდიული სერვისის დაქირავება ამ წლებში უკვე 8,417,661 ლარი დაუჯდათ. შედეგად, მიღებულია ვითარება, რომ უტენდეროდ შერჩეული კონტრაქტორი სახელმწიფო ბიუჯეტს ერთდროულად არაშენებული სტადიონი, გადახდილი ათობით მილიონი დოლარი და იურისტების დაქირავებაზე დახარჯული 8.4 მილიონი ლარი დაუჯდა.

მსგავსია საარბიტრაჟო დავები ახალი მაგისტრალების მშენებლობისთვის დაქირავებულ ფირმებთან – „ტოდინისთან”, „ასტალდისთან” და „ალტკომთან”, რომლებმაც გზების დეპარტამენტის გან ასობით მილიონი ლარის ავანსები მიიღეს, თუმცა სამშენებლო სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს. ამ ფირმებთან დავების პროცესში მხოლოდ White & Case-ის იურიდიულ მომსახურებაში 42 მილიონი ლარია გადახდილი.

მთლიანობაში 2020-2021 წლებში იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიულ ფირმებს დავებში წარმომადგენლობისთვის 82 მილიონი ლარი გადაუხადა. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად დავები წლობით იწელება, არაა გამორიცხული, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების გარეშეც, მხოლოდ იურისტების დაქირავების გამო, ეს დავები ბიუჯეტს კიდევ ასობით მილიონი დაუჯდეს.

იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები

იურიდიული ფირმა

2020-2021 წლებში გადახდილი თანხა

საარბიტრაჟო დავის საგანი

Dechert (Paris) LLP

7,330,059

დავა „კავკასუს ონლაინის” მფლობელ ნასიბ 

ჰასანოვთან

White & Case LLP

6,723,923

დავა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” და 

ბობ მეიერთან

White & Case LLP

3,789,948

დავა Inter Rao-სთან
AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino

8,416,093

დავა Telcell Wireless-თან და International Telcell 

Cellular-თან

Shearman & Sterling LLP

1,227,946

დავა Telcell Wireless-თან და International Telcell 

Cellular-თან

AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino

3,084,140

დავა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან
Shearman & Sterling LLP

754,832

დავა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან
White & Case LLP

17,651,661

დავა კომპანია „ტოდინისთან” სამტრედია-გრიგოლეთის გზატკეცილთან დაკავშირებით
White & Case LLP

12,533,279

დავა კომპანია „ასტალდისთან” ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზატკეცილთან დაკავშირებით
White & Case LLP

3,783,077

დავა კომპანია „ტოდინისთან” ხულო-ზარზმის საგზაო 

მონაკვეთთან დაკავშირებით

White & Case LLP

8,131,040

დავა კომპანია „ალტკომთან” სამტრედია-გრიგოლეთის გზატკეცილთან დაკავშირებით
White & Case LLP

8,417,661

დავა Behlen industries-თან სტადიონების 

მშენებლობასთან დაკავშირებით

ჯამი:

81,843,658 ლარი