NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 32 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების მიღწევა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, NATO-ს ყველა წევრი უფრო ნაკლებს ხარჯავს თავის სამხედრო სფეროზე, ვიდრე ჯანდაცვასა და განათლებაზე. თუმცა ეს მოცემულობა შეიძლება მალე შეიცვალოს, რადგან ქვეყნები 2035 წლისთვის თავდაცვის სფეროს ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.
Visual Capitalist-მა NATO-ს საჯარო განცხადებებიდან და მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით შემოგვთავაზა შედარება, თუ მშპ-ის რამდენ პროცენტს ხარჯავენ ალიანსის წევრი ქვეყნები სამხედრო სფეროზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.
როგორც აღმოჩნდა, სამხედრო ხარჯებით პოლონეთი ლიდერობს, რომელიც ამისთვის მშპ-ის 4.1%-ს ხარჯავს. ეს ძირითადად უკრაინაში ომის გამო შექმნილი შეშფოთებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, პოლონეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა, რომელიც მას ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება. პოლონელები შიშობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის დაკავებას შეძლებს, ეს საფრთხეს მათაც შეუქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი 1 ტრილიონ დოლარს უტოლდება, ის ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 3%-ია. ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც აშშ ჯანდაცვაზე ხარჯავს — მშპ-ის 16.5%. ცნობისთვის, 2023 წელს ქვეყანამ ჯანდაცვის სფეროში 3 ტრილიონი დოლარი დახარჯა.
NATO-ს თავდაცვის ხარჯების ახალი, 5%-იანი მიზანი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის პრიორიტეტების მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, სადაც თავდაცვა დიდი ხანია, მეორე პლანზეა გადაწეული და ძირითადი ყურადღება საჯარო სერვისებს ეთმობა.
თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ ახლა მათ კონტინენტის მასშტაბით რემილიტარიზაციას აიძულებს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნების ნაწილმა გარკვეულწილად უკვე დაიწყო.
NATO-ს ქვეყნების თავდაცვის, ჯანდაცვისა და განათლების ხარჯები (% მშპ-დან):
ქვეყანა | თავდაცვა (% – 2024) | ჯანდაცვა (% – 2022/23) | განათლება (% – 2021/22) |
---|---|---|---|
პოლონეთი | 4.1% | 7.0% | 4.7% |
ესტონეთი | 3.4% | 7.0% | 5.3% |
აშშ | 3.4% | 16.5% | 5.4% |
ლატვია | 3.2% | 7.6% | 4.6% |
საბერძნეთი | 3.1% | 8.5% | 4.1% |
ლიეტუვა | 2.9% | 7.3% | 4.3% |
ფინეთი | 2.4% | 9.7% | 6.5% |
დანია | 2.4% | 9.4% | 5.3% |
დიდი ბრიტანეთი | 2.3% | 10.9% | 5.0% |
რუმინეთი | 2.3% | 5.8% | 3.3% |
ჩრდ. მაკედონია | 2.2% | 7.6% | 3.3% |
ნორვეგია | 2.2% | 8.0% | 4.0% |
ბულგარეთი | 2.2% | 7.7% | 4.7% |
შვედეთი | 2.1% | 10.9% | 7.6% |
გერმანია | 2.1% | 11.8% | 4.5% |
უნგრეთი | 2.1% | 6.4% | 4.7% |
ჩეხეთი | 2.1% | 8.5% | 4.8% |
თურქეთი | 2.1% | 3.7% | 2.6% |
საფრანგეთი | 2.1% | 11.9% | 5.4% |
ნიდერლანდი | 2.1% | 10.1% | 5.1% |
ალბანეთი | 2.0% | 6.2% | 2.7% |
მონტენეგრო | 2.0% | 10.9% | 4.4% |
სლოვაკეთი | 2.0% | 7.7% | 4.8% |
ხორვატია | 1.8% | 7.2% | 4.1% |
პორტუგალია | 1.6% | 10.0% | 4.8% |
იტალია | 1.5% | 8.5% | 4.2% |
კანადა | 1.4% | 11.2% | 4.1% |
ბელგია | 1.3% | 10.8% | 6.4% |
ლუქსემბურგი | 1.3% | 5.8% | 4.7% |
სლოვენია | 1.3% | 9.4% | 5.4% |
ესპანეთი | 1.3% | 9.7% | 4.3% |
ისლანდია | 0.0% | 9.0% | 7.1% |