ფოტო: Getty Images
ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა, საკუთარი მუსიკალური კატალოგის უფლებები გამომცემელ Primary Wave-ს მიჰყიდა. Rolling Stone-ის ინფორმაციით, გარიგება 30 დეკემბერს გაფორმდა და მისი მოცულობა დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება მოიცავს არტისტის ყველაზე ცნობილ ჰიტებს, მათ შორისაა “…Baby One More Time”, “Oops!… I Did It Again”, “(You Drive Me) Crazy” და “Lucky”. გარიგების ზუსტი პირობები საჯაროდ არ გახმაურებულა და მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Forbes-ის შეფასებით, შეთანხმებიდან მიღებული შემოსავალი გადასახადებამდე დაახლოებით 170 მილიონ დოლარს შეადგენს. მენეჯმენტისა და იურიდიული მომსახურების საფასურისა და გადასახადების გამოკლებით, სპირსის შემოსავალი შესაძლოა დაახლოებით 70 მილიონ დოლარამდე შემცირდეს.
Forbes-ი სპირსის ქონებას ამჟამად დაახლოებით 150 მილიონ დოლარად აფასებს. შედარებისთვის, კეტი პერის ქონება გამოცემის მონაცემებით 360 მილიონ დოლარს აღწევს, დოლი პარტონის – 450 მილიონს, ხოლო ტეილორ სვიფტი, ბიონსე და რიანა მილიარდერები არიან.
სპირსის ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 2008 წელს დაწესებულმა მეურვეობამ, რომლის ფარგლებშიც მომღერალი 13 წლის განმავლობაში მამამისის, ჯეიმი სპირსის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და საკუთარ ფინანსებსა და აქტივებზე წვდომა არ ჰქონდა. მეურვეობა 2021 წელს დასრულდა.
2023 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში „The Woman in Me“ სპირსი წერს, რომ ამ პერიოდმა მასზე მძიმე ფსიქოლოგიური კვალი დატოვა. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, არტისტის აქტივები ძირითადად ბროკერულ ანგარიშებზე, უძრავ ქონებასა და ნაღდ ფულში იყო განთავსებული. მეურვეობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას სპირსი წლების განმავლობაში აწარმოებდა და იურიდიული ხარჯების სახით მილიონობით დოლარის გაღება მოუწია.
მიუხედავად იურიდიული დავებისა, სპირსი ამ პერიოდში პროფესიულ საქმიანობას აგრძელებდა. მან გამოუშვა ოთხი ალბომი, ჩაატარა ოთხი მსოფლიო ტურნე და 2013-2017 წლებში ლას-ვეგასში გამართული კონცერტებიდან 137.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა, საჯარო სკანდალებმა და მეურვეობასთან დაკავშირებულმა პროცესებმა ბრენდებთან მისი კონტრაქტები და კომერციული აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა. 2015 წლის შემდეგ მომღერალმა სატელევიზიო რეკლამებში მონაწილეობა შეწყვიტა, ბოლო ალბომი „Glory“ კი 2016 წელს გამოვიდა. მისი ბოლო ტურნე 2018 წელს, „Piece of Me“-ს ფარგლებში გაიმართა.














