რას მოასწავებს მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის?

რას მოასწავებს მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა აშშ-სა და ევროპას შორის?

ბოლო კვირებში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკამ საგრძნობლად გააღრმავა ის გეოპოლიტიკური განხეთქილება, რისი ნიშნებიც უკვე დიდი ხანია, არსებობდა აშშ-სა და ევროპას შორის. ამ სტატიაში ვისაუბრებ იმაზე, თუ საიდან მოდის უთანხმოება ამ ორს შორის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დასავლეთის ბანაკში მიმდინარე დაპირისპირებას ევროპის უსაფრთხოებაზე.

აშშ-სა და ევროპის ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც ახლა კრიზისს განიცდის, ცივი ომის პერიოდში ჩამოყალიბდა. 1949 წელს დაფუძნებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ანუ ნატო შეიქმნა ამერიკის ქოლგის ქვეშ, დასავლეთ ევროპის კომუნისტური საფრთხისგან დასაცავად. დასავლეთ ევროპაში ამ ორგანიზაციის მიმართ ცივი ომის პერიოდშივე არსებობდა გარკვეული ეჭვები და უნდობლობა. მაგალითად, 1966 წელს ნატოს გამოეყო საფრანგეთი, რომელიც მის რიგებს სრულად მხოლოდ რუსეთ-საქარველოს ომის შემდეგ, 2009 წელს დაუბრუნდა. 

ცივი ომის დასრულების შემდეგ, 1990-იან წლებში, დასავლეთის პოლიტიკურ, აკადემიურ და არააკადემიურ ინტელექტუალურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა ნატოს რელევანტურობის საკითხი. რატომ უნდა გაეგრძელებინა ნატოს ძველებური ფორმით არსებობა, თუკი მის წინაშე მდგარი სამხედრო საფრთხე: „ვარშავის ბლოკი“ ნეიტრალიზებული იყო? განსაკუთრებით, საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტი მკვლევრები აღნიშნავდნენ, რომ ნატომ რეალური გეოპოლიტიკური ფუნქცია დაკარგა და საჭირო იყო მისი დაშლა ან ჩანაცვლება ახალი ალიანსებით. 

რეალისტების პროგნოზების მიუხედავად, ნატო არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა – მან მოიცვა ყოფილი „ვარშავის ბლოკისა“ და საბჭოთა კავშირის, ასევე ბოლო წლებში, ცივი ომის პერიოდის ე.წ. ნეიტრალური ქვეყნებიც (შვედეთი და ფინეთი). თუმცა რეალისტების ლოგიკა არსად გამქრალა და კვლავაც აქტუალურია: თუკი ცივი ომის გეოპოლიტიკური სტატუს-კვო წარსულს ჩაჰბარდა (რუსეთი, მიუხედავად ყველაფრისა, ბევრად სუსტია, ვიდრე მისი წინამორბედი, საბჭოთა კავშირი იყო), მაშინ რა ფუნქცია აქვს აშშ-სა და ევროპის ძველ ალიანსს?

ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც პროვოკაციული (და ზოგჯერ, არაეთიკური) განცხადებებითა და რადიკალური საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებით გამოირჩევა, აშშ-სა და ევროპას შორის უკვე არსებულ გეოპოლიტიკური განხეთქილება წინა პლანზე გადმოაქვს. ტრამპის პრეზიდენტობამდეც, აღნიშნული დაპირისპირების ნიშნები დასავლეთის ქვეყნის უმაღლესი პირების საჯარო დისკურსში უკვე აშკარად ჩანდა. 

მაგალითად, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საუბრობდა იმაზე, რომ ევროპის ქვეყნები მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით სამჯერ ნაკლებს ხარჯავდნენ თავდაცვაზე, ვიდრე ამერიკა; ასეთი თანაფარდობა, მისი აზრით, სამართლიანი არ იყო. 2016 წელს ობამამ ისიც კი აღნიშნა, რომ ევროპას თავდაცვის საკითხზე ზოგჯერ “თვითკმაყოფილი” (complacent) პოზიცია ჰქონდა; შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტის გადმოსახედიდან, ევროპის ქვეყნები ძლიერი თავდაცვის საჭიროებას კრიტიკული პერსპექტივიდან არ უყურებდნენ.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულ საკითხზე ევროპის კრიტიკისა, ობამას, რომელიც ლიბერალი და მულტილატერული საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, ტრანსატლანტიკური ალიანსი აშშ-სა და ევროპას შორის კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაუყენებია. ტრამპის ადმინისტრაციამ კი, ჯერჯერობით, ისე ჩანს, მიდგომა შეცვალა, რამაც ევროპის ლიდერებს შორის შოკი და დაბნეულობა გამოიწვია.

იმაზე, რომ ამერიკა ევროპასთან ურთიერთობების გადახედვას გეგმავს, ყველაზე მეტად მეტყველებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს. ამ ნაბიჯით, ამერიკის ახალმა მთავრობამ მკაფიო სიგნალი გაუგზავნა ევროპის ქვეყნებს და აჩვენა, რომ ევროპელების აზრი ამერიკისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მანამდე, ვიდრე ისინი არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს და განათავსებენ თავიანთ ჯარებს უკრაინაში. 

ამას გარდა, უკვე იანვარშივე, ტრამპი აცხადებდა, რომ ის დარწმუნებული არ იყო, საჭირო იყო თუ არა აშშ-ის მხრიდან ნატოს დაფინანსება. “ჩვენ მათ ვიცავთ, ისინი კი არ გვიცავენ ჩვენ“, — ასე შეაჯამა მან აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ევროპის მიმართ. 

ევროპის წამყვანი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და მეტი გააკეთოს უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა ჯერ ბოლომდე არ ჩანს, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ამის გაკეთება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერჯერობით, ევროპის ერთიანი პოზიცია ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ბუნდოვანია.

ერთი მხრივ, გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ეჭვებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, იარსებებს თუ არა ნატო „ამჟამინდელი ფორმით” ამ წლის ივნისისთვის. მერცისთვის გამოსავალი დამოუკიდებელი ძლიერი ევროპული თავდაცვის ძალების მშენებლობაა. მეორე მხრივ, აშშ-ის ტრადიციული მოკავშირე დიდი ბრიტანეთი მეტ აქცენტს აკეთებს ნატოს გაძლიერებაზე; ამავდროულად ბრიტანეთის პრემიერს, კირ სტარმერს სურს მეტი თანამშრომლობა ევროკავშირთან. სტარმერის თქმით, აუცილებელი არაა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთოს არჩევანი აშშ-სა და ევროკავშირს შორის. 

მომავალი თვეების განმავლობაში შედარებით ცხადი გახდება ის, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი ევროპული სამხედრო შესაძლებლობების განვითარება. იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობა იქნება უკრაინაში და რამდენად სერიოზულად გააგრძელებს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპისგან დისტანცირებას, გაირკვევა, თუ როგორ შეიცვლება რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობა.

საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც დასავლეთის მხრიდან სანქციების მოლოდინში იყო, გაუმართლა, იმ აზრით, რომ ახლა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მთელი ყურადღება უკრაინის ომის დასრულებასა და ევროპასა და ამერიკას შორის ძალთა ახალ გადანაწილებაზე არის მიპყრობილი. ერთი შეხედვით, გაუმართლა რუსეთსაც, რომელსაც აწყობს დასავლური ბანაკის შიგნით არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირება. ბევრი კომენტატორი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ კრემლს ამერიკასა და ევროპას შორის არსებული დაძაბულობა მარტივად შეუძლია გამოიყენოს სათავისოდ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია მას ამის საშუალებას მისცემს.

თუმცა აღნიშნულ საკითხს თუ საკმარისად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ, პირველ რიგში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი გამოვა დასავლეთი მიმდინარე შიდა კონფლიქტებიდან: უფრო მეტად გაძლიერებული თუ დასუსტებული? რამდენად შედის რუსეთის ინტერესში ის, რომ ევროპის ქვეყნებმა დაიწყონ აშშ-სგან შედარებით დამოუკიდებელი თავდაცვისა და უსაფრთხოების წარმოება? ასეთი პოლიტიკის წარმოებისთვის ხომ აუცილებელია თავდაცვის ხარჯების დრამატულად ზრდა, რაც რუსეთის მეზობლად იმაზე მეტი სამხედრო რესურსების მობილიზებას ნიშნავს, რაც ახლა ნატოს გააჩნია? 

ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე გადაჭრით პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია. თუმცა მინიმუმ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დასავლურ ბანაკში მზარდი დაპირისპირება ამერიკასა და ევროპას შორის არანაირად არ ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას. ასევე, ეს არ ნიშნავს არც იმას, რომ საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან გამოხსნის ყველანაირი შანსი მოისპო. ამის ნაცვლად, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა ახალი შესაძლებლობები გააჩინოს, რისი წარმატებით გამოყენებაც ინდივიდუალურ აქტორებზე იქნება დამოკიდებული.