რას მოხმარდება მწვანე ობლიგაციებიდან მოზიდული თანხა? - „თეგეტას“ გზა გარემოზე ზრუნვისთვის

რას მოხმარდება მწვანე ობლიგაციებიდან მოზიდული თანხა? - „თეგეტას“ გზა გარემოზე ზრუნვისთვის

4 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. მისი მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკი იყო. როგორც ჰოლდინგში აცხადებენ, ემისიის შედეგად მიღებული თანხა მთლიანად მწვანე ინიციატივებს მოხმარდება.

მწვანე ობლიგაციებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს და სულ 16 წელს ითვლის. მწვანე ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია, რომლის გამოშვების შემთხვევაში ემიტენტი მოზიდულ ინვესტიციას ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის მიმართავს, რომლებიც გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

პირველად 600 მილიონი ევროს ღირებულების მწვანე ობლიგაციები ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 2007 წელს განათავსა, რაც განახლებადი ენერგიების განვითარებას მოხმარდა.

დიდი იყო პაუზა შემდეგ ტრანზაქციამდე – ბაზარზე მწვანე ობლიგაციები მეორედ 2014-ში გამოჩნდა, რის შემდეგაც მწვანე ემისიის ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მწვანე სტატუსის მქონე ობლიგაციების ემიტენტები დღემდე გადამწყვეტ როლს თამაშობენ სხვადასხვა მწვანე ინიციატივის განხორციელებაში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის დაფინანსებაში.

რაც შეეხება საქართველოს გამოცდილებას, ქართული კაპიტალის ბაზარზე, რომელიც განვითარების ეტაპზეა, მწვანე ობლიგაციები პირველად ორი წლის წინ განთავსდა და დღემდე მხოლოდ ოთხი ასეთი ტრანზაქცია განხორციელდა. მწვანე ფასიანი ქაღალდები პირველად საქართველოს რკინიგზამ გამოუშვა უცხოურ ვალუტაში. უფრო მსხვილი იყო კომპანია „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) ტრანზაქცია $80 მილიონის ობლიგაციებით.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ობლიგაციები საქართველოს ეროვნულ ვალუტაში პირველი ემისიაა. ამით კომპანიამ ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციების განთავსების პრეცედენტი შექმნა და ამასთანავე, პირველობა არც ავტოსფეროში დათმო. ობლიგაციების ვადად 2.5 წელი განისაზღვრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ე.წ. მწვანე პროექტები უნდა განახორციელოს.

 „თეგეტას კორპორაციულ კულტურასთან სრულ თანხვედრაშია ის ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც ამ ემისიის ფარგლებში იგეგმება. უკვე წლებია, ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს. ესენია მსუბუქი, სამგზავრო თუ კომერციული ტრანსპორტი ბიზნესოპერაციებისთვის. შესაბამისად, ჩვენს კომპანიას მყარი საფუძველი აქვს, თავის თავზე აიღოს და განახორციელოს ის მწვანე პროექტები, რაც გარემოზე ზრუნვას, დეკარბონიზაციას შეუწყობს ხელს“, – ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხინაშვილი.

„თეგეტას“ მწვანე ემისიას რამდენიმე გამორჩეული და უნიკალური მახასიათებელი აქვს. პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს არის ინვესტორი. ქართული კომპანიის ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის აქტივებმა გასულ წელს $20 მილიარდს გადააჭარბა.

ასეთი მსხვილი ფინანსური მოთამაშის ჩართვა არათუ კომპანიის, არამედ ქვეყნის მიმართ გამოცხადებულ უდიდეს ნდობაზეც მიუთითებს, მით უმეტეს, როცა ემისია ლარში ხორციელდება და საქმეში სავალუტო რყევების რისკიც შემოდის.

„თეგეტა ჯგუფმა“ ბოლო 28 წლის განმავლობაში საკმაოდ მყარი განვითარება აჩვენა. ჩვენ ვიზიარებთ მათ მისწრაფებებს ელექტრიფიცირებული ავტომობილების ბაზრის ზრდისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოების მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რომლებსაც კონკრეტული ვალდებულებები ახლავს, სატრანსპორტო სფეროში დეკარბონიზაციის ხელშემწყობი ფაქტორია. ეს ხდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პარალელურად, რომლებიც სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას გულისხმობს, – აცხადებს ADB-ს ინვესტიციების უფროსი სპეციალისტი, დეივიდ ურბანეხა-ფურელოსი.

ეს ვალდებულებები საქართველომ მაშინ აიღო, როდესაც პარიზის ცნობილ შეთანხმებას შეუერთდა. კლიმატის ცვლილებების სამიტზე ითქვა, რომ საერთო მიზნის (გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2C0-ამდე შეზღუდვა) მიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, ხელისუფლებებთან ერთად, არასამთავრობო და კერძო სექტორების ჩართულობით არის შესაძლებელი.

თუ საკითხს ამ პრიზმიდან შევხედავთ, კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობიან ბიზნესს, მწვანე სტატუსის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და იმ ვალდებულებების განხორციელებას, რომლებსაც კერძო კომპანია, ამ შემთხვევაში „თეგეტა“, მწვანე ემისიის ფარგლებში გეგმავს:

  • მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია.
  • ქვეყნის მასშტაბით დასატენი სადგურების ფართო ქსელის მოწყობა (ჯამში, 70 დასამუხტი სადგური), რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ელექტრო ეკოსისტემა ადეკვატური დასატენი ინფრასტრუქტურით, რაც ელექტრომობილების ფლობას გაამარტივებს და ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ვალდებულებების შესრულებას მწვანე ემისიის მთავარი ინვესტორი, აზიის განვითარების ბანკი გაუწევს მონიტორინგს. პროექტები, ფასიანი ქაღალდების ვადის შესაბამისად, 2.5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„კონკრეტულად ამ ობლიგაციებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება საერთაშორისო კომპანიების დადებითი შეფასების საფუძველზე მოხდა. სწორედ მათი დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ „თეგეტა“ ამ ინიციატივით შეძლებს გარემოსდაცვითი აქტივობების სრულყოფას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. „თეგეტა ჰოლდინგი“ იმ კომპანიების ავანგარდშია, რომლებმაც საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარების მისია საკუთარ თავზე აიღეს და მას წარმატებითაც ართმევენ თავს“, – აცხადებს მანანა ხინაშვილი.

„თეგეტა ჰოლდინგი“ მომავალშიც გეგმავს, მიჰყვეს წლების წინათ არჩეულ გზას და წინასწარ განსაზღვრული, ჯანსაღი და მწვანე მიდგომებით აპირებს, შექმნას უკეთესი და მდგრადი გარემო ცხოვრებისთვის და ამის პარალელურად ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზრისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. S