საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების აზრით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამგვარად ფიქრობს გამოკითხულთა 77%. აქვე აღსანიშნავია, რომ 12% თურქეთს ასახლებს, 9% კი – აშშ-ს. ამის საპირისპიროდ, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 51%, ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს. 32% ასახელებს აშშ-ს, 19% კი აზერბაიჯანს.
IRI-ის კვლევაში მონაწილეთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, 43% ევროკავშირს ასახელებს.
შეკითხვაზე – მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს? – გამოკითხულთა 33% გადაჭრით უარყოფით პასუხს იძლევა, ასევე 33% სრულიად თანახმაა მოლაპარაკებების გამართვის. 24% ნაწილობრივ უჭერს მხარს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, 7% კი ნაწილობრივ უარზეა ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგში ჩაბმის. დარჩენილი 5% შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.
რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ მიიჩნევთ საქართველოში ცხოვრებას? – ამ კითხვაზე დიდი ნაწილი, 34%, პასუხობს “უფრო უსაფრთხო ვიდრე არა”, 31% “უფრო დაუცველად ვიდრე უსაფრთხოდ”, 20% აცხადებს, რომ ძალიან დაცულად გრძნობს თავს, 12% კი – ძალიან დაუცველად.
კვლევაში მონაწილეთათვის დასმული შემდეგი შეკითხვაა, მათი აზრით, დასრულდა თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ? 73% პასუხობს, რომ რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება, 6% მას დასრულებულად მიიჩნევს, 16%-ის აზრით, დასრულდა თუმცა განახლების საფრთხე არსებობს, დანარჩენი კი თავს იკავებს.
მომდევნო შეკითხვები რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მათ შორის, შეკითხვაზე – მხარს უჭერთ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას? – დადებითად 18% პასუხობს. რუსების მიერ საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირების მომხრე გამოკითხულთა 7%-ია. ასევე 7% უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას. ჩამოთვლილთაგან არც ერთის მომხრე არ არის კვლევაში მონაწილეთა 73%.
IRI-მ კვლევის მონაწილეებს ეს შეკითხვაც დაუსვა: ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრება ახასიათებს ყველაზე კარგად თქვენს დამოკიდებულებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსების მიმართ?
- ძალიან მისასალმებელია მათი საქართველოში ჩამოსვლა – 6%
- ჩვენ ვართ ტოლერანტულები მათ მიმართ, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის – 23%
- გვირჩევნია, რომ მათ საქართველო დატოვონ – 23%
- რუსეთის მოქალაქეები არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში მანამ, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს – 42%
- სხვა მოსაზრება – 1%
- არ ვიცი/თავს ვიკავებ – 6%
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.