3 მილიარდამდე სასესხო პორტფელს და 100-ზე მეტი მსხვილი ჰოლდინგის მომსახურებას სოფო ნიორაძე – თიბისის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების მიმართულების ახალი დირექტორი უხელმძღვანელებს.
დეპარტამენტში გაერთიანებული ჰოლდინგური კომპანიები საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ისეთ სექტორებს წარმოადგენენ, როგორიცაა: ტურიზმი, წარმოება, ჰორეკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ავტოინდუსტრია, ჯანდაცვა და სხვა.
სოფო, რომელიც უკვე 14 წელია, თიბისის გუნდის წევრია, Forbes Georgia-ს თავის გეგმებზე, ხედვებსა და კომპანიაში განვლილ გზაზე გვესაუბრა.
რას უნდა ველოდოთ თქვენი ხელმძღვანელობით სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტისგან?
ჩვენი სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების უმრავლესობა მსხვილი ჰოლდინგებია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ერთდროულად სხვადასხვა სექტორში ოპერირებენ.
თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემო ძალიან სწრაფად იცვლება, ვფიქრობ, ჩვენი კლიენტების მასშტაბიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი მოქნილობა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწრაფი გადაწყვეტების შეთავაზებაა, რასაც ჩვენს გუნდში წარმატებით უზრუნველვყოფთ.
თიბისის კორპორაციული ბიზნესების მართვის ნებისმიერი გუნდის საერთო მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას ვაძლიერებთ და ვავითარებთ. სწორედ ეს განაპირობებს იმ წარმატებულ შედეგს, რომ სტაბილურად ვინარჩუნებთ ბიზნესის #1 მხარდამჭერის სტატუსსა და მოწინავე პოზიციას როგორც განხორციელებული პროექტების მოცულობის მხრივ, ასევე კლიენტების რაოდენობით.
30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით აშენებული 56 სასტუმრო; ბაზარზე ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტის ქსელების განვითარება; ქვეყნის მთავარი საწარმოები და ეროვნული წარმოება; კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდები შემოჰყავთ; თიბისის მიერ ქვეყნის მასშტაბით დაფინანსებული 42 ჰიდროელექტროსადგური – ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანეს ამ შედეგებსა და ციფრებზე რომ ვსაუბრობთ, მათ უკან სწორედ თიბისის მხარდაჭერა დგას. როდესაც ამ ყველაფრის მასშტაბსა და მნიშვნელობას ვიაზრებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.
თიბისის ეკოსისტემა უნიკალურია. კლიენტებს მრავალფეროვან სერვისებსა და ინსტრუმენტებს ვთავაზობთ. სწორედ ერთ ჯგუფში გაერთიანებული ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურების შედეგია, რომ თიბისი ქვეყნის ბიზნესის #1 მხარდამჭერია.
როგორ ფიქრობთ, რა საჭიროებების წინაშე დგანან დღეს ბანკის კორპორაციული კლიენტები და როგორ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს თიბისი, როგორც ქვეყანაში ბიზნესის #1 მხარდამჭერი?
ისეთ ჰოლდინგურ კომპანიებს, რომლებიც სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების პორტფელში ერთიანდებიან, თიბისი ჯგუფის სრული მასშტაბითა და შესაძლებლობებით, სისტემურად ვფარავთ. როგორც კომპანიისთვის, ასევე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად ვხედავდეთ სრულ სურათს და, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციები და გადაწყვეტები კომპანიის ჯამურ საჭიროებებს მოვარგოთ. ამ პროცესში არა მხოლოდ ბანკის პროდუქტებსა და სერვისებს ვიყენებთ, როგორიცაა: ფაქტორინგული ოპერაციები, ნაღდი ფულის მართვის სერვისები თუ კლიენტებზე მორგებული სავალუტო რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტები, არამედ – თიბისის ეკოსისტემაში შემავალი კომპანიების პროდუქტებსა და მომსახურებასაც.
ჩვენი მსხვილი კლიენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ მათ არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ, არამედ მათთვის სხვადასხვა მიმართულებით, არაფინანსურ ღირებულებებსაც ვქმნით.
არაფინანსურ მხარდაჭერაში, პირველ რიგში, უნდა გამოვყო თიბისი კაპიტალის პუბლიკაციები და კვლევები. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული რეგულარული მაკროეკონომიკური და სექტორული ანალიზი ბიზნესებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
ასევე თიბისი კაპიტალთან ერთად, რომელიც ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში წამყვანი საინვესტიციო ბანკია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, კომპანიებს სესხის ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობებსაც ვთავაზობთ. როგორც ფინანსური მრჩეველი, გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით, კომპანიების წარმატებას უზრუნველვყოფთ.
არაფინანსური ღირებულების შექმნის მხრივ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო განათლებაც, რომელიც თიბისის უცვლელი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენს მსხვილ კლიენტებთან ერთად, წლის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესსკოლების ჩართულობით, ორგანიზებას ვუწევთ არაერთ საგანმანათლებლო კურსსა თუ შეხვედრას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რასაც ჩვენი და პარტნიორების ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადაჰყავს.
ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრე, საბოლოოდ თანხვდენილია თიბისის მისიასთან – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, და ჩვენი მიმართულების შემთხვევაში, კლიენტებს – ბიზნესპროცესები.
სოფო, თიბისის გუნდს 14 წლის წინ შეუერთდით. როგორ დაიწყო თქვენი და კომპანიის ურთიერთობა?
ჩემს ცხოვრებაში სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც არ მავიწყდება. მათ შორისაა 2009 წლის 7 დეკემბერი – დღე, როდესაც ჩემი და თიბისის ურთიერთობა დაიწყო. თიბისის კორპორაციული ბიზნესის მართვის დეპარტამენტში საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst&Young-იდან, უმცროსი საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე გადმოვინაცვლე. მაშინ ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ვიყავი დეპარტამენტში. მას შემდეგ ბევრ განსხვავებულ პოზიციასა თუ პროექტზე ვიმუშავე. მიზეზი, რის გამოც უკვე 14 წელია, თიბისის გუნდის წევრი ვარ, მუდმივად განსხვავებული გამოცდილებები და ემოციებია, რადგან სხვადასხვა ეტაპზე, გამოწვევების პარალელურად, მუდმივად მქონდა განვითარების შესაძლებლობაც. ეს არის გარემო, სადაც საწყისი პოზიციიდან შეიძლება დაიწყო კარიერული ზრდა და პროცესში ის ცოდნა და გამოცდილება მიიღო, რომელიც შემდეგ უკვე უწყვეტ წინსვლაში დაგეხმარება.
უმცროსი საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან თიბისის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე, 14-წლიანი გზა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
რა არის ის მთავარი გამოცდილება და უნარები, რაც ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე დააგროვეთ და რაც, თქვენი აზრით, ახალ პოზიციაზე ყველაზე მეტად დაგეხმარებათ?
თიბისიში მუშაობამ კომპლექსური პროექტების მართვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. დამოუკიდებლად დამუშავებული და გაცემული პირველი მცირე (30,000-დოლარიანი) სესხის შემდეგ, მალევე მანდეს 130-მილიონიანი სასესხო პორტფელის ანალიტიკა.
ანალიტიკოსობიდან სექტორის უფროსის პოზიციაზე გადავინაცვლე, სადაც რამდენიმე მსხვილი სექტორის 30-მდე ჰოლდინგურ ჯგუფს ვმართავდი, რომელთა სასესხო პორტფელის მოცულობა 1 მილიარდ ლარს აღემატებოდა. იმ პერიოდში, ჩვენს პარტნიორებს დაფინანსების კომპლექსური სტრუქტურირებისა და სერვისების შეთავაზებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში შევუწყვეთ ხელი და ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ.
შემდგომ უკვე სარეაბილიტაციო განყოფილებაში, მენეჯერის პოზიციაზე გადავინაცვლე, სადაც კომპანიებს ფინანსური გამოწვევების დაძლევაში ვეხმარებოდი. ხშირად, კომპანიების დამფუძნებლებთან და მენეჯმენტთან შეხვედრაზე, ერთადერთი ქალი ვიყავი ხოლმე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ყოველდღიურ რეჟიმში, კრიზის-მენეჯმენტის ისეთ საინტერესო თემებში ვიყავი ჩართული, როგორიცაა: ასობით სხვადასხვა კრედიტორთან მოლაპარაკების პროცესი; საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის გზების შემუშავება; ინვესტორის მოძიებაში მხარდაჭერა თუ ფინანსური მართვის გასაძლიერებლად, კომპანიებისთვის CFO-ის შერჩევაში აქტიური მონაწილეობა.
განსაკუთრებით მახარებს ის, რომ კლიენტებთან პარტნიორული მუშაობით, უმეტეს შემთხვევაში შევძელით არა მხოლოდ გადაგვერჩინა არსებული ბიზნესი, არამედ მათთვის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები აღმოგვეჩინა. ორ წელზე მეტი ვიმუშავე ამ მიმართულებით და შედეგად, 200 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის პორტფელი გავაჯანსაღეთ, რომლის უკანაც დღეს ძლიერი ბიზნესები და ამ კომპანიებში დასაქმებული ათასობით ადამიანია.
2020 წელს, თიბისი-მაკენზის კომერციული ტრანსფორმაციის ერთობლივ პროექტში, პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ჩავერთე, რაც სრულიად განსხვავებული და ამასთან, ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. პროექტის ფარგლებში, კორპორაციული ბიზნესისთვის, ანალიტიკისა და კლიენტის მართვის ციფრული პლატფორმა განვავითარეთ.
ახალ პოზიციაზე გადმოსვლამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კორპორაციული, საინვესტიციო საბანკო ბიზნესისა და დაგროვილი კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტრატეგიული CFO-ის პოზიციას ვიკავებდი, სადაც ბევრად უფრო ფართო პერსპექტივით დავინახე, როგორ ოპერირებს ჩვენი საბანკო ბიზნესი. სტრატეგიული CFO-ის როლში, პასუხისმგებელი ვიყავი მთლიანი ბიზნესის მოგებიანობაზე (რაც წლიურად 450 მილიონ ლარს აღემატება), სტრატეგიის განვითარებასა და განხორციელებაზე.
მიმდინარე ეტაპზე ისევ ჩემთვის კარგად ნაცნობ საქმიანობას დავუბრუნდი და სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მართვა ჩავიბარე. გუნდის 40-მდე წევრთან ერთად, 3 მილიარდამდე სასესხო პორტფელის მქონე 100-ზე მეტ მსხვილ ჰოლდინგს ვემსახურები.
დაბოლოს, როგორც ლიდერს, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ პოზიციას წარმატებით გაუძღვეთ და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ?
გაციფრულებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი მჯერა, რომ წარმატებას გუნდი და ადამიანები განაპირობებენ.
ნებისმიერ კომპანიაში წარმატებას ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც საერთო მიზნებისთვის ყოველდღიურად, გუნდურად მუშაობენ. მე კი ძალიან გამიმართლა, რადგან განსაკუთრებული გუნდი მყავს. ისეთ მასშტაბურ საქმეში, რომელსაც ჩვენ ვართ შეჭიდებული, წარმატება ვერასოდეს იქნება ინდივიდუალური. თიბისის ყოველი მსხვილი პროექტისა და თანამშრომლობის უკან დგას გუნდი და ამ გუნდის წევრები, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები და თითოეული კლიენტის გულშემატკივრები არიან. ამიტომ თიბისისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალს სწორედ გუნდის წევრები წარმოადგენენ.
S