რატომ აღარ არის მიწოდების ჯაჭვი მოდური ტენდენცია?

რატომ აღარ არის მიწოდების ჯაჭვი მოდური ტენდენცია?

Benetton-ის მსგავსი მოდის ბრენდები სულ უფრო მეტად შორდებიან გლობალურ მიწოდების ჯაჭვებსა და დაბალდანახარჯიან სამეწარმეო ჰაბს აზიაში. იტალიურ ბრენდ Benetton-ს წარმოება საკუთარ საზღვრებთან უფრო ახლოს გადააქვს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მასიმო რენონის, განცხადებით, კომპანია წარმოებას ზრდის სერბეთში, ხორვატიაში, ტუნისში, თურქეთსა და ეგვიპტეში. აღნიშნული გადაწყვეტილება კი 2022 წლის ბოლოსათვის აზიის ბაზარზე წარმოების განახევრებასთან არის დაკავშირებული.

პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვის იმ სახით ფუნქციონირება, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა, უფრო ხარჯიანი და არაეფექტიანი გახდა. კომპანიებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ როგორც ტრანსპორტირების ხარჯები, ისე დროც, რაც ძირს უთხრის ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ ბიზნესმოდელს.

Benetton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წარმოების პროცესზე უფრო მეტი კონტროლის დამყარება და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტანსაცმლის ბრენდმა წელს უკვე შეამცირა წარმოება 10%-ით ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც ბანგლადეში, ვიეტნამი, ჩინეთი და ინდოეთია.

მასიმო რენონმა დასძინა, რომ თუკი წარსულში კონტეინერით სარგებლობა კომპანიას 1000-1200 აშშ დოლარი უჯდებოდა, ახლა ეს დანახარჯი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე მერყეობს, თანაც ისე, რომ ტრანსპორტირების ზუსტი თარიღი უცნობია. საზღვაო გადაზიდვების ხარჯების ზრდა ამჟამად არსებული გემების სიმცირითაც აიხსნება.

გადაზიდვის პრობლემას კიდევ მრავალი მოდის ბრენდი აწყდება. მაგალითად, Hugo Boss-ც, ზემოთ აღნიშნულის მსგავსად, საკუთარი წარმოების ადგილობრივ ბაზართან უფრო ახლოს გადატანას ცდილობს. Lululemon-მა, Gap-მა და Kohl-მა აღნიშნეს, რომ არდადეგების სეზონზე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, კომპანიები რამდენჯერმე უფრო ხარჯიან, საჰაერო გადაზიდვის სერვისს გამოიყენებენ.

Benetton-ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვიეტნამსა და ბანგლადეშში წარმოების ხარჯები 20%-ით ნაკლები იქნებოდა, ამ ბენეფიტს  ის გრძელვადიანი ლოდინი გადაფარავდა, რაც მიწოდების ჯაჭვის შეფერხებითაა წარმოქმნილი.

აზიიდან პროდუქციის მიწოდების საშუალო დრო ჩვეულებრივ პირობებში 4-დან 5 თვემდე მერყეობს. გემების სიმცირის გათვალისწინებით კი ეს დრო 7-დან 8 თვემდე იზრდება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიის საქმიანობას. ამის საწინააღმდეგოდ კი, მაგალითად, როდესაც პროდუქცია ეგვიპტეში იწარმოება, ტანსაცმლის ევროპულ საწყობებსა და მაღაზიებში ტრანსპორტირება დაახლოებით 2 თვეში ხდება. შესაბამისად, წარმოების უფრო ახლოს გადატანა კომპანიისათვის ბევრად უფრო მოგებიანია.

სტრატეგიები და ბიზნესმოდელები მოდის სამყაროშიც განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ტანსაცმლის ბაზრის ლიდერისა და მოდის პიონერის, Inditex-ის, Zara-ს მფლობელი კომპანიის წარმოების 53% ადგილობრივ ბაზართან ახლო ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო და თურქეთი Zara-ს ტანისამოსის 53%-ის მწარმოებელი ქვეყნები არიან.

შედარებისათვის საინტერესო მაგალითია, რომ Zara-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, H&M-ის წარმოების 70% მთლიანად აზიურ ბაზარზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ამ მიდგომას არაერთი კრიტიკოსი ჰყავს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი ბიზნესმოდელი მოდის ბრენდისათვის არამოგებიანია,  რადგან ამგვარად კომპანია უახლესი კოლექციის მაღაზიებში განთავსებას თვეობით აგვიანებს.

სხვა ბრენდების მიდგომას იზიარებს Hugo Boss-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ გრიდერიც. მისი სურვილია, რომ კომპანიას შეეძლოს საკუთარი პროდუქციის ისეთ ტერიტორიებზე წარმოება, სადაც ისინი სამომავლოდ უნდა გაიყიდოს. ამჟამად Hugo Boss-ს საკუთარი საწარმოო ქარხანა აქვს თურქეთში, ფეხსაცმლის დეტალებს იტალიაში აწარმოებს, კოსტიუმებს კი გერმანიაში, მეცინგენში.

საინტერესოა, რომ პრობლემები არ ეხება მხოლოდ ტრანსპორტირებისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას. ვიეტნამში, კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებამ ბევრი ქარხანა და საწარმო დახურა. რამაც Nike-ის წარმოება, რომელიც საკუთარი ფეხსაცმლების 50%-ს სწორედ ვიეტნამში ქმნის, მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ზოგი ბრენდი აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზას ტრანსპორტირების მეთოდების შეცვლაში ხედავს. როგორც ზემოთ აღინიშნა, Lululemon-მა და Gap-მა გადაწყვიტეს, რომ საჰაერო გადაზიდვის საშუალებები გამოიყენონ. თუმცა საინტერესოა, რომ ერთი კონტეინერის მთელი ოკეანის მიღმა გადატანა საჰაერო გზით მინიმუმ 8-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე გემით ტრანსპორტირება.

გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გეგმავენ მოდის ბრენდები უახლოეს მომავალში წარმოების ადგილმდებარეობის შეცვლას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიამდელ პერიოდში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელფასები დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს იმის საშიშროებაც, რომ იაფი მუშახელის აზიური ბაზრის კონცეფცია წარსულს ჩაჰბარდეს.