2006 წელს ამერიკელმა მილიარდერმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა სიცოცხლის ბოლომდე ქონების სრულად, ქველმოქმედებისთვის შეწირვის გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის $55 მილიარდის ღირებულების აქციები გაიღო – მათ შორის $5.3 მილიარდი გასულ თვეში – და Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მერვედან მეათე პოზიციაზე დაქვეითდა.
შედეგად, ბაფეტი, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მისთვის ყველაზე დაბალ ნიშნულზე აღმოჩნდა. ამჟამად ამერიკელი ინვესტორი $134 მილიარდით რეიტინგის მეცხრე ადგილზეა წარმოდგენილი, მაგრამ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბაფეტი, მსოფლიოს უმსხვილესი ფილანთროპი, Berkshire-ში მისი წილის სრულად შენარჩუნებას გადაწყვეტდა?
ქველმოქმედებისთვის ქონების სრულად გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებისას – 2006 წელს – ბაფეტი კომპანიაში A-კლასის 474,998 აქციას ფლობდა. ამ აქციათა საერთო ღირებულება იმ დროისთვის $43 მილიარდს უდრიდა, თუმცა დღევანდელი მოცემულობით $292 მილიარდს გაუტოლდებოდა. ამას დამატებული $1 მილიარდამდე ღირებულების B-კლასის აქციები და პირადი ინვესტიციები, რაც ბაფეტის ქონებას $293 მილიარდამდე გაზრდიდა.
ამ მოცემულობით, უორენ ბაფეტი დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იქნებოდა – თითქმის $44 მილიარდით უფრო მდიდარი, ვიდრე ამჟამინდელი ნომერ პირველი ილონ მასკი (წმინდა ქონება: $249.8 მილიარდი), $82 მილიარდით მდიდარი, ვიდრე ჯეფ ბეზოსი ($211 მილიარდი) და $97 მილიარდით მდიდარი, ვიდრე მესამე ადგილზე მყოფი ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო ($196 მილიარდი).
თუმცა, ამის ნაცვლად, 2010 წელს ბაფეტმა, ბილ და მელინდა გეიტსებთან თანამშრომლობით Giving Pledge-ის ინიციატივა დააარსა და შეთანხმებაზე ხელმოწერით, უკვე ოფიციალურად, სიცოცხლის ბოლომდე, ან გარდაცვალების შემდეგ, ქონების სულ მცირე 99%-ის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობა დადო. მას შემდეგ ბაფეტი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს გასცემს და შემოწირულებებს ძირითადად ხუთ შერჩეულ ფონდზე ანაწილებს. თუმცა ბაფეტის ქველმოქმედების უმეტესი წილი „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში“ მიდის. გეიტსების ორგანიზაციას ბაფეტმა დღემდე $43 მილიარდი უსახსოვრა.
ყოველწლიურად ბაფეტის ქველმოქმედება მისი შვილებისა და გარდაცვლილი მეუღლის სახელობის ფონდზეც ნაწილდება. „სუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდს“ დღემდე Berkshire-ის $4.8 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გადაეცა, რაც ძირითადად ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით მუშაობას მოხმარდა.
თითქმის ოცწლიანი საქველმოქმედო საქმიანობის შემდეგ, 93 წლის ინვესტორის წილი Berkshire-ში A-კლასის 207,963 აქციამდე შემცირდა, რაც 8 ივლისის მდგომარეობით $128 მილიარდის ღირებულებისაა. საქველმოქმედო მიზნებზე ცოტა ხნის წინ ბაფეტმა კომენტარი The Wall Street Journal-თან გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ქონების დიდი ნაწილი მისი შვილების ფონდებს გადაეცემა – და არა „გეიტსების ფონდს“, როგორც ეს თავდაპირველი გეგმით იყო მოსალოდნელი.